in

გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები

დღევანდელ სტატიაში ერთდად მოვუყრით თავს ყველა იმ კითხვას, რომელიც შეიძლება გარემოს დაცვის თემებთან იყოს დაკავშირებული; რომელიც ყველაზე აქტუალური საკითხია და ხშირად ხდება განხილვის საგანი. ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხებიც გარემოს მნიშვნელობას განსაზღვრავს და მათზე პასუხი ყველამ უნდა ვიცოდეთ, რათა ვისწავლოთ ბუნებაზე ზრუნვა და გვესმოდეს საფრთხეები, თუ რა შეიძლება დაემართოს მას.

რა არის გლობალური დათბობა?

ტერმინი „გლობალური დათბობა” ძალიან ხშირად გვესმის, გარკვეულ დონეზე მისი განმარტებაც, ალბათ, ყველა ჩვენგანისთვის გასაგებია, თუმცა ცოტა მეტის გაგება ამ თემაზე ურიგო არ იქნებოდა. 

გლობალური დათბობა ეხება საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდას ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ. 1880 წლიდან საშუალო გლობალური ტემპერატურა გაიზარდა დაახლოებით ერთი გრადუსი ცელსიუსით. დედამიწის კლიმატი შედარებით სტაბილური იყო კაცობრიობის ისტორიის უმეტესობის განმავლობაში. ეს აშკარად ჩანს ტემპერატურული ჩანაწერებიდან, რომელთაგან ზოგიერთი თარიღდება 1800-იანი წლების შუა ხანებით. თუმცა, როგორც უკვე ვახსენეთ, 1880 წლიდან მონაცემები შეიცვალა და  ამჟამად ეს უკვე უწყვეტი პროცესია. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ გლობალური დათბობა მხოლოდ ტემპერატურის მატებას არ გულისხმობს. ის მოიცავს სხვა ცვლილებებსაც, როგორებიცაა: ყინულის დნობა, ოკეანეების გაფართოება, ზღვის დონის აწევა.

არსებობს გარკვეული აირები – ნახშირორჟანგი და მეთანი, რომლებიც აკავებს მზის სითბოს დედამიწის ატმოსფეროში. ეს სათბურის აირები (GHG) ბუნებრივად არსებობს ატმოსფეროში და ხელს უწყობს დედამიწის ზედაპირის სითბოს შენარჩუნებას. მათ გარეშე დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა იქნება ნული გრადუსი. 

ადამიანის საქმიანობა, განსაკუთრებით წიაღისეული საწვავის (ანუ ქვანახშირი, ბუნებრივი აირი და ნავთობი) წვა მანქანების, ქარხნებისა და კვების მრეწველობისთვის, ატმოსფეროში გამოყოფს ნახშირორჟანგსა და სხვა სათბურის გაზებს. სხვა ქმედებები, მათ შორის ტყეების გაჩეხვა (ხეების მოჭრა) და პირუტყვის მოშენება, ასევე ასხივებს სათბურის გაზებს. ამით იქმნება მაღალი კონცენტრაცია, რომელიც მეტ სითბოს იჭერს დედამიწაზე. ეს კი იწვევს გლობალური ტემპერატურის ანთროპოგენურ (ანუ ადამიანის მიერ გამოწვეულ) მატებას. კლიმატოლოგები თანხმდებიან, რომ ადამიანის აქტივობა არის გლობალური დათბობის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი, რომელსაც ჩვენ განვიცდით.

რას ნიშნავს კლიმატის ცვლილება და განსხვავდება თუ არა ის გლობალური დათბობისგან?

ტერმინები კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა ხშირად გამოიყენება ურთიერთშემცვლელად, მაგრამ კლიმატის ცვლილება ფართოდ ეხება საშუალო ამინდის მუდმივ ცვლილებებს (მაგ., ტემპერატურა, ნალექი, ტენიანობა, ქარი, ატმოსფერული წნევა, ოკეანის ტემპერატურა და ა.შ.), გლობალური დათბობა კი ზემოთ უკვე აღვწერეთ.

კლიმატის ცვლილება შეიძლება ეხებოდეს დედამიწის საშუალო ტემპერატურის ბუნებრივ რყევებს მთელი გეოლოგიური პერიოდის განმავლობაში, რაც ცივ და თბილ პერიოდებს მოიცავს. 

ამინდის რეჟიმის შეცვლამ შეიძლება გაანადგუროს მოსავალი და გამოიწვიოს წყლის სერიოზული დეფიციტი. ზღვის დონის აწევა საფრთხეს უქმნის დაბალ კუნძულებსა და სანაპირო ქალაქებს. ტროპიკული და მწერებით გადამდები დაავადებები ვრცელდება, რადგან მათი მასპინძლები გადადიან ახალ ჰაბიტატებში. კლიმატის ცვლილება წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებსაც აკლიათ რესურსები და, შესაბამისად, არასაკმარისად არიან აღჭურვილი თბილი კლიმატის ეფექტებთან გამკლავებისთვის.

რა არის ოკეანის მჟავიანობა?

