in ,

მთავარი სიახლეები Apple-ის დეველოპერების კონფერენციიდან

Apple-ის დეველოპერების კონფერენცია – WWDC 2020, COVID-19-ის პირობებში, ონლაინ ჩატარდა. ეს არის პირველი შემთხვევა კონფერენციის არსებობის 31 წლიან ისტორიაში, როცა პრეზენტაცია ამ ფორმით მიმდინარეობდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ღონისძიება მაინც უამრავი სიახლით იყო დატვირთული. მათ ნაწილს ველოდით, ნაწილი კი სიურპრიზი აღმოჩნდა. ქვემოთ წარმოგიდგენთ მნიშვნელოვან სიახლეებს, რომლებიც WWDC 2020-ზე გაჟღერდა.

ოფიციალური დეტალები iOS 14-ის შესახებ
WWDC-ზე Apple-მა პირველად გვაჩვენა iOS 14 – ოპერაციული სისტემის განახლება, რომელსაც iPhone-ები მიმდინარე წელს მიიღებენ. ყველაზე აღსანიშნავი ცვლილება კი მოწყობილობის ეკრანზე ვიჯეტების გამოტანას უკავშირდება. ეს მნიშვნელოვნად ცვლის იმას, თუ როგორ გამოიყურება iOS ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობის ეკრანი. სიახლის, ანუ მთავარ ეკრანზე, აპლიკაციების გვერდით, სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების პროგრამული ვიჯეტების გამოტანის შესაძლებლობით კი თქვენი მთავარი ეკრანი მეტი ინფორმაციის მომცემი გახდება. ეს კი შეიძლება შემდეგნაირად გამოიყურებოდეს:

iOS 14-ს ასევე ექნება App Library – ახალი ფუნქცია, რომელიც ავტომატურად დაახარისხებს აპლიკაციებს, სპეციალური კატეგორიების გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა აპლიკაციაზე წვდომა გამარტივდება, მათი ფუნქციიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტი დრო გადის, ჩვენს სმარტფონებში მით უფრო მეტი აპლიკაცია იყრის თავს. მათ ნაწილს იშვიათად ვიყენებთ და მათი პოვნაც, ხანდახან, რთული პროცესია. App Library ამ პროცესის გამარტივებას ისახავს მიზნად.

კიდევ ერთი ახალი ფუნქცია, რომელიც iOS 14-ში იქნება ინტეგრირებული Picture-in-picture-ია. მისი დახმარებით შეძლებთ დააპატარავოთ და სასურველ კუთხეში განათავსოთ ვიდეო, რომელსაც მთელ ეკრანზე უყურებდით. ეს ფუნქცია, რომელსაც შემოკლებით PiP-ს ეძახიან, უნიკალური არაა, თუმცა Apple მას საკუთარ სახეს სძენს. მისი დახმარებით არ მოგიწევთ ვიდეოს გამორთვა iPhone-ზე, სხვა საქმის პარალელურად შესასრულებლად. მაგალითად, შეტყობინების წასაკითხად.

Memoji-ების კუთხითაც ცვლილებებია. iOS 14-ში შესაძლებლობა გექნებათ მემოჯი მეტი კრიტერიუმის გათვალისწინებით შექმნათ. მაგალითად, ემატება ასაკის, აქსესუარების (მაგალითად, პირბადე) და ა.შ. კატეგორიები.

Apple Maps ველომოყვარულებისა და ელექტრომანქანების მფლობელებზეც მორგებული ხდება
iOS 14-ში განახლებულ Apple Maps-ს შეხვდებით, რომელსაც სხვა ფუნქციებთან ერთად, სპეციფიკური, ველოსიპედის მფლობელებისთვის განკუთვნილი ნავიგაციაც ექნება. მაგალითად, რუკა განახებთ, ველოსიპედით გასავლელ გზაზე სადმე შეგხვდებათ თუ არა დაბრკოლება – კიბეები, რომელზეც ველო ხელით უნდა აიტანოთ, ან სხვა ტიპის წინაღობა, რომელიც ველომარშრუტის დაგეგმვისას, სასურველია, გაითვალისწინოთ. ეს ფუნქცია, დასაწყისისთვის, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში, შანხაისა და ბეიჯინგში ამოქმედდება. სხვა ქალაქები კი iOS 14-ის გამოსვლიდან რამდენიმე თვეში დაემატება.

