in

ხედეირა – ქართული მოდერნისტული ცირკი – მარი ყალაბეგაშვილი


2021 წლის დასაწყისში კუნსტჰალე თბილისმა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა ონლაინ ვორქშოპი სათაურით: „ახალი სტრატეგიები კრიტიკულ აზროვნებაში და ხელოვნებაზე წერა.” ვორქშოპს უძღვებოდნენ ნიუ-იორკში მცხოვრები ხელოვანი ლევან მინდიაშვილი და ლონდონელი ხელოვნებათმცოდნე და კურატორი ვია სკანგალე.

ორთვიანი კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ ისეთ ბაზისურ კონცეფციებს, როგორიცაა: პოსტიდენტობა, ინტერსექციონალიზმი და დეკოლონიზაცია. ამ პარამეტრების საფუძველზე და დამხმარე ლიტერატურის გამოყენებით, კურსის მონაწილეებმა განიხილეს თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესები, მათი ესსეები, ერთგვარად, ქართული კრიტიკული ენის განახლების და კონცეპტუალური საფუძვლის შექმნის მცდელობაა. ეს მცირე ესსეები ამ მოკლევადიანი ვორქშოპის შედეგია.

პირველ ჯერზე გადავწყვიტეთ, წარმოგიდგინოთ მარი ყალიბეგაშვილის ესსე “ხედეირა – ქართული მოდერნისტული ცირკი”. 


ცირკის კონსტრუქტივისტული გაფორმება, ავტორი ირაკლი გამრეკელი

ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიით დაინტერესებულ პირებს კარგად გვსმენია 1924 წლის 25 მაისს გამოშვებული პირველი ფუტურისტული ჟურნალის შესახებ. მწერალთა და მხატვართა კოლექტივმა სახელწოდებით – H2SO4, გამოსცა ამავე დასახელების პუბლიკაციის მხოლოდ ერთი ნომერი, სადაც ლექსებით, დეკლარაციებით, სტატიებითა თუ ნახატებით, თავი მოიყარა დადაიზმის, კონსტრუქტივიზმისა და ფუტურიზმის პრინციპებმა. ჯგუფის მიზანი გოგირდმჟავას ხსნარით, ანუ ფუტურისტული ხელოვნებით ქართული სახელოვნებო და სალიტერატურო სცენის განწმენდა იყო.

კოლექტივში გაერთიანებული განსხვავებული გამოცდილების მქონე ხელოვანები თვლიდნენ, ქართული ხელოვნება თანადროულობას დაშორებული იყო, ამიტომ საჭიროდ მიიჩნევდნენ მის გარდაქმნას, რათა ძიებების გზები, ტემპი, რიტმი თუ ენერგეტიკა დროსა და საცხოვრებელ გარემოსთან შესაბამისობაში მოსულიყო. ახალი გამოწვევისა და ეპოქის მოთხოვნის საპასუხოდ, ახალგაზრდა მოდერნისტების მეამბოხე წევრებმა ექსპერიმენტალური სააზროვნო მეთოდები – სიტყვის მონტაჟი, სანახაობრიობა (ქუჩაში ან ხეებიდან ლექსების კითხვა), ტექნიკის კულტითა და სარეკლამო ბანერების ვიზუალური თამაში გამოიყენეს. დიდი ამბიციისა და მტკიცების მიუხედავად, რომ სწორედ „H2SO4“ გააქრობდა არასასურველ საგნებს, ბედის ირონიით, კომუნისტურმა ხელისუფლებამ 1928 წელს დაასრულა შედარებითი თავისუფლება, რომელიც საბჭოთა კავშირში სხვადასხვა ლიტერატურული მიმდინარეობის არსებობას ჯერ კიდევ იტანდა, და რა გასაკვირია, ავანგარდისტთა ჯგუფის წევრებიც არ ჩამოიტოვა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მათგანმა სახელოვნებო სფეროში მოღვაწეობა, ახალი რეჟიმის ცენზურასთან თანხვედრით, სიცოცხლის ბოლომდე განაგრძო, სისტემამ ბევრს ციმბირის მატარებელში უკრა თავი. ზოგიც ქარხანაში მუშად მოეწყო, გადასახლდა ან დეპრესიას ემსხვერპლა.

ჩემი ტექსტის მიზანია, გაგაცნოთ რადიკალისტური კოლექტივის ერთ-ერთი წევრის, ცნობილი კინორეჟისორის – ნიკოლოზ შენგელაიას სტატია, რომლითაც საფუძველი ეყრება „ქართული ცირკის“ დაარსების იდეას. „საკვირველება არ არის, რომ ინიციატივას ქართული ცირკის დაარსების კისრულობს H2SO4“, – თითქმის 100 წლის წინ წერს ის მოდერნისტულ ჟურნალში, თუმცა, საინტერესო წამოწყება მომავალში სამწუხაროდ აღარ ხორციელდება. ხაზგასასმელია, აქ ავტორი ცირკს „მისი ბულვარული გაგების უარყოფით“ სრულიად უცხო სისტემად, ხელოვნების ახალ ფორმად განიხილავს.

