ცნობილმა პლატფორმამ Buffer გააანალიზა პოსტები X-სა და Threads-ში, რის საფუძველზეც თავის დაკვირვებას გვიზიარებს. სულ დათვალიერდა 2024 წელს გამოქვეყნებული 10,2 მილიონი პოსტი და გუნდმა შეისწავლა მათი ჩართულობის მაჩვენებლები, ტენდენციები და ძლიერი მხარეები. ამის მიხედვით კი, იგი გვიზიარებს კონტენტის სტრატეგიას.
როგორც ირკვევა, Threads სულ უფრო იხვეჭს პოპულარობას და მომხმარებლის მნიშვნელოვან ჩართულობას იწვევს. თუმცა ჯერჯერობით X მაინც უსწრებს მას და მეტ ადამიანს იზიდავს. შემქმნელებისთვისა და ბრენდებისთვის იმის გაგება, თუ რომელი პლატფორმა იძლევა უკეთეს შედეგებს, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ამ ორი პლატფორმის შემთხვევაში, რომელიც საქართველოს აუდიტორიის მხრიდან ბოლომდე ათვისებული არ არის, ამიტომ ეს სტატია ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს.
Threads პოზიციონირებს როგორც სასაუბრო, საზოგადოებაზე ორიენტირებული პლატფორმა. საერთო ჩართულობის მაჩვენებლით, ის აჭარბებს X-ს. თემატური პოსტების ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი 6.25% იყო, რაც X-თან შედარებით 73,6%-ით უფრო მაღალია. ეს შედეგები აძლიერებს Threads-ის სახელს, როგორც პლატფორმას ბრენდებისა და შემოქმედებისთვის.
გამოცემა ასევე იკვლევს, რას შეეძლო Threads-ის ზრდა გამოეწვია:
- პირველი, ესაა მისი კავშირი მანამდე არსებულ, უკვე პოპულარულ პლატფორმასთან Instagram;
- მეორე ფაქტორია ის, რომ Threads-ში არ არსებობს პასიური მომხმარებელი, დისკუსიებში ყველა მონაწილეობს;
- იმის გამო, რომ სხვებთან შედარებით ახალი არხია, Threads ნაკლებად ხალხმრავალია, რაც აადვილებს პოსტების გამორჩევას;
- მისი 275 მილიონი აქტიური მომხმარებლის ბაზა გვიჩვენებს, რომ Threads იზრდება, მაგრამ რჩება ნაკლებად კონკურენტუნარიანად, ვიდრე უფრო დამკვიდრებული პლატფორმები, როგორიცაა X.
საინტერესოა, რომ 2024 წლის ბოლოს, მიუხედავად შობისა და ახალი წლის დღესასწაულებისა, Threads-ს ჰქონდა სტაბილურად მაღალი ჩართულობის მაჩვენებელი, ვიდრე X-ს.
რაც შეეხება X-ს, ეს არის პლატფორმა, რომელიც ყოველთვის მისდევს ტრენდებს და რეალურ დროში გვაწვდის ამბებს. მისი ალგორითმი წინ სწევს კონტენტს, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე მოვლენებთან ან ტრენდულ დისკუსიებთან, რაც შემქმნელებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ მომენტი. ამიტომ X ჯერჯერობით მაინც რჩება პოპულარულ სოციალურ ქსელად, თუმცა მარკეტერები Threads-ისკენ გადახრას გვირჩევენ და რამდენიმე რჩევასაც გვიზიარებენ:
- განათავსეთ კონტენტი თანმიმდევრულად, რეგულარული გამოქვეყნება ზრდის თქვენს ხილვადობას;
- წაახალისეთ დისკუსიები – ჩართეთ თქვენი აუდიტორია ღია კითხვებით, გამოკითხვებით და დამაფიქრებელი წინადადებებით. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ იკითხოთ „როგორ მიდის თქვენი ორშაბათი?”, დაწერეთ „რას აკეთებთ ყოველ ორშაბათს იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ?”. მსგავსი პოსტები ინტერაქციას გაზრდის;
- არ გამოტოვოთ კომენტარები – კომენტარებზე პასუხის გაცემა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ახალი შინაარსის გამოქვეყნება, ამიტომ ყურადღებით იყავით მათთან;
- გამოიყენეთ ტეგები – პოსტებში ჩაწერეთ ისეთი ტეგები, რომლებსაც კომუნა იყენებს. ისინი დაგეხმარებათ პოსტის კატეგორიზაციაში.
ჯვარედინი პოსტები
მათთვის, ვინც ვერ აკეთებს არჩევანს ამ ორ არხს შორის, კარგი ამბავი გვაქვს – crossposting, სტრატეგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენს შინაარსზე წვდომა და ჩართულობა ორივე პლატფორმის ერთდროულად გამოყენებით. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, ერთი და იგივე თემაზე ორივეგან ერთდროულად დაპოსტოთ, ხოლო თავად პლატფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ოდნავ დაარედაქტიროთ პოსტი. ჯვარედინი პოსტების დადებაში თავად Buffer-ის ვებაპლიკაცია დაგეხმარებათ, თუმცა, თქვენ თუ სხვა გნებავთ, ალტერნატივებიც არსებობს.
Crossposting-ის მეშვეობით, გააფართოებთ წვდომას ყველა პლატფორმაზე, დაზოგავთ დროსა და ძალისხმევას. ეს არის სტრატეგია, რომელმაც ბოლო ხანებში შეცვალა კრეატორების თამაშის წესები. იმის ნაცვლად, რომ ნულიდან ააწყონ პოსტი ყველა პლატფორმაზე, ისინი ერთდროულად უშვებენ მას.