აპლიკაცია Xplore – სტუდენტების სტარტაპი – დღეს, 31 აგვისტოს ჩაეშვა და მის მიზანს ბუნებაში თავგადასავლების მაძიებლების გაერთიანება და გარემოსთან მათი დაახლოება წარმოადგენს. აპლიკაცია მხოლოდ მოლაშქრეებზე არ არის ორიენტირებული და ნებისმიერს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს Xplore და დაგეგმოს ან მოძებნოს მარშრუტები სასურველი მიმართულებით. აპლიკაცია ხელმისაწვდომია ანდროიდის სმარტფონებისთვის და ჯერჯერობით მოიცავს სამ ენას: ქართულს, ინგლისურსა და რუსულს. მარკეტერს აპლიკაციის გამოყენების დეტალებსა და მის დამატებით ფუნქციებზე Xplore-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბექა კაკაბაძე ესაუბრა:
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=X6eBVv6Cx3M[/embedyt]
M: სანამ აპლიკაციაზე მოგვიყვებით, გაგვეცანით, რას წარმოადგენთ Xplore-ის გუნდის წევრები?
Xplore-ის გუნდში ვართ ექვსი წევრი: ნიკა ოთიაშვილი და გუგა კაციაშვილი – პროგრამისტები, აჩიკო წერეთელი და სანდრო მოსაშვილი საინფორმაციო ბაზებზე მუშაობენ, თიო გაბუნია გრაფიკოსია და მე, ბექა კაკაბაძე – მარკეტერი. გუგა უნივერსიტეტში სწავლობს, დანარჩენები კი კლასელები ვართ. წელს დავამთავრეთ სკოლა და სხვადასხვა პროფესია ავირჩიეთ. გუნდურად ვმუშაობთ და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში ყველა თანაბრად ვიღებთ მონაწილეობას.
M: ვისი ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსი გამოიყენეთ საწყის ეტაპზე?
საწყის ეტაპზე მივმართეთ ზვიად ბეგლარიშვილს, რომელიც geoland.ge-ს დირექტორი გახლავთ, რომ მიგვეღო ზოგადი ინფორმაცია სალაშქრო ბილიკებზე საქართველოში და იმ რუკებზე, რომლებსაც იგი სთავაზობს მოლაშქრეებსა და ტურისტებს. ჩვენი სტარტაპი იმ კატეგორიაში შედის, რომლებსაც საწყის ეტაპზე ესაჭიროებათ არა ფინანსური მხარდაჭერა, არამედ გუნდის დაუღალავი შრომა.
M: რატომ გახდა საჭირო მსგავსი აპლიკაციის არსებობა და როგორი იყო იდეის ფორმირებისა და განხორციელების პროცესები?
გუნდი ოდნავ განსხვავებული შემადგენლობით პირველად დავკომპლექტდით “NASA Millenium Award-ში“ მონაწილეობის მისაღებად. იდეა გაჩნდა ამ პროექტისთვის მზადებისას. პირველი ცდა და წარდგენაც აქვე მოხდა, თუმცა, როგორც რამდენადმე კომერციული პროდუქტი, გამართლების ალბათობას დაუკავშირეს და დავმარცხდით. “NASA Millenium Awards-ში“ წარუმატებლობამ მეტი მოტივაცია მოგვცა, რომ გაგვეუმჯობესებინა იდეა. თავდაპირველი ფუნქცია აპლიკაციისა იყო GPS ნავიგატორების სმარტფონებით ჩანაცვლება, ინტერნეტის ეფექტური მოხმარებითა და სალაშქროდ ფინანსების დაზოგვა. ვაპირებდით საფეხმავლო ბილიკები ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა, თუმცა პროექტმა ტურისტებისა და მოლაშქრეებისთვის ერთგვარი სოციალური ქსელის სახე მიიღო. მოლაშქრეები პრობლემების წინაშე დგებიან, როდესაც ლაშქრობის დაგეგმვა სურთ. ფეისბუკის „ივენთები“ (ღონისძიებები) არ უწყობს მოლაშქრეს ხელს საჭირო ინფორმაცია მარტივად და კომპაქტურად განათავსოს (შეკრების დრო, ადგილი, ლაშქრობის ხანგრძლივობა, მიმართულება და ლაშქრობის ტრაექტორია). ამასთანავე, 20 კაცი რომ „დააგოინგებს“ (თანხმობას განაცხადებს წასვლაზე) „ივენთს“ფ და რეალურად, მარტო 3 წამოვა, სურვილი გიჩნდება, როგორც ინიციატორს, რომ რაიმე უკეთესი სერვისი მოძებნო ლაშქრობების დასაგეგმად.
Xplore-ს პროტოტიპი წარვადგინეთ GoldenByte-ის საერთაშორისო კონკურსზე, სადაც მეორე ადგილი დავიკავეთ მობილური აპლიკაციების კატეგორიაში. ამ გამარჯვებამ და პროფესიონალ მოლაშქრეებთან გასაუბრებამ დაგვანახა, რომ ჩვენი აპლიკაცია ღირებულია.
ჩვენი სტარტაპი მიყვება MVP-ის (minimum viable product) სტრატეგიას, რაც ითვალისწინებს პროდუქტის რაც შეიძლება მალე მარკეტზე გასვლას და ვფიქრობთ, რომ წელიწად-ნახევრის შრომა საკმარისია აპლიკაციის მთავარი ფუნქციების იმპლემენტაციისთვის.
M: რის შესაძლებლობას გვაძლევს აპლიკაცია? რა პროცესებს ამარტივებს?
