in ,

ხინკლის დაბადების დღე! – ახალი დღესასწაულის დაბადება

ქართულ ტრადიციებს ხინკლის დაბადების დღე მიემატა. ახალი დღესასწაულის დაბადების იდეა ლივინგსტონელ გიორგი ავალიანს, ნიკოლოზ კუმბარსა და გოგა ჩინჩალაძეს მოუვიდათ და აგერ უკვე მეორე წელია, 10 ოქტომბერს ხინკლის იუბილე 1010 ხინკლის განადგურებით აღინიშნება. დაბადების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი სახალისო კამპანიის ფარგლებში, ხინკლისმოყვარულები ერთმანეთს ასე ესალმებიან “ხინკალი კაი არი” და ამგვარად, ერთმანეთს ამ უგემრიელესი კერძის ფასეულობას ახსენებენ. ხინკლის იუბილესთან დაკავშირებით, შეიქმნა სახალისო საიტიც. დღეობა ამ საღამოს (10 ოქტომბერს), 20:00 სთ-ზე დაიწყება რესტორანში “ვეფხი და მოყმე”, მანამდე კი ღონისძიების წარმოშობის შესახებ გიამბობთ, რაზეც გიორგი ავალიანს ვესაუბრეთ.

BOG
BOG

 

M: რატომ გადაწყვიტეთ, რომ ხინკალს დაბადების დღე უნდა ჰქონოდა?

ძალიან ბევრი უთანხმოებაა, ბევრ რამეზე ვერ ვპოულობთ ხოლმე საერთო აზრს, არის დიდი სტრესი, დაძაბულობა. ყველაზე კარგი სიმბოლო იმისა, რასაც ყველა ეთანხმება, აი, ნებისმიერი ადამიანი, ქუჩაში რომ გავაჩეროთ და ვუთხრათ, რომ “ხინკალი კაი არი”, დაგვეთანხმება. შესაბამისად, ხინკალი არის ჩვენი ერთიანობის ამოსავალი წერტილი.

ხინკლის დაბადების დღე პირველად შარშან გადავიხადეთ და 1010-ზე მეტი ხინკალი გავანადგურეთ. საიდუმლოს გაგიმხელთ, სოკოსა და ყველის ხინკალიც იყო წარმოდგენილი სუფრაზე.

M: ხინკლის დაბადების დღე ჭაჭა “ბოდიშის” საკომუნიკაციო კამპანიაა? ვინ არის კამპანიის ინიციატორი?

მგონი, ეს დღესასწაული უფრო მეტია, ვიდრე ჭაჭა “ბოდიშის” კამპანია. ესაა კიდევ ერთი საშუალება, შევახსენოთ ადამიანებს, რომ “ხინკალი კაი არი”. “ბოდიში” კიდევ ამ ყველაფერს მხარს უჭერს იმიტომ, რომ ხინკალს ჭაჭა უხდება. თუმცა, არაა რეკომენდებული, რომ ჭაჭა ბევრი დავლიოთ. რაც შეეხება კამპანიას, მისი ინიციატორია ყველა, ვინც შემოგვიერთდება. არაოფიციალური სპონსორია ჭაჭა “ბოდიში”, ხოლო მედია გაშუქებაზე ინტერნეტ გადაცემა “შეტევა” ზრუნავს.

M: რით განსხვავდება წლევანდელი დაბადების დღე შარშანდელისგან?

წელს უფრო მეტი “ბოდიში” იქნება ამ წვეულებაზე და ლოკაციაც განსხვავებულია. რესტორან “ვეფხი და მოყმეში” აღვნიშნავთ წლევანდელ დაბადების დღეს, თანაც, თემატურიცაა, ჩვენს ლოგოზე არის აღბეჭდილი, როგორ ებრძვის მოყმე ხინკალს. ტრადიციები არის საუკეთესო სიახლე, რაც აღმოვაჩინე წელს და ძალიან საინტერესოა ბევრი ადამიანის გაერთიანება (ბევრის რა, 60 ადამიანის) ერთი სახალისო მიზნის გარშემო. ცუდი ისაა, კაცი რომ ცოლს სცემს და ესაა უწყინარი სისულელე, წელიწადში ერთხელ ასე რომ მივესალმოთ ერთმანეთს “ხინაკლიკაიარი”, არავის არაფერი დაუშავდებოდა, ერთი დღე ნაკლებად ჯოჯოხეთური იქნებოდა.

M: საიტის Xinkalikaiari.com დანიშნულება რა არის? 

ხინკლის პროპაგანდა. საიტი მიხეილ ცანკაშვილმა და გოგა ჩინჩალაძემ შექმნეს არაფრიდან, რომ ინტერნეტში თავისი პატარა ადგილი ჰქონდეს ამ ლამაზ მოძრაობას. ჯერჯერობით, ეს ფუნქცია აქვს საიტს და მომავალში ვნახოთ, რა დატვირთვას შეიძენს ხინკლის თაყვანისცემა.

M: თქვენი ანგარიშით, რამდენი წლის გახდა ხინკალი?

ვახ, ძალიან კარგი კითხვაა! მე მგონია, რომ ღვინოზე ძველია ხინკალი, ალბათ, 26 საუკუნეც კი. ეს ექსპერტებმა უნდა უნდა იანგარიშონ ალბათ, თუმცა, ჩემი ვარაუდით, ხინკალი ოდითგანვე არსებობს საქართველოში. ~

ისე, ერთი თხოვნა გვაქვს მკითხველებთან: თუ შეიძლება, კუჭი არა – ჭიპი. კუჭი არის, მგონი, სულ სხვა რამ. ან უნდა იყოს ჭიპი, ან წერტილი. დღეს ვიწყებთ “ვეფხი და მოყმეში” 8-ზე, მოდით და დარწმუნდით, რომ “ხინკალიკაიარი”!

ურთიერთობების მნიშვნელობა და ერთი ჭიქა ყავა, რომელიც მათ შენარჩუნებაში გვეხმარება – Nescafe

ვირტუალური კომფორტი თვითმფრინავში ეკონომ ბილეთების მქონე მგზავრებისთვის – KLM-ის უჩვეულო იდეა