ჩვენ სოციალური არსებები ვართ და სხვა ადამიანებთან წარმატებული ურთიერთობა მათი ემოციური მდგომარეობის ზუსტ აღქმას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ სახის გამომეტყველება ხშირად გვაუწყებს, რას გრძნობს ადამიანი, ჟურნალ Cognition-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ამაში თურმე სხეულის კონკრეტული ნაწილებიც მონაწილეობს. განსაკუთრებული აქცენტი კი ხელებზე კეთდება.
ემოციების ამოცნობის კვლევა დიდწილად ფოკუსირებულია სახის გამომეტყველებაზე და ვარაუდობს, რომ თვალები და პირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ემოციების გამოვლენაში, როგორიცაა შიში და ბრაზი. თუმცა ძლიერ დადებითი და უარყოფითი ემოციების შემთხვევაში, როგორიცაა სიხარული და მწუხარება, სხეულის სხვა ნაწილების მიერ უფრო მეტად ვლინდება.
ელენ ბლაიტმა, ლონდონის ბირკბეკის კოლეჯიდან, და მისმა კოლეგებმა შეადარეს ადამიანების უნარი, ემოციები მთელ სხეულში და მის ცალკეულ ნაწილებში ამოიცნონ. კვლევის ფარგლებში მათ 100 მონაწილე შეკრიბეს და მსახიობების ასობით სურათი აჩვენეს — თითოეული მათგანი სხვადასხვა ემოციას გამოხატავდა: ბრაზი, შიში, ბედნიერება, სევდა, ზიზღი და გაოცება. ზოგიერთი მათგანი სახის გამომეტყველებაზე ფოკუსირდებოდა, ზოგიერთი კი — მკლავებზე, ხელებზე, თავსა და ტანზე.
როგორც მოსალოდნელი იყო, ემოციების ამოცნობა ყველაზე ზუსტი და ადვილი აღმოჩნდა მთელი სხეულის დაკვირვების შემთხვევაში. თანაც, ეს არ ყოფილა ცნობილი ჟესტების დამსახურება (მაგალითად, შეკრული მუშტი). ასევე, სტატისტიკურმა ანალიზმა დაბნეულობის ზოგიერთი ნიმუში გამოავლინა. მთელი სხეულისა და ცალკეული მკლავების გამოსახულებებზე მონაწილეებმა ყველაზე ზუსტად ამოიცნეს ბედნიერება, შიში, სევდა და ბრაზი, მაგრამ ხშირად ერთმანეთში ურევდნენ ზიზღსა და შიშს. ხოლო თავისა და ხელის გამოსახულებებში ისინი ყველაზე ზუსტად ცნობდნენ სევდას, უბრალოდ სიხარული და გაოცება ხშირად ერეოდათ.
ამგვარად, ემოციების გაშიფვრა შესაძლებელია სხეულის ცალკეული ნაწილებით, ხელები კი განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა მათ გადმოცემაში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პირველი კვლევა, რომელიც ადასტურებს ამას, არსებობს მრავალი წინა კვლევა, რომელიც ხელების მნიშვნელობას აჩვენებს. თითქმის 100 წლის წინ პიონერმა კანადელმა ნეიროქირურგმა უაილდერ პენფილდმა შეადგინა ადამიანის პირველადი სომატოსენსორული და მოტორული ქერქის რუკა, რომლებიც, შესაბამისად, შეხებას ამუშავებს და ნებაყოფლობით მოძრაობას აკონტროლებს. როგორც აღმოჩნდა, თითოეული ამ უბნის ნახევარი ხელებს ეთმობა.
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მკვლევართა ერთმა ჯგუფმა აჩვენა, რომ სომატოსენსორული ქერქის აქტივობის დარღვევა მაგნიტური სტიმულაციის დროს ემოციების ამოცნობას აფერხებს, ხოლო მეორემ დაადგინა ვიზუალური ქერქის ქვერეგიონი, რომელიც შერჩევით რეაგირებს ხელის კომუნიკაციურ პოზებზე.