საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან, ხურდის დაბრუნების წესი იცვლება. კერძოდ, ანგარიშსწორების 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი „დამრგვალების მეთოდით“ შეიცვლება.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით განისაზღვრა, რომ ფასის დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება განხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით, რაც გამორიცხავს ცალკეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილების აუცილებლობას.
ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდის გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება არ მთავრდება 0-ზე ან 5-ზე. ამ შემთხვევაში ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით:
- 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
- 3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
- 6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
- 8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.
ცვლილებები ეხება აგრეთვე 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის საკითხსაც. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა განისაზღვრა 2020 წლის ბოლომდე.












