in

თუ გეშინიათ, რომ ხელოვნური ინტელექტი კონტროლს გასცდება, უბრალოდ გაუთიშეთ მას დენის წყარო! – Spotlight tech 2023

Spotlight Tech ამ პანელური დისკუსიის გარეშე ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა. მისი მოდერატორი, ჯაბა შავიშვილი  Marketer.ge რედაქტორი და Product Owner იყო, ხოლო სპიკერები: პროგრამული ინჟინერი, თემურ ჩიჩუა და AssemblyAI-ის ღრმა სწავლების კვლევის ხელმძღვანელი, ლუკა ჩხეტიანი. 

დისკუსია ტერმინების განმარტებით დაიწყო და საბოლოოდ, გავარკვიეთ, მაინც რა არის ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და მონაცემების დამუშავება, თუმცა ტექნიკურ ტერმინებთან ერთად, რომელიც ჩვეულებრივ მოკვდავთათვის შეიძლება რთული ყოფილიყო, სპიკერებმა ახსნის მარტივი გზებიც შემოგვთავაზეს. მაგალითად:

„მეთოდი, რომლითაც მანქანას ვასწავლით, ბავშვისთვის საგნის სწავლებას ჰგავს. მას უნდა მისცე ცოდნის გარკვეული ბაზა, მიმართულებები, მაგრამ საბოლოო ჯამში ის მაინც თავისუფალია”, – თემურ ჩიჩუა.

„არ დავიწყებ რთულად ახსნას და მარტივ მაგალითს მოვიყვან, თუ როგორ სწავლობს ხელოვნური ინტელექტი ამა თუ იმ საკითხის გარჩევას. დავუშვათ, ფეისბუკს სურს, რომ კლასიფიკაცია გაუკეთოს ამა თუ იმ დასაშვებ ფოტოებს. დეველოპერები აიღებენ რამდენიმე სურათს, ბინალურად დააწერენ, კარგია თუ ცუდი და პროგრამაც იწყებს ამის დასწავლას. 

არსებობს შემთხვევები და ბევრი კვლევა ადასტურებს მათ, რომ როცა პროგრამას წვრთნი რაღაც დავალებაზე, ის ხშირად არღვევს ჩარჩოს და ახალი რაღაცების სწავლას იწყებს”, – ლუკა ჩხეტიანი.

საინტერესო პასუხი მივიღეთ კითხვაზე, სად ცდებიან ალგორითმები?

„ისტორიაში ძალიან ბევრი შეცდომა შეგვიძლია მოვიძიოთ, რომლებიც კომპიუტერმა დაუშვა, მაგრამ მე პირადად მათ ყოველთვის ადამიანებს ვაბრალებ. ნებისმიერი შეცდომა, რომელსაც უშვებს მანქანა, იმის შედეგია, რომ სადღაც რომელიღაც დეველოპერმა გამოტოვა ან ვერ გაითვალისწინა ესა თუ ის ნიუანსი”, – თემურ ჩიჩუა.

„საერთოდ, ადამიანები ტექნოლოგიებს ძალიან კრიტიკულად უდგებიან. მისგან მუდმივად ვითხოვთ, რომ ჩვენზე გაცილებით ჭკვიანი და უკეთესი იყოს, რაც ცოტა კომიკურია, რადგან თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ის ისედაც არის ჩვენზე უკეთესი – ჩვენზე მეტი შეუძლია, ისეთ ამოცანებს ასრულებს მოკლე დროში, რასაც ადამიანი ვერ ასრულებს და სწორედ ამიტომ იქმნება, რომ ადამიანს გაუმარტივოს საქმე”, – ლუკა ჩხეტიანი.

ეპიკურ კითხვაზე – შეუძლია თუ არა მას ადამიანის გარეშე არსებობა, ალბათ ყველაზე საინტერესო პასუხები მივიღეთ, რაც კი აქამდე მოგვისმენია.

„ხელოვნური ინტელექტი როგორც დიდი ძალა, ისე დიდი იარაღია. ისტორიაში ბევრი მაგალითი გვაქვს, რა ცუდი შედეგები გამოიღო იმან, რომ ადამიანი ხელს უშლიდა მეცნიერებას. ადამიანი ცნობისმოყვარე არსებაა, მეცნიერება კი ძალიან კეთილშობილი გზაა ამ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. 

 ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი ადამიანის მიერაა შექმნილი და მას ცალკე არსებობა არც უნდა. თუ მაინცდამაინც გვაინტერესებს, რას იზამს ის, თუ თავისუფალ ნებაზე მივუშვებთ, ალბათ უნდა დაველოდოთ, როდის მოხდება ეს და თუ მოხდება, რადგან როგორც მეორე ადამიანზე ვერ ვიტყვით, რას გააკეთებს ის, თუ აბსოლუტურ თავისუფლებას მისცემ, ისე ვერ ვიტყვით იმავეს მანქანაზე”, – თემურ ჩიჩუა. 

„მე ერთ მარტივ რამეს გეტყვით – თუ გეშინიათ, რომ ხელოვნური ინტელექტი კონტროლს გასცდება, უბრალოდ ადექით და გამორთეთ კომპიუტერი, გაუთიშეთ მას დენის წყარო!”, – ლუკა ჩხეტიანი.

„ტექნოლოგიას ნებისმიერი ბიზნესის რევოლუციონირება შეუძლია” – e team Spotlight Tech 2023-ზე

ვოლვო XC40 Google-ის სპეციალური სისტემით „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში