30
Jul
2019

1100 კილომეტრი ერთ დამუხტვაზე, 400-ის ნაცვლად – ახალი ელემენტი ელექტრომობილებისთვის

30 Jul 2019

ამერიკულმა ენერგეტიკულმა კომპანია XNRGI-მ ელექტრომობილებისთვის ახალი ელემენტი შექმნა, რომელიც აქამდე არსებული ელემენტებისგან განსხვავებული ტექნოლოგიითაა დამზადებული. კომპანიამ მის შესაქმნელად ძველი მეთოდი გამოიყენა – სილიკონის ფირფიტები, რომლებსაც მეხსიერების ბარათების დასამზადებლადაც იყენებენ. ელემენტში სილიკონის ფირფიტები ვაფლისებურადაა დალაგებული, მათთან ერთად კი ლითიუმის მეტალია გამოყენებული. ელემენტს აქვს ფორებიანი სტრუქტურა, ხოლო მის 30 სანტიმეტრტიან ფირფიტებზე 160 მილიონი მიკროსკოპული ფორია განთავსებული, რაც ელემენტის ზედაპირის ფართობს 70-ჯერ ზრდის. ტექნოლოგია, ერთი მხრივ, ძველია, თუმცა, შესაძლოა რევოლუციურიც კი აღმოჩნდეს ელემენტების წარმოების მიმართულებით.

ელექტრომობილებს XNRGI-ს ახალი ელემენტის გამოყენებით, ერთ დამუხტვაზე, თითქმის სამჯერ მეტი მანძილის გავლა შეეძლებათ, ვიდრე აქამდე. თუ ადრე ელექტრომობილის ელემენტი სრული დამუხტვიდან 400 კილომეტრის მანძილზე ძლებდა, XNRGI-ს ელემენტი 1100 კილომეტრის გავლას ხდის შესაძლებელს. ესეც რომ არა, ეს უკანასკნელი წინამორბედებზე მალე დაიტენება. XNRGI-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ელემენტის 10%-დან 90%-მდე დამუხტვას 15 წუთი სჭირდება. ელექტრომობილების მწარმოებლები XNRGI-ს ელემენტის გამოყენებას, სავარაუდოდ, 2021 წლიდან შეძლებენ.

განხილვა