ოკეანე ნახშირბადის ციკლის ცენტრალური კომპონენტია. ნახშირბადი მუდმივად ბრუნავს ოკეანეს, მიწასა და ატმოსფეროს შორის (ამას ნახშირბადის ნაკადი ეწოდება). როდესაც ადამიანებს ატმოსფეროში უფრო მეტი ნახშირორჟანგი შეჰყავთ, ოკეანეც უფრო მეტ ნახშირორჟანგს შთანთქავს. ეს ცვლის ოკეანის ქიმიურ შემადგენლობას და მას უწოდებენ ოკეანის მჟავიანობას. ოკეანის pH ღირებულება შემცირდა 0,1 pH ერთეულით, რამაც მჟავიანობა დაახლოებით 30 პროცენტით გაზარდა. ეს ცვლილება საკმარისია ბევრ საზღვაო ორგანიზმზე ზემოქმედებისთვის.

რა არის ენერგიის განახლებადი წყაროები?

ენერგიის განახლებადი წყაროები მოდის ბუნებრივი რესურსებიდან, როგორიცაა მზის შუქი, მცენარეული მატერია (ბიომასა), გეოთერმული აქტივობა, წყალი და ქარი, რომლებიც არ მცირდება გამოყენებისას. ამის საპირისპიროდ, ენერგიის არაგანახლებადი წყაროები, როგორიცაა წიაღისეული საწვავი, არის სასრული რესურსები, რომელთა შევსება ადვილი არ არის მოხმარებისას. განახლებადი ენერგია ასევე არის ენერგიის დაბალი ან ნულოვანი ნახშირბადის წყარო.

განახლებადი ენერგიის საერთო წყაროებია მზის, ქარის, გეოთერმული და ჰიდროენერგეტიკა, ისევე როგორც ბიომასის გარკვეული ფორმები. განახლებადი ტექნოლოგიები, როგორიცაა ქარის ტურბინები და მზის პანელები, სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება ენერგეტიკულ ბაზრებზე, რადგან მათი წარმოების ხარჯები მცირდება. განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებში გლობალური ინვესტიციების ზრდა აღიარებულია კლიმატის ცვლილების ექსპერტებისა და მსოფლიო ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ, როგორც არსებითი სტრატეგია სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად.

რა იწვევს წყლის დაბინძურებას?

ადამიანის ბევრმა საქმიანობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენი მდინარეების, ტბების, ზღვების და მიწისქვეშა წყლების ხარისხზე. წყლის ხარისხზე გავლენას ახდენს პირდაპირი შენატანი, როგორიცაა ქარხნის ან კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა, ესაა ე.წ. „წერტილოვანი დაბინძურება“. 

მასზე ასევე გავლენას ახდენს საკვები ნივთიერებები და პესტიციდები ფერმერული საქმიანობიდან, მრეწველობის მიერ ჰაერში გამოთავისუფლებული დამაბინძურებლები, რომლებიც შემდეგ ისევ ხმელეთსა და ზღვაში ეცემა, ე.წ. „დიფუზური დაბინძურება”. წყლის დაბინძურების ძირითადი წყაროა კანალიზაცია და ჩამდინარე წყლების გაწმენდა, ხოლო დიფუზური დაბინძურების ძირითადი წყაროებია ფერმერული და წიაღისეული საწვავი ელექტროსადგურებიდან. 

რატომ არის ელექტრომობილები უკეთესი ალტერნატივა ჩვენი გარემოსთვის?

თუ შევხედავთ ელექტრო მანქანების ზემოქმედებას გარემოზე, ვნახავთ, რომ ევროპაში ტიპიური ელექტრო მანქანა გთავაზობთ სათბურის გაზების (GHG) ემისიების შემცირებას შიდა წვის ძრავის ეკვივალენტთან შედარებით. ელექტრომობილების დაბალი ემისიები გამოყენების ფაზაში უფრო მეტად ანაზღაურებს ნედლეულის მოპოვებისა და წარმოების ფაზების მაღალ ზემოქმედებას.

სწორედ ამიტომ, უკვე ცნობილი კომპანიების უმეტესობა აანონსებს ელექტრიფიცირებულ მომავალს, ზოგიერთი კი უკვე აქტიურად უშვებს ახალ ელექტრომანქანებს.

როგორ ვაქციოთ ნარჩენები რესურსად?

უპირველეს ყოვლისა, ნარჩენების რესურსად გადაქცევისთვის, ნარჩენების მართვის მიზნები უნდა შეესაბამებოდეს წრიულ ეკონომიკაზე გადასვლის მიზნებს. წრიული ეკონომიკის პირობებში, ნარჩენების ინდუსტრია ხდება ბიზნესის მთავარი პარტნიორი. ამ გზით წარმოიქმნება მაღალი ხარისხის ნარჩენების ნაკადები, რომლებიც გათვლილია გადამუშავებისა და ხელახლა გამოყენებისთვის. ნარჩენების ძირითადი სახეობებია: მუნიციპალური ნარჩენები, შესაფუთი ნარჩენები, საკვების ნარჩენები, ბიო-ნარჩენები და სხვადასხვა ნედლეული. 

ეს გახლავთ გარემოს შესახებ ყველაზე ხშირად განხილული თემები, რომლებიც მუდამ აქტუალურია და ალბათ ამ აქტუალობას ვერც დაკარგავს, რადგან გარემოზე ზრუნვა ციკლური პროცესია. ინფორმაციის ქონა ამ პროცესებზე თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერი, რაც გარემოში ხდება, პირდაპირ აისახება ჩვენს კეთილდღეობაზეც.

რუბრიკას გარემოს დაცვაზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

რა გვააშკარავებს, როდესაც სხვა ადამიანებზე საუბრისას ვიტყუებით?

Ad Black Sea-ს სპიკერებს შორის სერ ჯონ ჰეგარტია!