ნიკოლოზ შენგელაია

ნიკოლოზ შენგელაია ხელოვნებას ცხოვრების ორგანიზატორ სტრუქტურად განმარტავს, საკუთარ სტატიას კი ქართული სახელოვნებო სცენისა და თეატრის კრიტიკით იწყებს. აქ ჩანს, ის განიცდის აუდიტორიის სიმცირესა და კულტურული ღონისძიებების ყოველდღიური ცხოვრებისგან დაშორებულობას. ტექსტის ავტორი წერს, „ცირკი ცოცხლობს – ცხოვრებით“, ამიტომ მასისა და მოქმედი პირის გამაერთიანებელ ქმედით პირობად ახალი ქართული ცირკის დაფუძნებას ასახელებს. მოდერნისტული კოლექტივის წევრებს ახალი წამოწყების სახელწოდებაც კი შერჩეული ჰქონდათ – „ნიოგოლ ჩაჩავას შეხედულებით, ცირკს უნდა დაერქვას „ხედეირა“, რომელიც წარმოშობილი არის სიტყვა სანახაობიდან“.

ქართული ცირკის, როგორც ახალი სახელოვნებო პლატფორმის, მიზანი მასიური მოქმედება, ხოლო მთავარი ხიბლი ქალაქის დინამიკის განყენების გარეშე ასახვაა, ვინაიდან „აქ დაღწეულია საზღვრები შემოქმედებისა და აუდიტორიის ათვისებას შორის“. ავტორის აზრით, ხალხური ხელოვნების ნიმუშები ყველაზე ახლოს სწორედ ცირკთან დგას, ხოლო ხალხის დიდი კოლექტივი ყველაზე მეტად აქ გამოაშკარავდება. ამასთან ერთად, ნიკოლოზ შენგელაია გაუმჯობესებული სცენის სამუშაო უხვ მასალად ქართულ პრიმიტივს (ჯირითი, ხანჯლების თამაში, საზანდარი შაირობა, აკრობატიკა და სხვ.) იყენებს. აქედან ვიგებთ, მას იქამდე ნაცნობ ფორმებთან შედარებით მეტი რესურსი თუ თავისუფლება აქვს, საკუთარ თავში, თუნდაც რადიკალურად განსხვავებული დარგები მოიცვას.

დღევანდელი გადმოსახედიდან ქართულ ცირკზე საუბარი შესაძლოა გასაკვირიც კი იყოს, თუმცა მეოცე საუკუნეში მაყურებლის აღფრთოვანება და მოულოდნელობის შეგრძნება ავანგარდისტებისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. რაც უშუალოდ ცირკს შეეხება, ის იმდენად პოპულარული ყოფილა თბილისში, რომ დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში დროებითი წარმოდგენები მუდმივად იმართებოდა, თუმცა მის სრულუფლებიან დარგად აღიარებამდე, XX საუკუნის 10-20-იან წლებამდე, საზოგადოების ელიტარული თუ კულტურული წევრები ცირკში ღიად სიარულსაც კი ერიდებოდნენ. „აი, რას წერდა 1903 წელს ანტონ ჩეხოვს თავისი არანაკლებ ცნობილი კოლეგა, ალექსანდრ კუპრინი: „ჩვენს განათლებულ დროში სირცხვილია ცირკისადმი სიყვარულის აღიარება, მაგრამ მე ამისათვის მყოფნის გამბედაობა“.“ საკუთარ სტატიაში იმავე აზრს იმეორებს ნიკოლოზ შენგელაია: „აქტიორისთვის ცირკული გამოსვლა სამარცხვინო მოვლენად გადაიქცა. ყოველ შემთხვევაში, ეს განწყობილება არის დღესაც. ეს უნდა მოისპოს“. აღსანიშნავია, მრავალი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის მასშტაბით თბილისის ცირკი ნამდვილად წამყვანი სცენა იყო, მაგრამ, საბოლოოდ, რეჟიმის დაშლით გამოწვეულ კრიზისსა და დროს მანაც ვერ გაუძლო. ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, როცა აქტუალურია დაბალი და მაღალი ხელოვნების გამიჯვნა, ადვილი წარმოსადგენია, რომ H2SO4-ის დადაისტური კოლექტივის განაცხადი, რაც იმ პერიოდის სოციუმში არსებულ ჩარჩოებს მკაფიოდ უპირისპირდება, კულტურული საზოგადოების წრეებისთვის სახეში ხელის გალაწუნებს ტოლფასი იქნებოდა.

