in

მწერალთა სახლმა ვიზუალური ბრენდინგი განაახლა

მწერალთა სახლში შესვლისას, კარზე აუცილებლად შეამჩნევთ ინიციალებს, ქართველი მეწარმისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის მონოგრამას, რაც უკვე მათ ახალ ლოგოს წარმოადგენს.

არაერთი იდეა იყო – არსებული ლოგოს გათანამედროვება, ინიციალების გამოყენება, არქიტექტურული დეტალების ჩართვა, კერამიკისა თუ ქართული დამწერლობის გამოყენება. საბოლოოდ კი ახალი ლოგოსთვის და ინიციალების გამოყენება გადაწყვიტეს. სწორედ დავით სარაჯიშვილის მიერ 1905 წელს აგებული შენობა, თავისი ინიციალებითა და ძველი არქიტექტურით, გახდა რებრენდინგისთვის მთავარი ინსპირაცია. მწერალთა სახლის ვიზუალურ ბრენდინგზე გრაფიკოსმა დიზაინერმა გია ბოხუამ იმუშავა.

„ახალი ლოგოსთვის ბევრი ვერსია განვიხილეთ, მთელი გუნდისთვის ძალიან საინტერესო პროცესი იყო ისეთ დიზაინერთან მუშაობა, როგორიც გია ბოხუაა. საბოლოოდ, დავით სარაჯიშვილის სახელი განმსაზღვრელი აღმოჩნდა. გვინდოდა, რომ ქართული დამწერლობა აუცილებლად ყოფილიყო ლოგოს ნაწილი, შესაბამისად, შორს წასვლა აღარ დაგვჭირდა. თვითონ სარაჯიშვილმა, რომლის სახლის კარი მისი ინიციალებით ხვდება ყველა სტუმარს, გვიკარნახა, თუ რომელ ასო-ნიშანზე გაგვეკეთებინა არჩევანი“ – აცხადებს ნატა ლომოური, მწერალთა სახლის დირექტორი.

დიზაინერი გია ბოხუა კი, უშუალოდ ლოგოს შექმნის პროცესზე გვიყვება: „თავიდან გვინდოდა ბუმბულის კონცეპტის დახვეწა-გათანამედროვება, მაგრამ ვინაიდან ბუმბულს „generic“ ფორმა აქვს, გადავწყვიტეთ სხვა მიმართულებით წავსულიყავით. ვცადეთ „მ“ და „წ“ ასოს მონოგრამა. აქაც გარკვეულ პრობლემებს შევეჩეხეთ. ბოლო ეტაპზე, დავით სარაჯიშვილის მონოგრამამ მოგვცა ახალი სიმბოლოსთვის ინსპირაცია“.

მწერალთა სახლის ლოგოსთან ერთად, ვიზუალური ბრენდინგიც შეიცვალა. ძირითადად, ნაცრისფერი, თეთრი და მუქი ლურჯი ფერებია გამოყენებული. მაჩაბლის 13 ნომერში მდებარე შენობის არქიტექტურიდან კი აქ ბევრ დეტალს შეამჩნევთ. მათ შორისაა აღმოსავლური ოთახის უნიკალური ჭერი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეზე მეტია რაც არსებობს, დიზაინში თანამედროვე მეთოდებით არის ასახული. აქვე იპოვით დეტალებს ჰევილენდ ლიმოჟის ქარხანაში დამზადებული სადილის სერვიზიდან, რომელიც სპეციალურად სარაჯიშვილის ოჯახისთვის შეიქმნა. ამას გარდა, რებრენდინგის ფარგლებში, მწერალთა სახლის ვებგვერდიც განახლდა. www.writershouse.ge ახლა ახალი კონცეფციით არის წარმოდგენილი.


ავტორი: მაკუნა ჯუღელი

თუ ფიქრობთ, რომ კადრების შემცირებამ შეიძლება კომპანია გადაგირჩინოთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით

Mango Power Union ნებისმიერი მოწყობილობის დამუხტვას უზრუნველყოფს