in

როგორ ქმნიან ყალბი ლიდერები წარმატების ილუზიას და რატომ გვიჭირს მათი ამოცნობა

ჭეშმარიტ ლიდერობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვაა, რომლებიც აუცილებლად უნდა დასვათ, იმის მიუხედავად, რას ან ვის ხელმძღვანელობთ: შეგიძლიათ ადამიანების ჯგუფი მაღალშედეგიან გუნდად აქციოთ? შეძლებთ მათ დარწმუნებას, რომ პირადი ინტერესები საერთო ამოცანისთვის გვერდზე გადადონ და კოორდინირებულად იმოქმედონ? შეძლებთ, სხვა გუნდებთან კონკურენციის პირობებში თანამშრომლებს მოტივაცია შეუქმნათ? და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: რა მოხდება გუნდში თქვენი ხელმძღვანელობის შედეგად ისეთი, რაც თქვენი იქ ყოფნის გარეშე არ მოხდებოდა?

ლიდერობა მხოლოდ რეალურ უნარებსა და კომპეტენციას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია ისიც, როგორ აღიქვამენ სხვები ლიდერს: რამდენად კომპეტენტურად, თავდაჯერებულად და ლიდერისთვის შესაფერისად მიიჩნევენ მას. სწორედ ეს აღქმა განსაზღვრავს, გადაწყვეტენ თუ არა ადამიანები, მიჰყვნენ მის ხედვას. ზოგჯერ ლიდერული იმიჯი რეალურ შესაძლებლობებს ასახავს, ზოგჯერ კი მხოლოდ გარეგნული შთაბეჭდილებაა.

როგორ ქმნიან ადამიანები ლიდერობის ყალბ იმიჯს

არსებობს რამდენიმე გავრცელებული სტრატეგია, რომლებსაც ადამიანები იყენებენ იმისთვის, რომ იმაზე უფრო ლიდერებად გამოიყურებოდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან.

  1. თავდაჯერებულობის დემონსტრირება კომპეტენციის ნაცვლად

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტაქტიკაა გაურკვეველ სიტუაციებშიც კი საკუთარ მოსაზრებებზე კატეგორიულად საუბარი. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს სტრატეგია შეიძლება ეფექტიანიც იყოს, თუმცა შედეგად, იქმნება გარემო, სადაც კარგი თვითპრეზენტაცია რეალურ კომპეტენციას ჯაბნის. ადამიანი, რომელსაც ძლიერი იმიჯი აქვს, მაგრამ შესაბამისი ცოდნა აკლია, შესაძლოა, უფრო შორს წავიდეს, ვიდრე ის, ვინც საქმეს კარგად ფლობს, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა უჭირს.

  1. საკუთარი თავის მოტყუება

როდესაც ადამიანს გულწრფელად სჯერა, რომ შესანიშნავი ლიდერია, შესაძლოა სხვებმაც დაიჯერონ ეს. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს ახალი უნარის ათვისებისას, თუ ის პრაქტიკასა და მუდმივ გაუმჯობესებას გულისხმობს. მაგრამ როდესაც ეს მიდგომა საკუთარი სისუსტეების უარყოფასა და თავის მოტყუებაში გადაიზრდება, მისი სარგებელი შეზღუდულია. კარგი ლიდერისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გაცნობიერება. 

  1. სხვისი წარმატების საკუთარ დამსახურებად წარმოჩენა

ლიდერობის ყალბი იმიჯის შექმნის კიდევ ერთი გზა ნებისმიერი დამსახურების საკუთარ თავზე აღება და წარუმატებლობის სხვებისთვის გადაბრალებაა. ამ დროს დადებითი შედეგები ხელმძღვანელის დამსახურებად ცხადდება, ხოლო პრობლემებს ბაზარს, წინამორბედებს, გუნდს ან გარემოებებს მიაწერენ.

ასეთი ქცევა უსამართლოა, თუმცა ხშირად მუშაობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორგანიზაციაში შედეგების რეალური მიზეზების გამოკვლევაზე ნაკლები დრო იხარჯება.

  1. ემპათიის თამაში

ზოგიერთი ადამიანი სწავლობს, როგორ ისაუბროს თანაგრძნობაზე, აქტიურ მოსმენაზე, ჩართულობასა და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაზე ისე, რომ ამ ღირებულებებს რეალურად არ იზიარებდეს.

კარგი ლიდერი ქმნის გარემოს, სადაც თანამშრომლებს თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოთქმა, ჯანსაღი რისკების გაწევა, ახალი იდეების გამოცდა და შეცდომებისგან სწავლა. ასეთი გარემოს ჩამოყალიბება რთული უნარია, თუმცა მზრუნველობის გამოხატვის იმიტაცია შედარებით მარტივია. ადამიანს შეუძლია სწორად გამოიყენოს ემპათიური კომუნიკაციის ენა, მოუსმინოს თანამშრომლებს და საჭირო ჟესტებიც გააკეთოს, მაგრამ რეალურად არ დაუჭიროს მხარი მათ.

  1. მუდმივი დაკავებულობის დემონსტრირება

ლიდერის იმიჯის შესაქმნელად ზოგჯერ საკმარისია საქმიანობის მუდმივი დემონსტრირება: შეხვედრები, ახალი ინიციატივები, თანამშრომლებთან საჯარო შეხვედრები, ტრანსფორმაციის პროგრამები და უწყვეტი კომუნიკაცია.

საქმიანობის დანახვა ბევრად მარტივია, ვიდრე მისი რეალური გავლენის შეფასება. ამიტომ შეიძლება ადამიანს ხელმძღვანელად აღიქვამდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის მუდმივად მოვლენების ეპიცენტრშია, ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას ესწრება და ყველგან ჩანს.

საბოლოოდ, ლიდერობის იმიტაციამ, შესაძლოა, სარგებელი მოუტანოს თავად იმ ადამიანს, ვინც ამ ხერხს მიმართავს, მაგრამ ზიანი მიაყენოს მის გუნდსა და მთლიან ორგანიზაციას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ ყალბი ლიდერული ნიშნების ამოცნობა და არ დავუშვათ, რომ თავდაჯერებულობამ, ხილვადობამ და კარგად შექმნილმა იმიჯმა რეალური კომპეტენცია ჩაანაცვლოს.

სამყარო, სადაც უკეთ შეგვიძლია ყალბი ლიდერების ამოცნობა და მათი დაწინაურების თავიდან აცილება, ყველასთვის უკეთესი იქნება, შესაძლოა, თავად ასეთი ლიდერებისთვისაც.

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? – საქართველოს ბანკის კამპანიას ახალი პარაჩემპიონები და ბრენდები უერთდებიან