23
May
2016

ხსნის არმიისა და Grey Canada-ს სოციალური ექსპერიმენტი სიღარიბის წინააღმდეგ

23 May 2016

ხსნის არმიამ სარეკლამო სააგენტო Grey Canada–სთან ერთად, სოციალური კამპანია დაგეგმა. აქცია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 300 000 კანადელის მხარდასაჭერად განხორციელდა.

საგანგებოდ მოწყობილ “ღია სახლში” უძრავი ქონების სანახავად მისულ ადამიანებს სიურპრიზი ელოდათ. გარედან ჩვეულებრივ სახლში შესულები სულ სხვა სამყაროში ხვდებოდნენ. თითქმის ყველა კუთხეში სიღარიბის სიტყვიერი მინიშნება იყო, მაგალითად: “ყოველი მე-7 კანადელი ბავშვი სკოლაში მშიერი მიდის”, “ამ თვეში 90 000 კანადელი ისარგებლებს საკვების ბანკით”. სტუმრებს სახლში დამონტაჟებული 20 ფარული კამერით ადევნებდნენ თვალყურს. მათ რეაქციაზე ადვილად ამოიკითხავდით გაოცებას. დაინტერესების შემთხვევაში, სახლის დათვალიერება ინტერნეტ მომხმარებელს 3D ფორმატში სპეციალური ვებ გვერდის საშუალებითაც შეუძლია. აქციის ფართომასშტაბიან გაშუქებაზე საინფორმაციო სააგენტო MediaCom-მა იზრუნა.

 

 

ზოგიერთ ქვეყანაში სიღარიბის მთელი სიმძიმით აღსაქმელად ქუჩაში გასვლა ან საინფორმაციო საშუალებებისთვის თვალყურის დევნებაც საკმარისია. კანადელებმა ნამდვილად ორიგინალური ხერხით შეძლეს პრობლემის ჩვენება მათთვის, ვისაც წარმოდგენაც კი არ აქვთ, რას ნიშნავს იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.

გასულ წელს ხსნის არმია 1.8 მლნ კანადელს დაეხმარა საკვებით. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს ექსპერიმენტი დაეხმარებათ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და დონორების მოძიებაში.

 

განხილვა