ხელოვნური ინტელექტის პროექტების 95% მარცხით სრულდება. ეს მაჩვენებელი ცნობილია MIT-ის პროექტ NANDA-ს დამსახურებით და დღეს, უამრავი სტრატეგიული შეხვედრა თუ ბიზნეს-პრეზენტაცია სწორედ ამ ფაქტზე საუბრით იწყება. რა თქმა უნდა, გიჩნდებათ კითხვა – როგორ მოხვდნენ იმ 5%-ში, რომელიც წარმატებას აღწევს? დღეს, ორგანიზაციები ჩქარობენ ტექნოლოგიის დანერგვას, მაგრამ მას არ განიხილავენ როგორც ბიზნესის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის ინსტრუმენტს. კომპანიები უბრალოდ ყიდულობენ მბზინავ ახალ სათამაშოს და მას „გუშინდელ“ ბიზნეს-მოდელს უთავსებენ. ისინი AI-ს აღიქვამენ როგორც უბრალო დანამატს და არა როგორც ძლიერ ბერკეტს, რომლითაც შესაძლებელია ღირებულების შექმნის მთელი სისტემის გადაპროექტება.
Kodak-ის ცნობილ ისტორიას ხშირად ასე ჰყვებიან: 1975 წელს კომპანიამ პირველი ციფრული კამერა გამოიგონა, მაგრამ ვერ შეაფასა ტექნოლოგიის ტრანსფორმაციული პოტენციალი და მხოლოდ მოგვიანებით დანერგა იგი, მაშინ როდესაც სხვა, უფრო შორსმჭვრეტელმა კომპანიებმა უკვე დაიპყრეს ეს სივრცე. რეალურად კი, დანერგვა საერთოდ არ ყოფილა პრობლემა – 2005 წლისთვის, Kodak აშშ-ში ციფრული კამერების წამყვანი გამყიდველი და ციფრული ბეჭდვის სერვისების წამყვანი მიმწოდებელი იყო. მიუხედავად ამისა, შვიდი წლის შემდეგ კომპანია გაკოტრდა.
რა მოხდა სინამდვილეში? საქმე ისაა, რომ ფირის ფოტოგრაფია დაფუძნებული იყო სიმცირეზე – გამოსახულებები შრომატევადი და ძვირი იყო წარმოებაში, რის გამოც ფირსა და ბეჭდვას 60-70%-იანი მარჟა ჰქონდა. ციფრულმა ფოტოგრაფიამ ეს სიმცირე აღმოფხვრა. სამყაროში, სადაც ფოტოების რაოდენობა უსაზღვრო გახდა, ხოლო ციფრული კამერები დაბალმარჟიანი აპარატურის ბიზნესად იქცა, ღირებულებამ გადაინაცვლა ფოტოების გადაღებიდან სისტემებზე, რომლებიც ამ ფოტოებს აწესრიგებდა, აზიარებდა და ინახავდა.
Kodak-მა ვერ შეძლო ამ ახალ რეალობასთან ადაპტაცია. მათ ციფრული კამერები განიხილეს როგორც ფირის კამერების უბრალო ჩანაცვლება, რითაც დაანგრიეს ის მაღალშემოსავლიანი მოდელი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში კვებავდა მათ ბიზნესს. უფრო მეტიც, კომპანიამ ვერ მოახერხა ინვესტირება ახალ ღირებულ კომპონენტებში: ფოტოების გაზიარების პლატფორმები, რედაქტირების ინსტრუმენტები, შენახვის სერვისები.
Fujifilm-ის სტრატეგია
საინტერესოა, რომ Kodak-ის კონკურენტმა Fujifilm-მა სრულიად განსხვავებული გზა აირჩია. მათ გააცნობიერეს, რომ ფოტოფირის, როგორც მოგების მთავარი წყაროს, ეპოქა დასრულდა. ამიტომ, კომპანიამ გამოიყენა თავისი ღრმა ექსპერტიზა ქიმიკატებში, გამოსახულებებსა და მასალათმცოდნეობაში და სწრაფად გაფართოვდა ახალ სფეროებში: ანტიოქსიდანტები, რომლებიც ფირის კონსერვაციისთვის ჰქონდათ შემუშავებული, გამოიყენეს კოსმეტიკისა და კანის მოვლის პროდუქტებისთვის; გამოსახულებების დამუშავების ექსპერტიზა მიმართეს სამედიცინო დიაგნოსტიკაში; მასალათმცოდნეობის ცოდნა გამოიყენეს ფარმაცევტული პრეპარატებისა და LCD ეკრანების კომპონენტების შესაქმნელად. პარალელურად, კომპანიამ აგრესიულად შეამცირა დამოკიდებულება ფირის ბიზნესზე.
2012 წლისთვის, როდესაც Kodak გაკოტრდა, Fujifilm-მა წარმატებით გადაახალისა საკუთარი საქმიანობა: კომპანია მოგებიანი იყო და ზრდას განაგრძობდა 25 მილიარდზე მეტი დოლარის შემოსავლით, რომელიც ჯანდაცვის, დოკუმენტაციის გადაწყვეტილებებისა და ელექტრონული მასალების საშუალებით ჰქონდა.
მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა არ უზრუნველყოფს უპირატესობას. მთავარია განისაზღვროს, სად იქმნება ახალი ღირებულება, როგორ გადანაწილდეს განსაკუთრებული შესაძლებლობები ამ ღირებულების მოსაპოვებლად და როგორ მოხდეს ინვესტირება სწორ დამატებით კომპონენტებში.
ფოტოგრაფია გენერაციული AI-ის ეპოქაში
დღეს, გენერაციული AI და მისი მოდელები ისეთივე ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნიან სააქციო ფოტოგრაფიას, როგორსაც ციფრული კამერები უქმნიდნენ ფოტოფირს. ფოტო-პლატფორმების რეაქცია ძირითადად ორი ტიპისაა: ზოგი AI-ს ნერგავს როგორც ინსტრუმენტს, რომელიც საარქივო ფოტოების დათაგვასა და კატეგორიზაციას ეფექტურად ახდენს, სხვები კი ტექნოლოგიას საერთოდ უარყოფენ. ორივე მიდგომა ჯერ კიდევ სიმცირის ძველ ეკონომიკას ეყრდნობა და ვერ აცნობიერებს, რომ ნამდვილი გამოწვევა არა იაფი სინთეზური გამოსახულებებიდან მომდინარე კონკურენციაა, არამედ ის, რომ ეს გამოსახულებები იწვევენ ნდობის, ავტორობისა და უფლებების კოლაფსს – ფაქტორების, რომლებიც კრიტიკულია კონტენტის კომერციული ლიცენზირებისთვის.
Shutterstock-ის შემოქმედებითი მიდგომა
ამ ცვლილების წინაშე მდგარმა Shutterstock-მა არც AI-ის დანერგვა განიხილა უბრალო ინსტრუმენტად და არც მის თავიდან აცილებაზე გაამახვილა ყურადღება. კომპანიამ ფოკუსი გადაიტანა ნდობის, ავტორობისა და უფლებების მართვაზე.
Shutterstock-მა გამოიყენა თავისი ძლიერი მხარეები მეტამონაცემებსა და უფლებების მართვაში, ასევე ურთიერთობები კონტრიბუტორებსა და ბიზნესებთან, რათა შეექმნა სისტემა, რომელიც AI-ის მიერ გენერირებულ კონტენტს საწარმოო გამოყენებისთვის უსაფრთხოს ხდის. შემდეგ მან ააშენა საჭირო დამატებითი კომპონენტები:დაიწყო ლიცენზიის კუთხით პარტნიორობა OpenAI-სთან და NVIDIA-სთან და რაც მთავარია, შექმნა კომპენსაციის მოდელები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამართლიან ანაზღაურებას კონტრიბუტორებისთვის, ასევე, ჩარჩოები, რომლებიც იცავენ მომხმარებლებს საავტორო უფლებების რისკისგან.
ყველა ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაში ნამდვილი უპირატესობა გამოიხატება არა მხოლოდ მაღალი მოგებით ან ახალი ბიზნეს-მიმართულებებით, არამედ ძალაუფლების გადანაწილებით ღირებულების ჯაჭვში. ამის კარგი მაგალითია ამერიკული საცალო ვაჭრობის გიგანტები Walmart და Kmart.
როდესაც 1970-იანი წლების შუა პერიოდში შტრიხკოდის ტექნოლოგია დაინერგა, ორივე კომპანიამ ის ადრე აითვისა, თუმცა სრულიად განსხვავებული შედეგებით. Kmart-მა ტექნოლოგია გამოიყენა მხოლოდ სალაროს რიგების დასაჩქარებლად და ვერ დაინახა, რომ ამას შეეძლო ახალი ორგანიზაციული მოდელის შექმნა.
Walmart-მა კი მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო დამატებით ინფრასტრუქტურაში – სატელიტური კომუნიკაციების ქსელში, მომწოდებლებთან ელექტრონული მონაცემთა გაცვლის სისტემაში და ცენტრალიზებულ ლოგისტიკაში. ამ ახალმა არქიტექტურამ Walmart-ს საშუალება მისცა პროაქტიულად შეევსო მარაგები და ზუსტად განეჭვრიტა მოთხოვნა, რამაც მას მომწოდებლების პრაქტიკის სტანდარტიზაციის ძალა მისცა.
დღეს კომპანიების უმრავლესობას არ აქვს გათავისებული ამ ისტორიების გაკვეთილი – რომ არასწორი მიდგომით, ტექნოლოგიის მხოლოდ დანერგვამ შესაძლოა დააჩქაროს არა წინსვლა, არამედ დაცემა. ყოველი ტექნოლოგიური ცვლილება გავლენას ახდენს ძალაუფლების გადანაწილებაზე, მაგრამ გამარჯვებულები იშვიათად არიან ისინი, ვინც უბრალოდ პირველებმა დანერგეს ინოვაცია. წარმატებას აღწევენ ის კომპანიები, რომლებიც ტექნოლოგიას იყენებენ საკუთარი ბიზნესის არქიტექტურის ხელახლა წარმოსადგენად – როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, როგორ გამოიყენება შესაძლებლობები და როგორ ნაწილდება ღირებულება და კონტროლი ჯაჭვში.
წყარო: HBR










