in

საიდან იწყება Xerox-ის ისტორია

სწორედ ამ კომპანიის გამოა, ასლის გადაღებას „გადაქსეროქსებას“ რომ ვუწოდებთ ხოლმე. დიახ, სანამ დილის ყავას შეექცევით, ჩვენ Xerox-ის ამბავს მოგიყვებით. კომპანიის ისტორია 1906 წლიდან იღებს სათავეს. ეს იყო ფოტოქაღალდის მცირე ბიზნესი ნიუ-იორკის შტატის ქალაქ როჩესტერში.

იმ დროისთვის, მას The Haloid Company ერქვა. შემდეგ, კომპანია როჩესტერელმა ბიზნესმენმა გილბერტ ე. მოშერმა, სულ რაღაც, $50,000-ად შეიძინა. როდესაც კომპანიის პრეზიდენტი გახდა, მოშერმა ყოველდღიური საქმეები მის დამფუძნებლებს დაუტოვა. მისი საქმე კი ის იყო, რომ ორგანიზაციაში სიახლეები შეეტანა და რენტაბელობა შეენარჩუნებინა. ეს კი, მშვენივრად გამოსდიოდა. კომპანიის გაფართოებასთან ერთად, გაიხსნა ოფისები ნიუ-იორკში, ბოსტონსა და ჩიკაგოში.

საბაზრო წილის გასაუმჯობესებლად, კომპანიამ პროდუქციის გაუმჯობესება გადაწყვიტა. რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ, 1933 წელს, Haloid-მა შეძლო და გამოუშვა ახალი სახის ქაღალდი, რამაც დიდი წარმატება მოუტანა. ქაღალდის „რევოლუცია“ სირთულეების წინაშე მდგარ კომპანიას დაეხმარა თავიდან აეცილებინა დეფოლტი, დიდი დეპრესიის პირობებში.

1934 წელს, კომპანიის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის შვილმა, ჯოზეფ რ. უილსონმა გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა შვილობილი კომპანია Rectigraph Company. Rectigraph-ის ფუნქცია იყო ეწარმოებინა ასლის გადამღები მანქანები. მისი დამკვეთი კი Haloid იქნებოდა. 1936 წელს, Haloid-მა მანქანების კომპანიებზე გაყიდვა დაიწყო. ამრიგად, ის კორპორაციული გარემოსთვის მნიშვნელოვან ნაწილად აქცია.

კომპანიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც სამხედრო სფერო ასე საჭიროებდა მაღალი ხარისხის ფოტოქაღალდს, დაზვერვისთვის. ეს გარემოება Haloid-ს, მე-20 საუკუნის შუა წლებში, სწრაფ განვითარებაში დაეხმარა.

Rectigraph-ის მომდევნო პროდუქტი Xerox აღმოჩნდა. ეს იყო ასლის გადამღები პირველი მანქანა, რომელის ქსეროგრაფიის ტექნოლოგიას იყენებდა. მართალია, პირველი ნიმუშები გამართულად ვერ მუშაობდა, ხოლო ფინანსური ინდუსტრია არასერიოზულად უყურებდა, თუმცა კომპანიას ამ პროდუქტის სჯეროდა და არ შეწყვიტა მის განვითარებაზე ზრუნვა. ეს რწმენა რომ არა, ვინ იცის, დღეს სიტყვა „გადაქსეროქსების“ ნაცვლად, რას ვიტყოდით…

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

რა ვიხილეთ Apple-ის დღევანდელ ღონისძიებაზე?

პიანისტი ლვოვის რკინიგზის სადგურზე “What a Wonderful World”-ის მელოდიას უკრავს