Xbox ამ თვის დასაწყისში 20 წლის გახდა და გადაწყვიტა, თავისი იუბილე იმ ადამიანების დაფასებით აღენიშნა, ვინც კომპანია აქამდე მოიყვანა. მეტავერსიის გარიჟრაჟთან ერთად, სათამაშო კომპანიამ Xbox-ის ვირტუალური მუზეუმი გახსნა. ეს უკანასკნელი მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, მისი და უშუალოდ საკუთარი წარსული გამოიკვლიონ.
ციფრული რელიკვიების მოყვარულებს ნამდვილად გაახარებთ იმის ცოდნა, რომ ახლა მათ შეუძლიათ, 3D თემატური ოთახები გამოიყენონ. მათი მეშვეობით, Xbox-ის ძველ კონსოლებთან დაკავშირებული ფუნქციების დათვალიერება იქნება შესაძლებელი. თანაც, ისევე, როგორც რეალურ მუზეუმში, მომხმარებლები სხვა პერსონაჟებთან გაიზიარებენ სივრცეს – თუმცა მათთან ურთიერთობა შეუძლებელი იქნება.
გარდა ამისა, ციფრული მუზეუმი, სხვა მიღწევებთან ერთად, იმ სტატისტიკასაც კი აჩვენებს, როდესაც ყველაზე კარგად თამაშობდით. და თუ წლების განმავლობაში გქონდათ Xbox Live ანგარიში, მუზეუმი მთელ სათამაშო ისტორიას გამოავლენს ყველა თაობის კონსოლის ჩანაწერიდან.
Xbox-ის მუზეუმის მოსანახულებლად არ არის საჭირო საწევრო ბარათის ფლობა. ბრაუზერით შესვლა სრულიად უფასოა, თუნდაც ანონიმური ვიზიტორებისთვის. თუმცა Xbox ანგარიში პერსონალიზებულ გამოცდილებას უზრუნველყოფს, გარკვეულწილად, VIP საშვის სახით. ვირტუალური მუზეუმის მოსანახულებლად ეწვიეთ ბმულს.