Xplore-ით შეგიძლიათ მარტივად დაგეგმოთ ლაშქრობები ან თქვენ ირგვლივ დაგეგმილები ნახოთ და მათში გაწევრიანდეთ. შეგიძლიათ, მიუთითოთ ჯგუფის მიმართულება, შეხვედრისა და დაშლის ადგილი თავიანთ დროებთან ერთად. გუნდთან ერთად შეგიძლიათ, უკეთ გამოკვეთოთ ლაშქრობის დეტალები, რომლებითაც შემდგომ სხვებს შეუძლიათ, იპოვონ თქვენი ჯგუფი (გუნდების ძებნა შესაძლებელია მრავალი ფილტრით, როგორიცაა დროის ინტერვალი, გუნდის წევრთა რაოდენობა, მიმართულება და ა.შ.). თითოეულ ჯგუფს გააჩნია თავისი ჩატი, რათა ყველა გუნდის წევრი სათანადოდ იყოს ინფორმირებული.Xplore-ის “ლაივ ლაშქრობის“ ფუნქციით „თქვენ წადით და დაგეწევით!“ აღარ გამოიწვევს დაბნეულობას, რადგან თანამოლაშქრეები მარტივად იპოვიან ერთმანეთს რუკაზე. ამასთანავე, ლაშქრობის მსვლელობის დროს Xplore ინახავს გუნდის წევრების ბოლო ლოკაციას, რაც დაკარგვის შემთხვევაში მათ დაეხმარებათ.
ყოველი ლაშქრობის შემდეგ, მომხმარებლებს შეეძლებათ თავიანთი გუნდელების „აფვოუთი“ (შეფასება), რომელიც რეპუტაციას უმატებს მათ. ეს რეპუტაციის სისტემა მომხმარებლებს დაეხმარება, ადეკვატურად შეაფასონ თანამოლაშქრის გამოცდილება. ამას კიდევ ხელს შეუწყობს თანამოლაშქრეების მიერ პროფილზე განთავსებული კომენტარები, რომლებსაც ყველა ხედავს.
Xplore, ასევე, გთავაზობთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ინფორმაციას, რომლის სანახავად არ გესაჭიროებათ ინტერნეტი. ნაკრძალების ძებნა შესაძლებელია მრავალი ფილტრით (მაგალითად, თუ ჩავწერთ „ირემს“ ძებნაში, Xplore გვიჩვენებს ყველა დაცულ ტერიტორიას, სადაც ირემი ბინადრობს). სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ინფორმაციის დატანასაც ვგეგმავთ მომავალ ვერსიებში.Xplore-ის გამოშვების შემდგომ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მასზე მუშაობას და ბევრ სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებელს. განახლებების მიზანი არის ლაშქრობის გეიმიფიკაცია, რაც უფრო მომხიბვლელს გახდის ამ აქტივობას. მაგალითად: თვიური ჩელენჯები (ილაშქრე დასავლეთში, ან ფოტო გადაუღე კურდღელს); ვირტუალური მედლები, რომლებიც რუკაზე რანდომულად გადანაწილებულია და უნდა შეაგროვოთ და ა.შ. ეს მოტივაციას მისცემს ყველას, რომ უფრო ხშირად ილაშქრონ.
M: რას შეადგენს აპლიკაციით სარგებლობის ღირებულება და თქვენი ფინანსური ბენეფიტის წყარო რა იქნება?
Xplore-ით სარგებლობა არის სრულიად უფასო. ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანი არ არის ფინანსურად წარმატებული პროდუქტის შექმნა, უფრო მეტად კონცენტრირებულები ვართ ხარისხიანი და პრაქტიკული აპლიკაციის შექმნაზე, რომელიც მოლაშქრეების მუდმივი მეგზური გახდება. ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ ბოლო პერიოდში ლაშქრობის მოყვარულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად Xplore-ც კომერციულად მომგებიანი გახდება. Xplore-ს დავურთავთ მომხმარებლებისთვის რელევანტურ რეკლამებს, როგორიც არის, მაგალითად, სალაშქრო აღჭურვილობაზე. ასევე, ლაშქრობების ლიდერებს შეეძლებათ, თანხის სანაცვლოდ, boost-ი გაუკეთონ თავიანთ ჯგუფებს, რომ ისინი მეტმა ხალხმა ნახოს. გარდა ამისა, სამომავლოდ, ვაპირებთ Xplore-ის უფრო დიდი აუდიტორიისთვის წარდგენას.
M: ტურისტული თვალსაზრისით, რა კრიტერიუმებს აკმაყოფილებს Xplore?
აპლიკაცია თავიდანვე მრავალენოვნად იყო ჩაფიქრებული. გვინდა ნებისმიერ სტუმარსა თუ არაქართულენოვან ადგილობრივს მივცეთ მაქსიმალური შესაძლებლობა, გამოიყენონ Xplore. ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა უპრეცედენტოდ, 9426%-ით გაიზარდა. დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა დიდ ნაწილს სწორედ უცხოელი სტუმრები შეადგენენ, ამიტომ ამ ეტაპზე Xplore ხელმისაწვდომია სამ ენაზე: ქართული, ინგლისური და რუსული. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ გავზრდით ხელმისაწვდომი ენების რაოდენობას. ენობრივი ბარიერის მოხსნის გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტურისტები, რომლებსაც სურთ სალაშქროდ წასვლა, შეძლებენ Xplore-ში შესაბამისი ლაშქრობის, გუნდისა და ადგილობრივი გამოცდილი მოლაშქრის მოძებნას.