გარდა ამისა, ახალი Apple Maps აჩვენებს ელექტრომანქანის მძღოლებს, თუ სად შეუძლიათ დამუხტონ მანქანა. (ანუ, რუკაზე მოინიშნება iPhone-ის და ამავდროულად, ელექტრომანქანის მფლობელთან ახლოს არსებული დასამუხტი სადგურები).

CarKey – ფუნქცია, რომლითაც მანქანას გასაღების გარეშე გააღებთ/დაქოქავთ
CarKey-ის დახმარებით შეგეძლებათ მანქანა გასაღების გარეშე, iPhone-ის დახმარებით გააღოთ და დაქოქოთ. ფუნქცია ახალი – iOS 14-ის შემადგენელი ნაწილია და ის ახლო მონაკვეთის კომუნიკაციის ტექნოლოგიას (NFC) იყენებს. პირველი მანქანა, რომელიც CarKey-სთან იქნება თავსებადი BMW 5 Series-ია, რომელიც 2021 წელს გამოვა. უფრო სამომავლოდ კი, სავარაუდოდ, ფუნქციის გამოყენებას სხვა ახალი მოდელის მანქანების მფლობელებიც შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ CarKey-ს გამოყენება iOS 13-ის მომხმარებლებსაც შეეძლებათ.

App Clips – აპლიკაციებით სარგებლობა მათი გადმოწერის გარეშე
კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც Apple-მა WWDC 2020-ზე წარადგინა App Clips-ია, რომელიც Android-ის Instant Apps-საც მოგაგონებთ. App Clips-ის დახმარებით, iPhone-ით სარგებლობისას აღარ მოგიწევთ კონკრეტული აპლიკაციის გადმოწერა იმის სანახავად, თუ რას გთავაზობთ ის. ეს კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც ტელეფონის ზედმეტი აპლიკაციებით დატვირთვა არ უნდა და მით უფრო, მათთვის, ვისაც არ უნდა ფასიანი აპლიკაციის ისე გადმოწერა, რომ არ იცოდეს, ნამდვილად აკმაყოფილებს, თუ არა ის მის საჭიროებას. გარდა ამისა, არსებობს აპლიკაციები, რომლებიც ერთჯერადად გვჭირდება. App Clips-ის დახმარებით, მათი გამოყენება მათი გადმოწერის გარეშე შეგეძლებათ.

ოფიციალური ინფორმაცია iPadOS 14-ის შესახებ
iOS 14-ის მსგავსად, ვიჯეტები iPadOS-ის ახალ ვერსიაშიც შეგვხვდება. გარდა ამისა, iPadOS 14-ში ძიების ახლებური ველი იქნება. ის macOS-ის Spotlight-ს მოგაგონებთ. მისი დახმარებით შეძლებთ როგორც კონტაქტების პოვნას, ასევე, ვებში ძიებას, აპლიკაციების პოვნას და ა.შ.

ხოლო ახალი და მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც iPadOS 14-ში შეგხვდებათ Scribble-ია. მისი და Apple Pencil-ის დახმარებით, შეგიძლიათ iPod-ზე ხელნაწერის სახით ნებისმიერი ტექსტი დაიტანოთ. ფუნქციას შეუძლია ავტომატურად დაადგინოს თქვენ მიერ დაწერილი ინფორმაციის კონტექსტი. მაგალითად, ტელეფონის ნომერი, მისამართი. ამის შემდეგ კი გაჩვენოთ აპლიკაცია, რომელიც, თქვენი ჩანაწერის მიხედვით, გჭირდებათ. ამავე ფუნქციას შეუძლია თქვენი ხელნაწერი სხვადასხვა ენაზე თარგმნოს და ბეჭდურ ტექსტად აქციოს.

AirPod-ები აუდიომოწყობილობებს ავტომატურად დაუკავშირდება
Apple-მა განაახლა პროგრამა, რომელიც AirPod-ების მუშაობასა და სხვა მოწყობილობებთან დაკავშირებას უზრუნველყოფს. ამიერიდან, ახალ AirPod-ებს შეეძლებათ ნებისმიერ აუდიომოწყობილობას ავტომატურად დაუკავშირდნენ. ანუ, იმის არჩევაში დროის დახარჯვა აღარ მოგიწევთ, თუ რომელ ახლომდებარე მოწყობილობას მიუერთოთ ყურსასმენი.

