ილონ მასკის X-ით აღფრთოვანება გასული საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს, როდესაც სურდა, PayPal-ისთვის X.com დაერქმია — უბრალოდ, მოგვიანებით კომპანიიდან გააძევეს და მიზანი ბოლომდე ვერ მიიყვანა. არც ისე დიდი ხნის შემდეგ მასკმა დააარსა SpaceX და ასო-ბგერა უბრალო სუფიქსის სახით მოგვევლინა. უკვე 2015 წელს მან გამოუშვა Tesla SUV, სახელად Model X. მისი უმცროსი შვილიც კი არ ყოფილა გამონაკლისი და დაარქვა X Æ A-12 — ან მოკლედ „X“.
ახლა, როდესაც ტვიტერი X-ად რებრენდირდა, სიმბოლო მასობრივი ყურადღების ცენტრში მოექცა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მასკის ობსესია ისტორიისთვის ახალი არ არის, არამედ კალეიდოსკოპურ ჭრილში თუ დავაკვირდებით, X დიდი ხნის განმავლობაში გვევლინებოდა სიმბოლოების ერთ-ერთ მთავარ გმირად — თითქოს, კაცობრიობისთვის ყველაზე მომხიბვლელი ასო-ბგერა გახდა.
ადამიანური განზრახვის ნიშანი
რა ხდის X-ს ასე მრავალმხრივს? პირველ რიგში, ის არ ფიგურირებს პროტო-სინაიტურ ანბანში, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1900-დან 1700 წლამდე შეიქმნა და ყველაზე თანამედროვე ანბანის წინაპრად ითვლება. იოჰანა დრაკერი, ბიბლიოგრაფიული კვლევების პროფესორი UCLA-ში და წიგნის „ანბანის გამოგონება“ ავტორი, განმარტავს, რომ ორიგინალური ანბანი 18 ან მეტ სიმბოლოს ითვლიდა, მაგრამ მათ შორის X არ ყოფილა (არც J, W ან U).
„ვფიქრობ, X განსაკუთრებული საიდუმლო ასოა, რადგან მასზე სხვა სიმბოლიკა არ არის მიბმული, გარდა იმისა, რაც ადამიანებმა გამოძერწეს“, — აღნიშნავს დრაკერი.
გასაკვირი არ არის, რომ X და O ხშირად უპირისპირდება ერთმანეთს. ზოგი ვარაუდობს, რომ X ნიშნავდა „კოცნას“ მას შემდეგ, რაც მე-18 საუკუნის სასულიერო პირმა, სახელად გილბერტ უაიტმა, თავისი წერილი დაასრულა X-ების რიგით… თუმცა მიუხედავად მისი წარმოშობის ისტორიისა, დრაკერი ამბობს, რომ X და O ორი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟი გახდა წარწერების ისტორიაში, რადგან ისინი შედგება ორი ფუნდამენტური ფორმისგან: სწორი ხაზები და სიმრგვალეები.
გარდა ამისა, დრაკერის თქმით, X არის ყველაზე მიზანმიმართული კვალი, რომლის დატოვებაც ადამიანს შეუძლია. ვიდრე რაიმე სტანდარტული დამწერლობის სისტემა შეიქმნებოდა, სხვადასხვაგვარი სახით X გამოქვაბულების ნახატებში მრავლად იყო გამოსახული, ნულთან და ზიგზაგის ხაზთან ერთად. „ის ბუნებრივ ლანდშაფტში მოიაზრება, როგორც ადამიანის მიერ შექმნილი ნიშანი“.
ხოლო ისეთი X, როგორსაც დღეს ყველა ვიცნობთ, პირველად რომაელების თხზულებებში გამოჩნდა, მაგრამ მათ მიერ არ ყოფილა გამოგონილი. სავარაუდოდ, სათავეს ფინიკიელებისგან იღებს. მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ფინიკიური დამწერლობის სისტემა გავრცელდა ხმელთაშუა ზღვაში — მიაღწია ბერძნებამდე, რომაელებმა კი სწორედ ბერძნებისგან მიიღეს. უკვე მე-17 საუკუნეში X ალგებრაშიც გამოჩნდა, როგორც ამოცანის უცნობი ელემენტი. „გამოდის, X არის საიდუმლო და შეუძლია, ნებისმიერი მნიშვნელობა შეითავსოს“, — განმარტავს დრაკერი.
X-ბრენდების თაობა
დღეს X-ის მნიშვნელობა ისეთივე მრავალფეროვანი და მრავალშრიანია, როგორც მისი ისტორია. მაგალითად, ეს არის უარყოფის, აკრძალვის ნიშანი; ასევე, დიდი დატვირთვა შეითავსა გეიმინგ სამყაროში ( X Games, SSX); გამოჩნდა ჰოლივუდში (X ადამიანები, ამერიკის ისტორია X).
1990-იან წლებში X პოპულარულ კულტურაში ძლიერად შევიდა, კუპლენდის X თაობის რომანის წყალობით. ბრენდებიც სწრაფად ადაპტირდნენ ტრენდზე და უკვე 2001-ში Xbox გამოვიდა — ეს პრეფიქსი i-ის კონტრასტულ ალტერნატივას წარმოადგენდა, რომელიც iMac-ის გამოშვების დღიდან დომინირებდა.
The Variable-ის მთავარი კრეატიული ხელმძღვანელის, ჯო პარიშის, თქმით, X-ის მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ ჯერზე, კონტექსტის ცვლილებასთან ერთად, მისი მნიშვნელობა და სიმბოლური დატვირთვაც იცვლება. ასევე, საყურადღებოა გრაფიკული მშვენიერება — იდეალურად დაბალანსებული და სიმეტრიული.
„თუმცა, მრავალი თვალსაზრისით, ტვიტერიდან X-ზე გადასვლა ყველაზე ნაკლებად ინოვაციური ან პროვოკაციული გზაა „ინოვაციური და პროვოკაციული“ შემოთავაზებისთვის, რადგან ასო ხშირად გამოიყენებოდა ამ გზით ათწლეულების განმავლობაში“, — ამბობს ის.