in

ხოსრო ხოსრავის ქართული ასოები – ირანელი ქართველის დიზაინ პროექტი

ხოსრო ხოსრავით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც ინსტაგრამზე მისი პროექტი Georgian Letters აღმოვაჩინეთ. პროექტი, რომელიც ქართული ასოების ულამაზესი დიზაინის შექმნითაა შთაგონებული.

ხოსრო კი, თურმე, ირანის პატარა ქალაქში გაიზარდა… ოჯახში, რომელსაც ქართული წარმომავლობა აქვს. თბილისში გასულ წელს გადმოვიდა და სწორედ აქ იქცა მისი ჰობი – ქართული ასოების სკეჩების ხატვა – პროექტად.

თუმცა სანამ ამ პროექტზე გადავიდოდეთ, ცოტა მეტს გიამბობთ ხოსროს შესახებ:

M: ხოსრო, მოგვიყევი, პროფესია როგორ აირჩიე?
ძველ ამბავს გავიხსენებ… იმ დროს, როცა პრეისტორიულ გამოქვაბულში აღმოჩენილი ხელის ანაბეჭდის ფოტო ვნახე… მაშინვე შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი – ხელის ანაბეჭდის უზადო სიმბოლური გზავნილის გამო, რომელსაც აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ სიტყვები არ სჭირდებოდა: „ოდესღაც, ჩვენ აქ ვცხოვრობდით“. ეს შემთხვევა, ხელოვნების ისტორიაში, ჩემი მასწავლებელივითაა. ამ მომენტმა ჩემს გონებაში საინტერესო კითხვები წარმოშვა, რომელზე პასუხების პოვნაც მჭირდებოდა. და ეს შთამბეჭდავი მომენტი ჩემს, როგორც დიზაინერის ცხოვრებაში, გარდამტეხი აღმოჩნდა. ძლიერი სურვილი ვიგრძენი, რომ მინდოდა, სწორედ ამ მიმართულებით შემევსო ჩემი გონება. ასე, უმაღლესი განათლება, 4 წლის განმავლობაში, თეირანის ხელოვნების უნივერსიტეტში მივიღე. თუმცა 2012 წელს, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, ჯუნიორ გრაფიკულ დიზაინერად ვმუშაობდი და ასევე, კოლეჯშიც ვსწავლობდი გრაფიკულ დიზაინს.

კოლეჯის დღეები ცხადად მახსოვს. რა მშვენიერი იყო. ძალიან ბევრი საინტერესო გამოცდილება მივიღე.

ამჟამად, ვმუშაობ, როგორც გრაფიკული დიზაინერი და ციფრული ილუსტრატორი.

M: არსებობს, თუ არა შენს ცხოვრებაში რაიმე გამოცდილება, რომელმაც გრაფიკული დიზაინის არსის სწორ გაგებამდე მიგიყვანა?
უნივერსიტეტში სწავლისას წავიკითხე წიგნი, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა იქონია. მახსოვს, ეწერა, რომ სწორი შეკითხვების დასმა, სწორ პასუხებამდე მიგიყვანს. ამან დამაფიქრა და მივხვდი, რომ დიზაინიც ამავე წესს ემსახურება: ის შეკითხვებსა და პასუხებზე, პრობლემებსა და პრობლემის გადაჭრაზეა. როგორც კი დიზაინ პროცესს, სწორი შეკითხვების დასმით დაიწყებ, სწორი პასუხების საპოვნელ შესაბამის ბილიკზე აღმოჩნდები.

M: ყველაზე მეტად, შენს საქმიანობაში, რა გხიბლავს?
ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო შექმნის პროცესია, ხანდახან იმაზე მეტადაც კი, ვიდრე საბოლოო ნამუშევრის ხილვა შეიძლება, იყოს.

მიყვარს კვლევა, რომელსაც გრაფიკული დიზაინერების სამუშაო მოითხოვს. მონაცემების შეგროვებიდან ტექსტამდე, სურათებიდან წიგნებამდე, მომწონს თითოეული ნაწილი, რომელიც დიზაინ პროექტის განვითარებასთანაა დაკავშირებული.

გარდა ამისა, ჩემი სისუსტეების გაანალიზება მომწონს. დიზაინი კარგ სამსახურს მიწევს მათ აღმოსაჩენად.

M: შენთვის საინტერესო რა ტიპის დიზაინ პროექტებს გამოარჩევდი?
როგორც არტ დირექტორს, 2016-2019 წლებში, წიგნების გამოცემებზე მიმუშავია და მივხვდი, რომ ყველაზე მეტად დაინტერესებული ვარ სარედაქციო ილუსტრაციებითა და დიზაინებით. ბრენდინგ პროექტებიც მომწონს, მაგრამ ძირითადად, ისეთები, რომელთა შესრულებაც შემოქმედებითობასთანაა დაკავშირებული.

M: გვიამბე შენს პროექტზე Georgian Letters…
საბედნიეროდ, შევძელი, მეპოვა სამუშაო მას შემდეგ, რაც გასულ წელს, თბილისში ჩამოვედი. ჩემს თავისუფალ დროს, ქართულ ასოებზე რაღაც სკეჩებს ვაკეთებდი.  ვხვდებოდი, რომ თანდანთან, ეს ყველაფერი უფრო სერიოზულ ინტერესად იქცა და აღარ ეთქმოდა მხოლოდ ჰობი.

ვკითხე საკუთარ თავს, რატომაც არ უნდა იყოს ეს პროექტი?

ქართული ასოების დიზაინ პროცესში, შემოქმედებითობა და ახალი გამოცდილება უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი სიცხადე. თუმცა, ჩემს ნამუშევრებს თუ დააკვირდებით, არ მავიწყდება, რომ ასოები იმისთვისაა, წაკითხვადიც იყოს.

M: შემოქმედებით პროცესში, რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
კრეატიულ პროცესში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ვეცადო ძალიან, რომ ვიყო შემოქმედებითი. გარშემო ვიყურები და ვცდილობ, რომ მოვლენები განსხვავებულად დავინახო… დავრწმუნდე, რომ როცა თევზს დავიჭერ, მას აღარ გავუშვებ. M: რას ამბობენ შენი ნამუშევრები შენზე?
მე ვფიქრობ, ისინი საუბრობენ ჩემს შიშებსა და სისუსტეებზე. ჩემი ნამუშევრები კრეატიული გზაა, რომ საკუთარი თავის შესახებ შეკითხვებს ვუპასუხო.

ჩემი სამუშაო რაღაცნაირად თერაპიულია. საშუალებაა, რომლითაც ფერები, გარკვეული დისციპლინით, ერთად ჯგუფდებიან და ჩემი ნამუშევარი მკარნახობს, მივიღო იმ ცვლილებების აუცილებლობა, რომელიც საჭიროა.

M: შენი აზრით, რა არის ის მთავარი თვისებები და უნარები, რომელსაც გრაფიკული დიზაინერი უნდა აკმაყოფილებდეს?
პირველი და უმთავრესი უნარი არის საკუთარი თავისა და ნებისმიერისთვის არას თქმა, რაც სამუშაოზე კონცენტრირებაში ხელს გიშლის. შემდეგი არა ეკუთვნით მათ, ვინც ისეთ პროექტებზე თანამშრომლობას გთავაზობენ, რომელიც შენს სტანდარტებს არ ემთხვევა.

თვითდისციპლინა და შემოქმედებითობა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია.

M: რა ქმნის წარმატებულ დიზაინს?
30% კრეატიულობა;
60% შრომა;
10% კარგი ღვინო.

M: რა გეხმარება შემოქმედებითი კრიზისის დაძლევაში? როგორ უმკლავდები მას?
ფილმების ყურება საოცრად კარგად მუშაობს, ჩემს შემთხვევაში, 100%-ით. ასევე, ვინმესთან ამ საკითხზე საუბარი, ძალიან მეხმარება ხოლმე. 

M: ვინ არიან დიზაინის შენი გმირები?
გერმანელი ინდუსტრიული დიზაინერი, დითე ღამსი (Dieter Rams) და ამერიკელი გრაფიკული დიზაინერი, მილტონ გლეიზერი (Milton Glaser).

M: რა მიზანი აერთიანებს შენს ყველა ნამუშევარს? რას გინდა, მიაღწიო მათი დახმარებით?
უფრო მეტი გამოცდილება მივიღო, კრეატიულ ადამიანებს შევხვდე, ახალ უნარებს დავეუფლო და ჩემი საკუთარი სტუდიის ფლობა შევძლო.

M: როგორია შენი უახლოესი მომავლის გეგმები?
ვმუშაობ ციფრულ ილუსტრაციებზე, რომელსაც მალე გამოვაქვეყნებ.

ავტორი: თიკა გეგენავა

“სინამდვილის ასახვა მუსიკალური ხერხებით ძალიან რთული, საპასუხისმგებლო და საინტერესო პროცესია,” – მარი ჭანიშვილი #თაობა

TBWA-ს კამპანია პანდემიასთან წინა ხაზზე მებრძოლთა დასახმარებლად