AirPods Pro-თი ხმის სივრცულ ჟღერადობას გამოცდით
Apple-მა, აქსელერომეტრის გამოყენებით, AirPods Pro-ს სივრცითი აუდიოფუნქცია შესძინა. ის აკონტროლებს თქვენი თავის მოძრაობასა და მოწყობილობის ადგილლმდებარეობას, რისი დახმარებითაც მეტად იმერსიულ აუდიო გამოცდილებას გთავაზობთ.

ცეკვის, ძილისა და ხელების დაბანის მონიტორინგი watchOS 7-სგან
watchOS 7-ში, Apple, ცეკვის მოძრაობების მონიტორინგისთვის აქსელერომეტრსა და გიროსკოპს გამოიყენებს, გარდა ამისა, ამ მიზნისთვის თქვენს გულისცემის სიხშირესაც გაზომავს. ხოლო ძილის მონიტორინგისთვის watchOS 7-ში მანქანური დასწავლის ტექნოლოგია და მოძრაობის სენსორებია გამოყენებული.

COVID-19-ის პერიოდში ხელების დაბანა საკმაოდ მნიშვნელოვან ქცევად იქცა. ეს მანამდეც ასე იყო, თუმცა, აქტუალობიდან გამომდინარე, ისევ მანქანური დასწავლის ტექნოლოგიისა და მიკროფონის გამოყენებით, watchOS 7 მიხვდება/მოუსმენს, როდის იბანთ ხელებს და წამზომითაც დაგეხმარებათ (იმისათვის, რომ ხელები საჭირო ხანგრძლივობით დაიბანოთ).

Apple TV-ს Apple Arcade-ისთვის მრავალმომხმარებლიანი ინტერფეისის მხარდაჭერა ექნება
Apple Arcade-ის მომხმარებლებს აქამდე, პროფილებს შორის გადართვისას საკუთარი თამაშის ისტორია/პროგრესი ეკარგებოდათ. განახლების დახმარებით, ეს პრობლემა აღარ იქნება. გარდა ამისა, Apple TV-ს უკვე კონტროლერების – Xbox Elite 2-ისა და Xbox Adaptive მხარდაჭერაც აქვს.

TVOS 14-ის გამოყენებით, Apple TV-ს Picture-in-picture ფუნქცია ექნება
PiP ფუნქციაზე ზემოთაც ვისაუბრეთ და ის TVOS 14-შიც იმ პრინციპით მუშაობს, როგორითაც iOS 14-ში. ფუნქციის დახმარებით მთელ ეკრანზე გაშლილი ვიდეოს დაპატარავება და ერთ კუთხეში მოქცევა, პარალელურად კი სხვა რამეების ყურება/კეთება არის შესაძლებელი, ისე, რომ ვიდეო არ გამოირთოს. ცნობილია, რომ ნებისმიერი ვიდეოაპლიკაცია Apple TV-ში PiP რეჟიმშიც იმუშავებს, რაც ნიშნავს, რომ ერთდროულად, ერთ ტელევიზორში რამდენიმე გამოსახულების/ვიდეოს/ფილმის ყურება იქნება შესაძლებელი.

macOS Big Sur – ახლებური ოპერაციული სისტემა მაკებისთვის, რომელიც iOS-ს ჰგავს
ღონისძიებაზე Apple-მა macOS Big Sur წარადგინა. ოპერაციული სისტემა, რომელიც მაკებისთვისაა განკუთვნილი, ჰგავს iOS-ს. მაგალითად, ვიჯეტების, ჯგუფური ჩატის შექმნის, iMessage მიმოწერის აპინვისა და მემოჯის რედაქტირების შესაძლებლობით.

და ბოლოს – Apple მაკების წარმოებისას საკუთარ ARM პროცესორებზე გადადის
წლების განმავლობაში, მაკის პროცესორების კუთხით, Apple Intel-ზე იყო დამოკიდებული. კონფერენციაზე ოფიციალურად დადასტურდა, რომ კომპანია საკუთარი წარმოების ARM არქიტექტურის პროცესორებზე გადადის. გარდამავალი პერიოდი კი 2 წელს გასტანს. ამის შემდეგ, Apple-ის პროდუქციაში (დესკტოპ კომპიუტერებსა თუ ლეპტოპებში) Intel-ის პროცესორებს ვეღარ შევხვდებით. ეს დიდი ნაბიჯია Apple-ისთვის, როგორც პროგრამულ, ასევე, მოწყობილობების დონეზე.