in

პროდუქტის საჩვენებლად მთების გადალახვით დაწყებული დიდი ბრენდის ისტორია

მუსიკალური ინსტრუმენტის დანახვისას, ალბათ, არაერთხელ შეგიმჩნევიათ წარწერა – Yamaha, როგორც მწარმოებლის სახელი. მუსიკალური ბაზრის დიდი ნაწილი მსოფლიოში სწორედ ამ ბრენდს უკავია. გარდა თავად საკრავებისა, კომპანია ისეთ პროდუქტებსაც უშვებს, როგორებიცაა: დინამიკები, სიმები, სახლის კინოთეატრის სისტემები, ყურსასმენები და სხვა. 

istoriebi
istoriebi

როგორც უკვე მიხვდით, ამ სტატიას იამაჰას მუსიკალურ ბრენდს მივუძღვნით და მისი ბიზნესის წარმატების ისტორიას მოგითხრობთ, რომელიც არც თუ ისე ცოტა ხნის წინ დაიწყო.

საცდელად შეკეთებული ორგანი

1887 წლის 15 ივლისს იაპონიის შორეულ ქალაქ ჰამამაცუს დაწყებითი სკოლის დირექტორმა საათების ხელოსანი, ტორაკუსუ იამაჰა გამოიძახა და ჰკითხა, შეეძლო თუ არა მას ძველი ორგანის შეკეთება, რომელიც სკოლაში იდგა. ხელოსანმა უთხრა, რომ შეეძლო ეცადა. მისი ეს მცდელობა წარმატებით დასრულდა და მან შეაკეთა გაფუჭებული ინსტრუმენტი.

მთების გადალახვა პროდუქტის პრეზენტაციისთვის

მას შემდეგ, რაც სკოლაში ორგანი წარმატებით შეაკეთა, ტორაკუსუმ დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ ხარისხიანი მუსიკალური ინსტრუმენტების შექმნა ყოველთვის საჭირო საქმე იქნებოდა. მან შეიმუშავა ლერწმის ორგანის პროტოტიპი და გადაწყვიტა, ის პრესტიჟული მუსიკალური ინსტიტუტისთვის ეჩვენებინა (დღევანდელი ტოკიოს სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის ეროვნული უნივერსიტეტი). იმ დროს ორ ქალაქს შორის მგზავრობა გრძელი და რთული იყო, თუმცა მონდომებულმა ხელოსანმა თავისი ქმნილება მხარზე გადაიდო და ფეხით გადალახა ჰაკონეს მთები.

თუმცა, სამწუხაროდ, მთების ფეხით მოვლამ წარმატება ვერ მოიტანა, რადგან ორგანი კარგად არ მიიღეს. ცუდი წყობის გამო იგი დაიწუნეს. ტორაკუსუ იმდენად შეაშფოთა ამ ფაქტმა, რომ მან მუსიკის თეორიის შესწავლა დაიწყო, რათა სწორი ჟღერადობის მისაღებ ხელოვნებას დაუფლებოდა. 

მრავალი ტექნიკური დაბრკოლების მიუხედავად, მან მოახერხა ისეთი ორგანის აწყობა, რომელსაც ისეთი ხმა ჰქონდა, როგორც საჭირო იყო. იმავე წელს ტორაკუსუმ დააარსა Nippon Gakki Company (რომელიც ინგლისურად ითარგმნება, როგორც „იაპონური მუსიკალური ინსტრუმენტების კომპანია“) და დაიწყო ლერწმის პორტატიული ორგანების წარმოება.

1889 წლისთვის კომპანიაში 100 ადამიანი იყო დასაქმებული და წელიწადში დაახლოებით 250 ინსტრუმენტს ამზადებდა.

აშშ-დან მსოფლიო ექსპორტამდე

1899 წელს იაპონიის განათლების სამინისტრომ ტორაკუსუ შეერთებულ შტატებში გაგზავნა ფორტეპიანოს დამზადების შესასწავლად. სულ მალე, 1900 წელს დაიწყო ვერტიკალური ფორტეპიანოების წარმოება, რასაც 1902 წლიდან როიალებიც დაემატა. 1914 წელს კომპანიამ წარმოადგინა თავისი პირველი ჰარმონიკა და დაიწყო მათი ექსპორტი მთელ მსოფლიოში.

ახალი ხაზის წარმოება

1940-იანი წლების ბოლოსკენ Yamaha-ს სათავეში ედგა ჯენიჩი კავაკამი, რომელსაც ახალი იდეები აწუხებდა. კერძოდ, მან გადაწყვიტა, მოტოციკლების წარმოება ეცადა. 1955 წელს მართლაც გამოვიდა პირველი მოდელი YA-1 Red Dragonfly, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და, შესაბამისად, ახალი ხაზის წარმოებას ჩაუყარა საფუძველი. გაჩნდა მეორე ბრენდი – Yamaha Motor Co. 

ძველი ხაზის ერთგულება

მიუხედავად Yamaha Motors-ის მსოფლიო წარმატებისა, Nippon Gakki-ის ცენტრალური მიმართულება, მუსიკა მაინც კომპანიის მთავარი ხაზად დარჩა, გამომდინარე იქიდან, რომ დამფუძნებლის ინტერესი სწორედ მისკენ იყო თავის დროზე მიმართული. 1950-იანი წლების “Hi-Fi” ბუმის დროს, კომპანიამ დაიწყო აუდიო კომპონენტების წარმოება, რათა მუსიკის მოყვარულებს დახმარებოდა თავისუფალი დროით ტკბობაში. მან შეიმუშავა ელექტრო კლავიშები და აუდიო მოწყობილობები. მალევე Yamaha-ს ციფრული კლავიშები ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი გახდა. იმავე პერიოდში გამოვიდა ბრენდის პირველი სინთეზატორი და ელექტრო ფორტეპიანო.

წარმატების ზენიტი

80-იანი წლები ბრენდის წარმატების ზენიტად გადაიქცა. 1982 წელს გამოვიდა Disklavier™ – რევოლუციური პროდუქტი, რომელიც აკუსტიკურ  ფორტეპიანოს აერთიანებდა ჩაშენებულ კომპიუტერთან. აგრეთვე, DX7 ციფრული სინთეზატორი, რომელიც დაინერგა 1983 წელს, სწრაფად გახდა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი. 1987 წელს Yamaha-მ გამოუშვა თავისი პირველი ციფრული მიქსერი, რასაც მოჰყვა 1989 წელს მსოფლიოში პირველი CD ჩამწერი.

ამით იამაჰამ ჩამოაყალიბა ერთგვარი ტენდენცია, რომელსაც უკვე ვეღარაფერი აღუდგებოდა. 90-იანი წლებიდან ბრენდმა კიდევ განაგრძო ინოვაციების დანერგვა მუსიკალურ სფეროში და დღემდე ამ მიმართულებით წამყვან ნოვატორად მიიჩნევა.

მთების გადალახვით დაწყებული ისტორია მსოფლიო ბრენდად იქცა და დღეს კომპანიის ინსტრუმენტები ყველგან იყიდება, მათ შორის, ჩვენთანაც, საქართველოში.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

პირველი „მეტავერს პოდკასტი“ ჩაიწერა — Meta-ს ინოვაცია

„დაკარგული კავშირები“ — უჯრედების სამყაროს მხატვრული მხარე