დეკემბერში სადღესასწაულო წვეულებები განსაკუთრებული სიხშირით ტარდება. ბევრისთვის ეს სასიამოვნო გამოცდილებასთან ასოცირდება, ზოგიერთისთვის კი უბრალო მოსაწყენი ვალდებულებაა. ზოგს კი მეტისმეტად აწუხებს ის ფაქტი, რომ არ იცის, როგორ დაამყაროს კონტაქტი ირგვლივმყოფ ადამიანებთან არაფორმალურ გარემოში. არადა მეწარმეებისთვისაც ძალიან საინტერესოა მსგავსი სიტუაციების გამოყენება, რათა პროფესიული კავშირები გააძლიერონ, გაიცნონ ახალი ადამიანები, სხვა კუთხით წარმოაჩინონ თავი და ა. შ.
უბრალოდ, ამ ყველაფერს სოციალური უნარების შესაბამისი განვითარება სჭირდება. კოვიდპანდემიის შემდეგ კი ცოტათი გავუცხოვდით ასეთი ინტერაქციების მიმართ. თანაც ადამიანების ნაწილი ბუნებრივად მორცხვია, რაც დამატებით ბარიერს ქმნის. ამასთან დაკავშირებით, მეტ აბრაჰამსმა, სტენფორდის ბიზნესსკოლის კომუნიკაციების ლექტორმა, რამდენიმე რჩევა გაუზიარა Business Insider-ს.
1. მიზნად დაისახეთ, თავად იყოთ დაინტერესებული და არა — საინტერესო
შეეცადეთ, წვეულების ატმოსფეროს მოერგოთ და სტრესი ან სიმორცხვე, რომელიც ყველგან თან გდევთ, ცოტა ხნით კუთხეში დატოვოთ. თუკი ამას ისე მარტივად ვერ ახერხებთ, როგორც ჟღერს, უფრო მიღწევად მიზანზე გააკეთოთ აქცენტი — ცადეთ, გარშემომყოფებით დაინტერესდეთ. სხვებზე ფოკუსირება სწორედ ისაა, რასაც მსახიობებს ასწავლიან, რათა ერთგვარი „ეგოიზმის“ ჩარჩოდან გავიდნენ და რეალური კავშირი დაამყარონ სხვებთან.
პატარ ნაბიჯებით თუ წარმოვიდგენთ, ეს დიდი მიზანი ასე გამოიყურება: მოუსმინეთ სხვებს და დასვით კითხვები, გარშემო არსებული საგნები აღნიშნეთ, შეიქმენით საერთო გამოცდილება…
2. თეთრი დროშა
საუბრისგან თავის დაღწევა ყოველთვის უხერხულობასთან ასოცირდება. იმის ნაცვლად, რომ რაღაც ტყუილი მოიმიზეზოთ მოსაუბრისგან გასარიდებლად, აბრაჰამსი გვირჩევს, პირდაპირობა გამოიჩინოთ. „ავტორბოლაში თეთრ დროშას მიმართავენ, საუბარში კი მარტივი სიგნალის გამოყენებაა საჭირო: მინდა, სხვებსაც დაველაპარაკო. შემდეგ კი კვლავ ვისაუბროთ, თუკი დრო გექნება“.
ეს საშუალებას გაძლევთ, გაქცევის გარეშე განერიდოთ პიროვნებას — თან რბილი ტონით ეუბნებით, რათა კონფლიქტი ან უხერხულობა არ წარმოიშვას.
3. განიხილეთ კონტექსტი
არანაირი კომუნიკაციის რჩევა ან სტრატეგია არ მუშაობს ყველა სიტუაციაში. რაზე უნდა ვისაუბროთ და როგორ, განსხვავდება კომპანიისა და დროის მიხედვით. ამიტომაც, აუცილებლად გაითვალისწინეთ კონკრეტული სიტუაცია.
აბრაჰამსი რამდენიმე კითხვასაც გვიზიარებს, რომელიც კონტექსტის განსაზღვრაში დაგვეხმარება:
- რამდენად იცის ადამიანმა იმ თემის შესახებ, რომლის განხილვასაც ვაპირებ?
- რა სავარაუდო დამოკიდებულებები ექნებათ ამ ადამიანებს? ისინი მხარს უჭერენ იმას, რასაც მე ვამბობ? იყოყმანებენ თუ შემეწინააღმდეგებიან?
- ეს არის შესაფერისი დრო ამის გასაგებად? მაქვს საკმარისი დრო სასაუბროდ? დაღლილები ხომ არ არიან?