1
Dec
2016

12.ge – თანამედროვე არტისტების გამოხატვის ახალი სივრცე თიბისი ბანკისგან

1 Dec 2016

თანამედროვე არტისტებს გამოხატვის ახალი, დამატებითი სივრცე ექნებათ. ამ სივრცეს და ახალ პლატფორმას მათ თიბისი ბანკი სთავაზობს. 12 თანამედროვე ქართველი ვიზუალური არტისტის ნამუშევარი თიბისი ბანკის უკონტაქტო სტიკერზე განთავსდება და ამგვარად, ისინი მასშტაბურ აუდიტორიასთან აღმოჩნდებიან. თუმცა, სტიკერი ახალი პლატფორმის და პროექტის მხოლოდ ნაწილია. უკვე ამუშავდა ვებგვერდი www.12.ge, რომელიც ერთად უყრის თავს პროექტის მონაწილე არტისტების ნამუშევრებსა და ინფორმაციას ავტორებსა და მათ ხელოვნებაზე.

პირველ დეკემბერს, პროექტის წარდგენა მასში მონაწილე ხელოვანების ნამუშევრების გამოფენით დაიწყო. სახვითი ხელოვნება, ინსტალაცია, შუქის ხელოვნება, ფოტოგრაფია, გრაფიტი, სტრიტარტი,  გრაფიკა…  გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, ისევე როგორც პროექტ „12“-ის არტისტების შემოქმედება თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მედიუმს აერთიანებს.  გამოფენაზე დამთვალიერებლები პროექტში მონაწილე 12 ავტორის სხვადასხვა ნამუშევარს გაეცნენ.

ნინო ეგაძე„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა არტისტებთან რაიმე სახის კოლაბორაციას ვიწყებთ.  თიბისი ყოველთვის იყო მხრდამჭერი როგორც კულტურის, ისე თანამედროვე არტის… ახალგაზრდა ტალანტები ზუსტად ის სეგმენტია, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება“, – ამბობს თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორი ნინო ეგაძე და ახალი პროექტის მთავარ მისიას და დანიშნულებას გვიხსნის:

„12“ მიზნად თანამედროვე ხელოვანთა პოპულარიზაციას ისახავს.  თიბისი ბანკმა გადაწყვიტა, ამ აქციით ახალგაზრდა თანამედროვე არტისტებს განსხვავებული პლატფორმა შესთავაზოს, რომელიც მათი ნამუშევრების წარმოჩენის და ფართო აუდიტორიასთან მიტანის დამატებითი საშუალება იქნება.

„პროექტი „12“ და მის ფარგლებში გამართული გამოფენა საინტერესოა იმით, რომ თანასწორობას გვთავაზობს, სადაც თავს იყრის სხვადასხვა ასაკის თუ გამოცდილების არტისტი. ასევე კარგია ისიც, რომ დამწყებ მხატვრებსაც ეძლევათ საშუალება შედარებით გამოცდილ და ცნობილ არტისტებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა და წარმოაჩინონ საკუთარი თავი, რაც, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს მათ, უფრო მეტ ადამიანს გააცნონ საკუთარი ნამუშევრები, რომლებიც სამომავლოდ მეტ დაინტერესებას გამოიწვევს“, –  ამბობს თეზი გაბუნია. იგი ერთ-ერთია „12“-ის 12 ხელოვანს შორის.  გამოფენაზე მისი „ყალბი გამოფენიდან“ წარმოდგენილი ერთ-ერთი ნამუშევარი გამოიფინა.

Tეზი

„12“-ში მონაწილეობენ არტისტები: ბესო უზნაძე, თეზი გაბუნია, გიორგი მაღრაძე, ლადო ლომიტაშვილი, მიშიკო სულაკაური, ანასტასია ახვლედიანი, ანკა ბოჭორიშვილი, ლუკა ცეცხლაძე, ნუცა ესებუა, ნანუკა ჩიჩუა, გიორგი ჩხეიძე, გიორგი გაგოშიძე. მათგან რამოდენიმემ ნამუშევარი სპეციალურად პროექტ „12“-ისთვის შექმნა.

გიფი.P12-GIF

არტისტების ნამუშევრები უკონტაქტო სტიკერისთვის რამდენიმე პრინციპით შეირჩა: ერთი მხრივ, ეს კოლექცია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას და მედიების ვარიაციას უყრის თავს. მეორე მხრივ, სპეციალურად შერჩეულია ისეთი  ნამუშევრები, რომლებიც, კონკრეტულ პროდუქტს – ამ შემთხვევაში,  უკონტაქტო სტიკერს – ისე მოერგნენ, რომ მათი ვიზუალური თუ კონცეპტუალური ღირებულების აღქმა არ რთულდება.

გამოფენასა და პროდუქტზე განთავსებასთან ერთად, „12“-ის ერთ-ერთი მთავარი მედიუმი ახალი ვებგვერდია. იგი პროექტში მონაწილე ავტორების ნამუშევრებს, მათზე შექმნილ ვიდეოებს და სხვა საინტერესო ტექსტურ თუ ვიზუალურ მასალებს აერთიანებს. www.12.ge -ზე ხელოვანებს ახალგაზრდა ავტორები წარმოგვიდგენენ, ახალი თაობის ის მიმომხილველები, ვისაც ხელოვნება აინტერესებს.

განხილვა