in

რჩევები ხელნაკეთი ნივთების მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გასაყიდად

ხელმარჯვე ადამიანები ხშირად ქმნიან ლამაზ ნაკეთობებს, რომლებიც უბრალოდ ხელოვნების ნიმუში კი არ არის, არამედ ბიზნესადაც შეიძლება აქციო, გყავდეს მომხმარებლები, რომლებიც მათ შეიძენენ და გამოიყენებენ. ქუჩაშიც, სხვადასხვა ფესტივალზე და ონლაინ სივრცეშიც არაერთ ბრენდს შეხვდებით, რომელიც თავისი, უნიკალური დიზაინით შექმნილ ნივთებს ყიდის და ამ მხრივ საკმაოდ წარმატებულიცაა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ინდუსტრია რთულ გზებს გადის წარმატების მიღწევამდე. უმეტესწილად ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პატარა სტარტაპებით იწყებენ პროდუქციის გაყიდვას, თვითონ არიან შემქმენელებიც, გაყიდვების მენეჯერებიც და სხვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ რაიმე სახის ხელსაწყოები, რაც დაეხმარებათ პროდუქციის მასშტაბირებაში. 

დღეს ტექნოლოგიებმა იმდენად გაამარტივა კომუნიკაციები, რომ საკუთარი პროდუქციის გაყიდვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არის შესაძლებელი. თუმცა, მიუხედავად ამისა, გარკვეული სირთულეები მაინც არსებობს და ხელნაკეთი ნივთების ყველა ბრენდს არ აქვს საშუალება, რომ გასცდეს ქვეყნის ფარგლებს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ რამდენიმე ქართული კომპანიის გამოცდილება, რომელსაც თავისი ხელით შექმნილი პროდუქცია საერთაშიროსო ბაზარზე აქვს გატანილი და უცხოელ კლიენტებთან თანამშრომლობს.

COSMO

თამო აფციაური, Cosmo-ს თანადამფუძნებელი:

კოსმოს ხელნაკეთი პროდუქცია იყიდება როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. საერთაშორისო ბაზარზე  ძირითადი აქცენტი გვაქვს ETSY.COM-ზე, როგორც მსოფლიოში  ყველაზე დიდ ხელნაკეთი აქსესუარების პლატფორმაზე. ამის გარდა, ჩვენი ხელნაკეთი ნივთები წარმოდგენილია გერმანიაში მდებარე ქართულ მაღაზიაში. საერთაშორისო ბაზარზე კოსმომ 2019 წლიდან დაიწყო გაყიდვები. სწორებ ამ დროს მივიღეთ პირველად მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაზე,  APLF ჰონგ კონგი, სადაც ჩვენმა პროდუქციამ დიდი აღიარება მოიპოვა, ჩვენი ჩანთების 2 მოდელი მოხვდა საუკეთესო დიზაინის ჩანთებს შორის. 

შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმების საშუალებით, ასევე სოც ქსელებში facebook და instagram. შეძენის შემდეგ პროდუქციას ვგზავნით ფოსტით და ჩვეულებრივ მიწოდების დრო 2-4 კვირამდეა. Მიწოდების ვადების შესამცირებლად მომხმარებლებს ვთავაზობთ გადამზიდი კომპანიეის მომსახურებას, რომელიც უფრო მაღალბიუჯეტიანია. Ამ შემთხვევაში ადრესატი ნივთს 5 დღის ვადაში იბარებს. 

არის სხვა პლატფორმები,  სადაც შეუძლიათ ქართველ ხელოვანებს დარეგისტრირდნენ და გაყიდონ თავისი პროდუქცია. ასეთებია მაგალითად AMAZON HANDMADE, ARTFIRE, SHOPIFY და სხვა. კარგი საშუალებაა PINTEREST-ის გამოყენება საერთაშორისო გაყიდვების გასაზრდელად”.

