in

X პირდაპირი ტრანსლაციების წახალისებას იწყებს

უახლოეს კვირებში X-ზე, შესაძლოა, პირდაპირი ტრანსლაციები მნიშვნელოვნად გახშირდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნქცია პლატფორმას აქამდეც ჰქონდა, ის X-ის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად არასდროს მიიჩნეოდა. ახლა კი კომპანია ახალ ინსტრუმენტს, Live Studio-ს უშვებს და, პარალელურად, კონტენტის ავტორებისთვის ფინანსურ წახალისებასაც იწყებს.

X-ის პროდუქტების ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანია 1 მილიონ დოლარს გამოყოფს იმ ავტორების დასაჯილდოებლად, რომლებიც პლატფორმაზე პირდაპირ ეთერებს გამართავენ. ამ ეტაპზე უცნობია, როგორ განაწილდება თანხა, თუმცა დეტალების გამოქვეყნება მოგვიანებით იგეგმება.

რა შესაძლებლობებს სთავაზობს მათ Live Studio

ახალი Live Studio Creator Studio-ში იქნება ინტეგრირებული და ავტორებს პირდაპირი ტრანსლაციის სრულად დაგეგმვის საშუალებას მისცემს. მათ შეეძლებათ:

  • შექმნან ახალი პირდაპირი ეთერი;
  • დაამატონ სათაური და ფოტო (thumbnail);
  • წინასწარ დაგეგმონ ტრანსლაციის დაწყების დრო და თარიღი;
  • განსაზღვრონ, ვის ექნება ეთერის ყურების უფლება.

ტრანსლაცია შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ ვერიფიცირებული მომხმარებლებისთვის, გამომწერებისთვის ან იმ ანგარიშებისთვის, რომლებსაც თავად ავტორი მისდევს. სურვილის შემთხვევაში, ეთერი ყველა მომხმარებლისთვისაც იქნება საჯარო.

პლატფორმა ავტორებს რეალურ დროში ანალიტიკასაც შესთავაზებს, მათ შორის, მაყურებელთა კომენტარებს, ერთდროულად აქტიური მაყურებლების რაოდენობას, მათ ქვეყნებსა და გამოყენებულ მოწყობილობებს.

ფუნქცია მხოლოდ Premium-ის მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი

ამ ეტაპზე X-ზე პირდაპირი ტრანსლაციების დაწყება მხოლოდ იმ მომხმარებლებს შეეძლებათ, რომლებიც თვეში 3-დოლარიანი X Premium-ის გამომწერები არიან.

თუმცა რამდენად გაუმჯობესებულია X-ის ტექნიკური ინფრასტრუქტურა, ჯერ უცნობია. პლატფორმას წარსულში პირდაპირი ტრანსლაციების დროს არაერთი ტექნიკური პრობლემა შეექმნა. 2023 წელს, მაგალითად, რონ დესანტისის საპრეზიდენტო კამპანიის გამოცხადება Spaces-ის ტექნიკური შეფერხებების გამო ჩაიშალა, ხოლო 2024 წელს ილონ მასკისა და დონალდ ტრამპის პირდაპირი აუდიოსაუბარიც სისტემის გათიშვის გამო შეწყდა.

მარკეტინგის ახალი სამიზნე აუდიტორია – საკუთარი თანამშრომლები

რატომ გამოიწვია WhatsApp-ის განახლებამ წინააღმდეგობა მომხმარებლებში