ეს ის თაობაა, რომელმაც თანამედროვე ტექნოლოგიური კულტურა შექმნა. ადამიანები, ვისაც სჯეროდათ, რომ ტექნოლოგია საზოგადოებას უკეთესობისკენ შეცვლიდა და რომლებიც ჯანსაღად აკომპენსირებდნენ თავიანთ მუშაობას მაღალი ხელფასებითა და სხვა სამსახურთან დაკავშირებული უპირატესობებით. მიუხედავად ამისა, ახლა მათი 68% ამბობს, რომ მათთვის სამსახური არ არის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მიზნების მიღწევისას…
Qualtrics-ის კომპანიამ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებზე ჩაატარა კვლევა, რათა გაეგო, რამდენად გრძნობდნენ ისინი თავიანთი კომპანიების მისიასა და ღირებულებებს, შესაბამისად, რამდენად მუშაობდნენ ამის მიხედვით. როგორც აღმოჩნდა, X თაობის (1965-1980) თანამშრომლებმა დაკარგეს მოტივაცია იმ სამუშაოს მიმართ, რომელსაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ასრულებენ.
მიუხედავად იმისა, რომ მილენიალ თანამშრომელთა უმრავლესობა კვლავ მოტივირებულია კომპანიის მისიით, X თაობის დიდ ნაწილზე ამას ვერ ვიტყვით… უფრო კონკრეტულად, ფრაზას: „კომპანიის მისია და ღირებულებები ახლა უფრო მამოტივირებელია, ვიდრე პანდემიამდე“, მილენიალთა 56% დაეთანხმა, ზეტ თაობის — 47%, ხოლო X თაობის მხოლოდ — 38%.
ამავე თაობის წარმომადგენლები, სხვებთან შედარებით, ნაკლებად მიისწრაფვიან დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობისკენ. ხოლო დებულებას: „მუშაობა და ცხოვრებისეული მიზნების მიღწევა ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა“ მილენიალთა 49%, ზეტ თაობის 42% და X თაობის 32% იზიარებდა.
და რატომ შეიცვალა ყველაფერი ასე რადიკალურად? მიზეზად პანდემია და გარემო ფაქტორები სახელდება — დისტანციურად მუშაობა, სამსახურიდან გათავისუფლებების მასიური ტალღა, რომელმაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიას ბოლო პერიოდში შეუტია.
„ინდუსტრია და ეკონომიკა კვლავ იცვლება, ამიტომ ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებმა ხელახლა უნდა განიხილონ თავიანთი ურთიერთობები თანამშრომლებთან. დავუძახოთ ამას შუა ასაკის კრიზისი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, ან ცვლილება, რომელიც პანდემიამ მოიტანა — ნებისმიერ შემთხვევაში აშკარაა, რომ ასაკოვანი, მეტად გამოცდილი თანამშრომლების დამოკიდებულება შეიცვალა“, — აცხადებს ბენჟამინ გრეინჯერი, Qualtrics-ის ფსიქოლოგი.
P.S. Qualtrics-მა კვლევა 2023 წლის ივლისსა და აგვისტოში ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე 1000 თანამშრომელზე ჩაატარა.