27
Mar
2014

„თბილისელების უმრავლესობას ჯერ კიდევ ურჩევნია ყავა კაფეში ან სახლში მეგობრების წრეში მიირთვას„

27 Mar 2014

Startauperi
Startauperi


Xpress Coffee მოძრავი ყავამობილი, მისი დამფუძნებელი გიორგი სტრელჩენკო ამბობს, რომ ეს ოჯახური ბიზნესია და სურდათ ისეთი საქმე დაეწყოთ, რაც თბილისელების უმრავლესობისთვის უცხო იქნებოდა.

Giorgi Strelchenkoგიორგი სტრელჩენკო: იდეა მსჯელობის შედეგად დაიხვეწა და საბოლოოდ მივიღეთ მოძრავი ყავამობილი, რომელიც სხვადასხვა ხალხმრავალ წერტილში ჩერდება და იტალიურ ყავას სთავაზობს თბილისელებს.

ჩვენი ქალაქი ცოტა მოუმზადებელია ამ ტიპის ბიზნესისთვის. თბილისელები გაკვირვებულები გვიყურებენ ხოლმე, ვერ ხვდებიან რას ვაკეთებთ ტურისტები კი აღფრთოვანებულები არიან, ფოტოებს გვიღებენ და იდეას გვიწონებენ.

საზღვარგარეთ „take away” ყავა და ყავამობილები ძალიან „ტრენდული“ და მომგებიანი ბიზნესია. თბილისელების უმრავლესობას ჯერ კიდევ ურჩევნია ყავა კაფეში ან სახლში მეგობრების წრეში მიირთვას. თუმცა, ნელ-ნელა თბილისელების დასაქმებული და დაკავებული ნაწილი მიდის იმ აზრამდე, რომ „take away” ყავა ზოგავს მათ ფინანსებს და დროს.

მხოლოდ ყავა იყიდება, თუ კიდევ სხვა პროდუქტებსაც სთავაზობთ მომხმარებელს?

Xpress coffee ორიენტირებულია ყავაზე. თუმცა, სხვა პროდუქტებსაც ვთავაზობთ მომხმარებელს: ესპრესოს, ამერიკანოს, კაპუჩინოს, ლატეს, კრუასანებს და ჩაის. მინდა ავღნიშნო, რომ ყავის მომზადებისას ვიყენებთ პროფესიულ ყავის აპარატს. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად დავამატებთ ცივ, ადგილზე გამოწურულ ჯანსაღ წვენებს და ცივ ყავას.

როგორია პროდუქტის ფასი და რამდენად მაღალია ხარისხი?

ფასი საკმაოდ კონკურენტულია კაფეებთან შედარებით. 1,50 ლარიდან იწყება და მაქსიმუმი 3,50 ლარია, რაც მთავარია დაბალი ფასი არ ნიშნავს უხარისხო პროდუქტს, უმაღლესი ხარისხის იტალიურ ყავა Vergnanos ვიყენებთ პროდუქტის მომზადებისას.

რა პრინციპით მუშაობს Xpress Coffee?

ჯერ-ჯერობით გვყავს ერთი მანქანა. ყველაფერი მომხმარებლების აქტიურობაზეა დამოკიდებული. ვჩერდებით ხალხმრავალ ადგილებში, მთელი დღის განმავლობაში ერთ ადგილს ვირჩევთ. მარშრუტი ქვეყნდება ჩვენსავე ფეისბუქის გვერდზე. ზაფხულში ზღვის სანაპიროსაც ვესტუმრებით.

coffeemobile

Xpress Coffee –ს გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა „ივენთებზე“. რა დაჯდება და რა შევა ამ მომსახურებაში?

ვთვლით, რომ Xpress Coffee იდეალური გადაწყვეტილებაა „ივენთისთვის“. განსაკუთრებით, თუ ღონისძიებას ღია ცის ქვეშ გეგმავთ, თბილისში ან თბილისის გარეთ, მომსახურების ფასიდან და ჩვენი ინვენტარიდან გამომდინარე. მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია ღონისძიების ხანგრძლივობაზე, ზომაზე, ადგილმდებარეობაზე და ა.შ.

გეგმავთ სპეციალურ აქციებსაც . . .

დიახ, ახლა სწორედ ამ აქციების დაგეგმვის ეტაპზე ვართ. გაყიდვებიდან გამომდინარე ვაკვირდებით რა პროდუქტია უფრო საინტერესო მომხმარებლისთვის და შევეცდებით შემოგთავაზოთ თქვენს ინტერესებზე და მოთხოვნაზე მაქსიმალურად მორგებული აქციები.

ამბობთ, რომ ჩვენთან ჯერ ურჩევნიათ ყავა სახლში ან კაფეში მიირთვან. როგორ ფიქრობთ, იქცევა ეს მომგებიან ბიზნესად?

ამ ბიზნესს რომ ვგეგმავდით, ვიცოდით, რომ არის სხვა ბიზნესებიც, რომლისგანაც მოკლე დროში გაცილებით მეტ შემოსავლს მიიღებ. თუმცა, Xpress Coffee არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს იდეაა და მცდელობა თბილისში დამკვიდრდეს ახალი ტენდენცია და კულტურა “take away” ყავის და ყავამობილების. Xpress Coffee-ს მომგებიანობაზე მსჯელობა, ალბათ, 6 თვის შემდეგ უკეთესი იქნება და შედეგებს აუცილებლად მოგახსენებთ.

ერთი მხრივ ეს ნიშა თითქმის თავისუაფლია. თუმცა, ცოტა ხნის წინ თბილისში გამოჩნდა მოძრავი კაფე ავტობუსი. რომელიც არც თუ წარმატებული აღმოჩნდა. რატომ გაამართლებს Xpress Coffee?

მოძრავი კაფეები აქამდე რომ ყოფილიყო დამკვიდრებული, თბილისელები უფრო მომზადებულები შეხვდებოდნენ ჩვენს ყავამობილს. სხვის ბიზნესზე მსჯელობა გამიჭირდება და არც იქნება სწორი. თუმცა, ერთს ვიტყვი რომ ის “ავტობუს-კაფე” ძირითადად, საშაურმეებს „ეკონკურენტებოდა“.

Xpress Coffee გაამართლებს, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო ხარისხს, ფასს და ხელმისაწვდომობას. მისი წარმატება ჩვენს მომხმარებლებზე, თბილისელებზეა დამოკიდებული.

განხილვა