Anna J Jachvadze

ანა ჯაჭვაძე, Anna J Jachvadze-ს დამფუძნებელი:

ჩემი ხელით ნაქსოვი ტანსაცმლის და აქსესუარების ბრენდი “Anna J Jachvadze”, ექვს წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზეა, როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული გაყიდვებითა და შეკვეთებით. მზადება და ზრუნვა, რომ საერთაშირისო ბაზარზე გავსულიყავი, ბრენდის დაარსების დღიდან დავიწყე, მაგრამ ამას დრო დასჭირდა. დასაწყისში ნათესავებისა და მეგობრების დახმარებით მქონდა შეკვეთები საზღვარგარეთიდან, მეგობარს აქვს გერმანიაში ხელნაკეთი ნივთების მაღაზია და მისგან ვიღებდი შეკვეთებს, ასევე იტალიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ნათესავების დახმარებით ვახდენდი ჩემი პროდუქციის რეალიზაციას, მაგრამ ეს არ იყო მაშტაბური და სისტემატური, სულ ახლის ძიებაში ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ საიტზე მაქვს ჩემი ბრენდის ინტერნეტ მაღაზია, ახლა მოლაპარაკებას ვაწარმოებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში ქართული ნაწარმის მაღაზიასთან, სადაც სხვა ბრენდებთან ერთად ჩემი ნამუშევრებიც განთავსდება. Etsy არის ამერიკაში რიგით მეოთხე ინტერნეტ პლატფორმა, სადაც იყიდება მხოლოდ ხელნაკეთი ნივთები. ასევე ამაზონზეც და იბეიზეც, მაგრამ ვინაიდან ეთსი არის მხოლოდ ხელნაკეთი ნივთების და აქსესუარების პლატფორმა, გადავწყვიტე ჩემი ინტერნეტ მაღაზიის გახსნა, რისთვისაც დამჭირდა ტრენინგების გავლა, თუ როგორ უნდა გამეხსნა საკუთარი მაღაზია. “etsy”, “amazon” და “ebay”, სამივეს მოთხოვნები და სტანდარტები განსხვავდება, მაგალითად ამაზონი ითხოვს აუცილებლად პროდუქტის თეთრ ფონზე კარგი ხარისხით გადაღებული ფოტოების ატვირთვას. ხოლო ეთსი ითხოვს კარგი ხარისხის ფოტოს, არ არის აუცილებელი თეთრ ფონზე გადაღება. 

ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოდან სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ხორციელდება ბრენდის რეგისტრაცია და მაღაზიის გახსნა ამა თუ იმ უცხოურ საიტზე, რასაც ახლო მომავალში შევძლებთ, ამიტომ “etsy” ზე რეგისტრაცია გავიარე ამერიკიდან, რაშიც ასევე ნათესავი დამეხმარა. უამრავი ნიუანსია კიდევ, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, მაღაზიის გახსნის შემდეგ საჭიროა საერთაშორისო ანგარიშის გახსნა”peyoneer”-ზე, რასაც ქართულ ბარათს მიამაგრებთ და პროდუქტის გაყიდვის შემდეგ განახორციელებთ ფინანსურ ოპერაციებს. 

ასევე, უნდა შეარჩიოთ გადამზიდი კომპანია, რომელსაც ანდობთ თქვენს ამანათს, ამავდროულად ის უნდა იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი. გაყიდვებისთვის ასევე  მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის საფასურში იქნას გადამზიდი კომპანიის თანხაც და პროდუქტი უფასო გზავნილის სტატუსით შეიძინოს მომხმარებელმა, რადგან მყიდველი ძირითადად ამას აქცევს ყურადღებას. 

ბოლოს, ჩემი რჩევა იქნება, თითოეული პროდუქტი შექმნან დიდი სიყვარულითა და მონდომებით, რადგან ამ შემთხვევაში ვიღებთ იდეალურ პროდუქციას, ასევე აუცილებელია პროდუქტის კარგი ხარისხის ფოტოები და ყველაზე მნიშვნელოვანი, სანამ საქართველო შევა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებსაც შეეძლებათ ამა თუ იმ უცხოურ პლატფორმაზე საკუთარი ინტერნეტ მაღაზიის შექმნა, მოგვიწევს სხვა ქვეყნიდან დავარეგისტრიროთ ესა თუ ის ბრენდი და მაღაზია”.

როგორც ვხედავთ, საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა სავსებით რეალურია. ინფორმაციის მოძიება და ციფრული ხელსაწყოები დაგეხმარებათ, რომ წარმატებით გაყიდოთ პროდუქცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მარკეტზე. გაითვალისწინეთ ჩვენი რესპონდენტების რჩევები და უჩვენეთ თქვენი ნაკეთობები მსოფლიოს. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როდის არის ლოგოს რედიზაინის დრო?

Apple Watch-მა ქალის სიცოცხლე იშვიათი, მომაკვდინებელი სიმსივნისგან გადაარჩინა