15
Jan
2020

რობოტები ღეროვანი უჯრედებისგან, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმში გადაადგილება შეუძლიათ

15 Jan 2020

Alta
Alta


ამერიკელმა მეცნიერებმა ვერმონტის უნივერსიტეტიდან შექმნეს მსოფლიოში პირველი „ცოცხალი რობოტები“ და ამისათვის, ბაყაყის ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს. რობოტის ამ სახეობას Xenobot დაარქვეს, რადგან ის აფრიკული ბაყაყის Xenopus laevis-ის უჯრედების გამოყენებით შეიქმნა. ორგანიზმებს უწოდებენ რობოტებს, რადგან მეცნიერებს მათი დაპროგრამება შეუძლიათ. ქსენობოტები მილიმეტრზე პატარები არიან და საკმარისად პატარები იმისათვის, რომ ადამიანის ორგანიზმში იმოგზაურონ…

მათ შეუძლიათ სიარული და ცურვა, ისევე, როგორც კვირების განმავლობაში, საკვების გარეშე გაძლება და ჯგუფური მუშაობა. მეცნიერთა ჯგუფის განცხადებით, ეს არის სიცოცხლის ახალი ფორმა და ის მთლიანად, ცოცხალი უჯრედებისგან შედგება.

ღეროვან უჯრედებს შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის უჯრედებად იქცნენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მკვლევარებმა ისინი ბაყაყის ემბრიონიდან მოიპოვეს და აცადეს მათ ინკუბაცია. ამის შემდეგ, სპეციალურ ალგორითმში მეცნიერებმა მიუთითეს სასურველი ფუნქცია, მაგალითად, ჰორიზონტალური გადაადგილება. სუპერკომპიუტერის ხელოვნურმა ინტელექტმა, მითითებისამებრ, ოპტიმალური მოდელები შექმნა. ეს არის ფორმები, რომლებიც, როგორც ვერმონტის უნივერსიტეტის რელიზში ვკითხულობთ, „ბუნებაში აქამდე არ გვინახავს“.

ქსენობოტი მოზრდილი უკანა „კიდურებით“ და შედარებით მომცრო წინა კიდურებით, ასევე, გულის წითელი კუნთით.

ღეროვანი უჯრედები განვითარებას თვითონ იმპროვიზირებენ. მაგალითად, გარდაიქმნებიან კანის უჯრედებად, ან გულის კუნთის შემადგენელ ნაწილებად. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტიპის რობოტებს თვითგანკურნების უნარიც აქვთ. მაგალითად, მაშინ როცა ერთ-ერთმა მეცნიერმა რობოტი „დაჭრა“, მან სტრუქტურა აღიდგინა და გააგრძელა მოძრაობა..

მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის – ჯოშუა ბონგარდის თქმით, „ეს არ არის ტრადიციული რობოტი, ან რომელიმე ცნობილი სახეობა სამყაროდან. ეს არის არტეფაქტის ახალი კლასი – ცოცხალი და პროგრამირებადი ორგანიზმი“.

ზოგ ქსენობოტს აქვს ხვრელი ცენტრში, რაც შეიძლება გამოიყენონ მედიცინაში, სხვადასხვა ტიპის მედიკამენტის გადატანის ფუნქციით.

ტრადიციული რობოტები, „დროთა განმავლობაში, ფუჭდებიან და სხვა მხრივ, ხდებიან ეკოლოგიისთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო გვერდითი ეფექტების მიზეზები“, – ამის შესახებ მკვლევარები National Academy of Sciences-ის სტატიაში საუბრობენ. როგორც ჩანს, ბიოლოგიური მანქანები – ქსენობოტები ეკომეგობრულები არიან და ადამიანის ჯანმრთელობისთვის არათუ სახიფათო, არამედ, პირიქით.

რაც შეეხბა ქსენობოტების გამოყენების შესაძლო გზებს. მეცნიერები ამბობენ, რომ ისინი შეიძლება გამოიყენონ რადიოაქტიური ნარჩენების გასასუფთავებლად, მიკროპლასტმასების გასაწმენდად ოკეანეებში, სხვადასხვა ტიპის მედიკამენტის ადამიანის სხეულში გადასატანად, ასევე, ჩვენს არტერიებში შესაღწევად და მათი ერთგვარი საცობებისგან გასაწმენდად. როგორც თავში აღვნიშნეთ, ქსენობოტებს საკვების, დამატებითი ნუტრიენტების გარეშე კვირების განმავლობაში შეუძლიათ გაძლება. შესაბამისად, მათ თავისუფლად შეუძლიათ იმოგზაურონ ადამიანის ორგანიზმში, მედიკამენტების გავრცელების მიზნით.

ამ პრაქტიკული გამოყენების მიღმა, ქსენობოტებს შეუძლიათ ბევრი რამ ასწავლონ მეცნიერებს უჯრედის ბიოლოგიის კუთხით. შესაბამისად, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საშუალებების განვითარებისთვის.

აღნიშნული სიახლე დიდი მნიშვნელობისაა რეგენერაციული მედიცინისთვის. მათ შორის, გარკვეული დეფექტების აღმოსაფხვრელად, პოსტოპერაციული რეაბილიტაციისას. მეცნიერთა ნაწილი ამ სიახლის მნიშვნელობას დაბერების საწინააღმდეგო საშუალებების შექმნის კუთხითაც ხედავს…

აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერთა თქმით, ამ მიკრორობოტებს არ შეუძლიათ გამრავლება და თვითგანვითარება. ისინი რამდენიმე კვირას ცოცხლობენ და აქვთ ამ დროის სამყოფი საკვების მარაგი მათსავე ორგანიზმში. მიუხედავად იმისა, რომ სუპერკომპიუტერს, უფრო კონკრეტულად კი, ხელოვნურ ინტელექტს მათ შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის, მეცნიერები საფრთხეებზე საუბრისას უფრო არაკეთილსინდისიერი ბიოლოგის ფაქტორს განიხილავენ, ვიდრე ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც ქსენობოტების შექმნა შეუძლია. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სამომავლოდ, ქსენობოტებს შესაძლოა, სხვადასხვა ფუნქციის ეფექტურად შესასრულებლად, ნერვული სისტემაც ჰქონდეთ, რაც ეთიკურ დილემებს წარმოშობს, თუმცა, ამ საკითხებზე საუბარი, შესაძლოა, ჯერ ნაადრევიც იყოს.

განხილვა