in , ,

Liquidink – ძველისა და ახლის სინთეზით შექმნილი ხის სავარძლების ქართული სტარტაპი

Startauperi
Startauperi

Liquidink ახალი ქართული ბრენდია, რომელიც ერთი თვის წინ დაფუძნდა და ხის სავარძლებს აწარმოებს. ბიზნესის წამოწყების იდეა ორ მეგობარს, პიტო სეთურიძესა და ლიზა ტიმჩენკოს ეკუთვნით. პროფესიით არქიტექტორი პიტო და ინტერიერის დიზაინერი ლიზა ჯერჯერობით წარმოების გაფართოებას არ ჩქარობენ და ვიწრო პროფილით მუშაობას აგრძელებენ. როგორ წამოიწყეს საქმე და რა ახალ პროდუქტს სთავაზობენ ქართველ მომხმარებელს, ამის შესახებ პიტო სეთურიძემ მარკეტერთან ისაუბრა.

M: მოგვიყევით თქვენი სტარტაპის შესახებ, რას წარმოადგენს Liquidink?

უკვე რამდენიმე წელია, რაც მე და ლიზამ დაზუსტებით ვიცით, რომ ჩვენი პროფესია და სამომავლო ბიზნეს გეგმები ერთად უნდა განვახორციელოთ. ახლა სწორედ ის ეტაპია, როდესაც გამოცდილების დაგროვება დავიწყეთ. სწორედ ამიტომ, არ ვჩქარობთ და თავიდანვე არ შევეჭიდეთ სხვადასხვა ტიპის ავეჯს. დავიწყეთ სავარძლებით და ამ ეტაპზე ძირითადად ვმუშაობთ ხეზე, რომელიც, ვფიქრობთ, საკმაოდ საინტერესო მასალაა ავეჯის წარმოებისთვის. 1 თვეა რაც დავაარსეთ Liquidink, ამიტომ ცოტა რთულია განვსაზღვროთ სტილი, ან კონკრეტული მასალა. ყველა საგანთან, ფერთან, ტექსტურასთან მუშაობა საინტერესოა. დროთა განმავლობაში ვეცდებით უფრო განსხვავებული და მრავალფეროვანი პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს.

M: როგორ გაჩნდა ამ ბიზნესის წამოწყების იდეა და როგორ შეურჩიეთ სახელი?

ძალიან დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ერთად ვსწავლობდით სამხატვრო აკადემიაში. ერთად გავიარეთ ხატვის მოსამზადებელი კურსი, გამოცდაც და ბევრი შემოდგომი ეტაპი. შესაბამისად, ჩვენი იდეები და გეგმები ხშირად ემთხვეოდა ერთმანეთს. ვფიქრობ, ამან მიგვიყვანა იმ იდეამდე, რომ ერთად დაგვეწყო პროდუქტის დიზაინი.

რაც შეეხება სახელს: Liquid ანუ სითხე, – მისგან დედამიწისა და ადამიანის უმეტესი ნაწილი შედგება, შესაბამისად, მნიშვნელოვანი და საინტერესო ნივთიერებაა; ხოლო ink, ანუ საღებავი და ფერი სწორედ ის არის, რაც უდიდეს ემოციას და აურას გადმოსცემს.

M: მოგვიყევით თქვენს შესახებ, რას საქმიანობთ და რა გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში?

მე პროფესიით არქიტექტორი ვარ. 2015 წ.-ს დავამთავრე სამხატვრო აკადემიის ბაკალავრიატი. ამ 4 წლის განმავლობაში ფართო კუთხით დავინახე არქიტექტურის, საგნებისა და ბუნების ურთიერთკავშირი. საკუთარ თავს უფრო პროდუქტის დიზაინში ვხედავ და შესაბამისი მიმართულებით ვაპირებ სწავლის გაგარძელებას. ჩემთვის ძალიან საინტერესოა სხვადასხვა პროფილის მორგება და სხვადასხვა პროფესიის დაუფლება, რაც წინსვლაში მეხმარება, პირველი 6 თვიანი არქიტექტურული გამოცდილება კომპანია D mark-ში მივიღე, შემდეგ მრავალი საფეხური და პროფესია იყო. ახლა კი, ტატუ არტისტის სტატუსი მოვირგე, რაც წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის.

ლიზა ტიმჩენკო პროფესიით ინტერიერის დიზაინერია. სამხატვრო აკადემიის დამთავრების მერე პირველი გამოცდილება კომპანია Rooms- ში მიიღო, შემდეგ კი, კომპანია Object-ში. ამ ეტაპზე მუშაობს კერძო შეკვეთაზე სახლის ინტერიერის დიზაინის მხრივ.

M: ით არის განსხვავებული თქვენი პროდუქტი და რა გამოგარჩევთ კონკურენტებიგან?

ამაზე საუბარი რთულია, რადგან ჯერ ძიების პროცესში ვართ, ყველაფერს ვეცნობით და მასალებს ვაკვირდებით. მუშაობა თანდათან უფრო საინტერესო ხდება და ბევრი ახალი იდეა ჩნდება, ორივეს მოგვწონს ძველის და ახლის სინთეზი. გვინდა, მაქსიმალურად თავისუფლები ვიყოთ ჩვენი თავის გამოხატვაში. არ ვთვლით, რომ ვინმე შეიძლება იყოს ჩვენი კონკურენტი, რადგან ჩვენ ჩვენეული ხედვა გვაქვს, მათ – თავისი. ზუსტად ამიტომაა საინტერესო ეს პროფესია, რომ არავინ გზღუდავს და არავის „ეკონკურენტები“.

M: რა სამომალო გეგმები და მოლოდინები გაქვთ?

პირველ რიგში, გვინდა, ჩვენი ბრენდი საქართველოში და არა მარტო, ცნობილი და მოთხოვნადი პროდუქტი გახდეს. ამასთან ერთად, სამომავლოდ ვგეგმავთ ერთად გავაგრძელოთ სწავლა საზღვარგარეთ, რათა უფრო თამამი სიტყვა ვთქვათ ინდუსტრიაში.

YSL-ის ახალი სუნამო და კოსმეტიკა ერთ რეკლამაში

მამაკაცი, რომელმაც ავტომობილი განასახიერა – Lexus–ის ენერგიული ვიდეორგოლი