„ხედეირა“ ორგანიზატორის მოვალეობას იღებს და სრულად ახალი ნებისყოფისა თუ კოლექტივიზმის შექმნისათვის ილტვის. გერმანული კულტურული მოვლენა, რომელიც შესაძლოა, ქართული ცირკის ახლებურ სისტემას დავუკავშიროთ, აღიწერება XIX საუკუნის ტერმინით – „გეზამტკუნსტვერკ (Gesamtkunstwerk)“. რიჰარდ ვაგნერის მიერ პოპულარიზებული იდეა, რომელიც უხეშად „ხელოვნების მთლიან ნამუშევრად (total work of art)“ ითარგმნება, მეტყველებს ერთ სრულ სახელოვნებო ნიმუშზე, სადაც შემავალი ყოველი ელემენტი მის სრულფასოვან ნაწილად მოისაზრება. აღნიშნული ტერმინი დღემდე აქტიურად გამოიყენება ინსტალაციებისა და მულტიმედია ნამუშევრების დასახასიათებლად, რომლებიც მაყურებლის რამდენიმე გრძნობის ორგანოზე ერთდროულად მოქმედებს.

აშკარად ჩანს, ქართველი მოდერნისტების სურვილი არსებულის გადამღერებაზე მეტი, მშობლიურ ნიადაგზე მდგომი გამოხატვის ორიგინალური ფორმების ძიება, რომ იყო. ქართული ცირკისთვის მათ მიერ შერჩეული უცხოენოვან მაყურებელზე თითქოსდა გათვლილი ეგზოტიკური სახელწოდება – „ხედეირა“, მოცემულ თვითირონიულ თუ მეამბოხე განწყობილებასთან ერთად დღევანდელ სახელოვნებო კონტექსტშიც აქტუალურ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე მსჯელობის მნიშვნელოვან ნიადაგს იძლევა.

ცნობილი ჟურნალის სტატიის წაკითხვა ნიკოლოზ შენგელაიას იდეის დღევანდელობაში ხელახლა დაბადების შესაძლებლობასა და საჭიროებაზე გვაფიქრებს. მით უმეტეს მაშინ, როცა „ხედეირას“ მსგავსი სახელოვნებო ფორმების მიმღებლობა ფართო აუდიტორიას მაშინდელ პერიოდთან შედარებით უფრო მეტად აქვს. დღევანდელი დაკვირვებით, მოდერნისტების ხედვა პოტენციურად შესაძლოა, 1970-იანი წლების იოზეფ ბოისის სოციალური ქანდაკების თეორიასთან (Social Sculpture) ახლოსაც კი მდგარიყო.

მიუხედავად H2SO4-ის დაჯგუფების წევრების მონდომებისა, მათი პროექტის განხორციელების კვალი ახლო ისტორიაში არ ჩნდება. დედაქალაქის ცენტრში მდებარე თბილისური ცირკის დიდებიდან შემონახული ერთადერთი შენობის მსგავსად, ავანგარდისტული ჟურნალი მნახველს არქივის ქექვისკენ უბიძგებს.


გამოყენებული წყაროები:

რეხვიაშვილი. 2020. ცირკია, რა! რადიო თავისუფლება. May 27, 2020. https://www.radiotavisupleba.ge/a/30638326.html. 

რეხვიაშვილი. 2020. თევზი როგორც ჰალსტუხი. რადიო თავისუფლება. May 18, 2020. https://www.radiotavisupleba.ge/a/30619384.html. 

ჯალიაშვილი. 2018. ექსპერიმენტული პოეზიის ანტიესთეტიკა და ეპატაჟი – ჟურნალი: „H2SO4“. Mastsavlebeli.ge. April 20, 2018. http://mastsavlebeli.ge/?p=17733. 

H2SO4 : სალიტერატურო ჟურნალი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ქართველი ფუტურისტ-მწერლების ორგანო. Accessed March 25, 2021. http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/147211. 

ART TERM – SOCIAL SCULPTURE. TATE. Accessed March 25, 2021. https://www.tate.org.uk/art/art-terms/s/social-sculpture. 

Moss, Stephen. 2013. Review of A to Z of Wagner: G Is for Gesamtkunstwerk. The Guardian. April 18, 2013. https://www.theguardian.com/music/musicblog/2013/apr/18/a-z-wagner-gesamtkunstwerk 


H&M-ის 2021 წლის გაზაფხულის კოლექცია მხოლოდ ორგანული და გადამუშავებული ქსოვილებით შეიქმნა 

Microsoft ხელოვნური ინტელექტის კომპანიას 20 მილიარდ დოლარად შეისყიდის!