Cadbury 1824 წლიდან არსებობს და ამჟამად სიდიდით მეორე საკონდიტრო კომპანიაა მსოფლიოში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მან ბევრი კარგი მოგონება დაუგროვა მომხმარებლებს, ეს ემოციური კავშირი კი ბრენდის ბოლო კამპანიამ გაამძაფრა. კამპანიაზე კინოკომპოზიტორმა გაი ფარლიმ იმუშავა, რომელმაც, რა თქმა უნდა, ძირითად ნიუანსად აუდიო გამოიყენა…
ფარლის კარიერა მრავალ წლებსა და ჟანრებს მოიცავს, საორკესტრო მუსიკიდან მსოფლიო მუსიკამდე და თანამედროვე ხმის დიზაინამდე. სწორედ მან შექმნა Cadbury-ის ახალი მუსიკალური ლოგო. „დიდი გამოწვევა იყო მუსიკალური მელოდიის დაწერა, რომელიც Cadbury-ს ემოციებს მოიცავს და ასახავს. ორმა სიტყვამ კი ნამდვილად გააღვიძა ჩემი ფანტაზია… ღამით, ძილში ჩამესმა სიტყვები „სახლში დაბრუნება“ და მივხვდი, რომ ეს უნდა გამომეყენებინა“.
დილით კი თავის სტუდიაში ჩავიდა და უნიკალურ 1895 წლის Steinway ფორტეპიანოზე დაიწყო მელოდიის აწყობა. „ვიჯექი და რამდენიმე სხვადასხვა ნოტი ვცადე. მერე ცოტა იმპროვიზაციას მივმართე — ხუთი ნოტი, სამი ნოტი, ოთხი ნოტი, ექვსი ნოტი. მთელი ეს პროცესი რაღაცით Mad Man-ის სიტყვით გამოსვლის სცენას ჰგავდა“. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ანტიკვარული ფორტეპიანო Cadbury-ისთან ასოცირებული მელოდია უნდა შეექმნა, მაგრამ გადაწყვიტა, პატარა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და შედეგად მიიღო ისეთი ჟღერადობა, როგორიც ახლა აქვს ლოგოს.
„თქვენ იცით, რას მიიღებთ Cadbury-ით, თქვენ იცით, როგორ გრძნობთ თავს. სწორედ ამის დაფიქსირება მსურდა მუსიკაში. ამასთან, ზოგჯერ მიმაჩნია, რომ 70-წუთიანი ფილმის საუნდტრეკის დაწერა უფრო ადვილია, ვიდრე რაღაც 60-წამიანის…ეს თითქმის ტომისა და ჯერისთვის მუსიკის წერის ხელოვნებას ჰგავს. თქვენ ნამდვილად უნდა შეგეძლოთ ისეთი რამის გაკეთება, რაც შესანიშნავად ერგება ასეთ მოკლე ნარატივს“, — განმარტავს ჰარლი.
როგორც ჰარლი აღნიშნავს, დღევანდელ რეალობაში ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუსიკის მარკეტინგში გამოყენება. ის ახლა თითქმის ისეთივე აუცილებელია, როგორც ვიზუალური ლოგო. მაგალითად, კინოკომპოზიტორი მაკდონალდსის “I’m Lovin’ It”-ს იხსენებს, რომელიც 20 წელზე მეტია არსებობს, როგორც ხმოვანი მნემონიკა. „ის, რისი გამეორებაც ბევრს შეუძლია, უფრო ეფექტურია. მე და შენ თუ ვიმღერებთ, ბრენდი უფასო საჯაროობას მიიღებს“.