Yohji Yamamoto ცნობილი იაპონური მოდის ბრენდია, რომელიც დამფუძნებლის სახელს ატარებს. დიზაინერმა იოჯი იამამოტომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გლობალურ მოდის ინდუსტრიაზე. უნიკალური ხედვით, მან სამოსი ხელოვნებად აქცია და მოდის დიზაინის ტრადიციული ნორმები გამოწვევის წინაშე დააყენა. საინტერესოა, რომ ბრენდის გზა მიმდინარეობდა Comme des Garçons-ის განვითარების პარალელურად, რომელზეც გასულ კვირაში გიამბეთ. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ Yohji Yamamoto-ზე მოგიყვებით.
იამამოტო 1943 წლის 3 ოქტომბერს ტოკიოში დაიბადა. მისი გზა მოდისკენ უჩვეულო აღმოჩნდა. პროფესიით იურისტი იყო, თუმცა ტოკიოში, კეიოს უნივერსიტეტში, სამართლის შესწავლის შემდეგ, მიმართულების შეცვლა და მოდის სფეროს არჩევა გადაწყვიტა. მის ამ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა დედამ, რომელიც მკერავად მუშაობდა. დედის საქმისადმი თავდადებამ და ოსტატობამ დიდი გავლენა იქონია შვილზე და მოდის სამყაროში შეუძღვა. იამამოტო ტოკიოს პრესტიჟულ სკოლაში, ბუნკას მოდის კოლეჯში ჩაირიცხა. იქ მან დახვეწა ტექნიკური უნარები და გაიღრმავა აღქმა სამოსის კონსტრუქციის შესახებ.
იამამოტო მიისწრაფოდა ისეთი ტანსაცმლის შექმნისკენ, რომელიც არა მხოლოდ ლამაზი იყო, არამედ პრაქტიკული და გამძლეც. ის ცდილობდა გამოეწვია დასავლური წარმოდგენა მოდის შესახებ, რომელიც დიდწილად ტრენდებსა და სეზონურ ცვლილებებზე იყო ფოკუსირებული. ამის ნაცვლად, იოჯის მიზანი იყო შეექმნა ნაწარმი, რომელიც მოდის ინდუსტრიის ცვლილებებსაც გაუძლებდა.
1972 წელს იოჯი იამამოტომ ოფიციალურად წარმოადგინა თავისი პირველი ლეიბლი, Y’s, ტოკიოში. ის ფოკუსირებული იყო არასტრუქტურირებული, დიდი ზომის სილუეტების შექმნაზე. ხშირად იყენებდა მუქ, მკრთალ ფერებს, როგორიცაა შავი, რაც მისი სტილის სავიზიტო ბარათი გახდა. აქცენტი თავისუფალ ფორმასა და ასიმეტრიაზე რადიკალური გადახვევა იყო იმ დროისთვის. დასავლურ მოდაში უფრო პოპულარულად სხეულზე მჭიდროდ მომდგარი დიზაინები ითვლებოდა.
1981 წელს იამამოტომ გაბედული ნაბიჯი გადადგა და თავისი სახელობის ბრენდი, Yohji Yamamoto, პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა. სამოსი წარმოადგენდა დრაპირებულ, დიდი ზომის სილუეტებს, უპირატესად შავ ფერში. ნაწარმი დეკონსტრუირებული და უხეში კიდეებით იყო წარმოდგენილი და მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა გლამურულ სტილთან, რომლებიც იმ დროს პარიზის პოდიუმებზე დომინირებდა.
იამამოტომ გულშემატკივრები შეიძინა ხელოვანებს, ინტელექტუალებსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც აფასებდა მოდას, როგორც თვითგამოხატვის ფორმას და არა საზოგადოებრივ სტანდარტებთან შესაბამისობის საშუალებას. 1980-იან და 1990-იან წლებში, მისი, როგორც ავანგარდული მოდის პიონერის რეპუტაცია განმტკიცდა და საკვანძო ფიგურა გახდა, სხვა გავლენიან დიზაინერებთან ერთად, როგორიცაა რეი კავაკუბო Comme des Garçons-დან.
წლების განმავლობაში, იოჯი იამამოტოს გავლენა გასცდა პოდიუმს და გავრცელდა პოპ-კულტურაში, ხელოვნებასა და მუსიკაში. მისმა ნამუშევრებმა შთააგონა ბევრი ახალგაზრდა დიზაინერი, ხოლო მისმა თანამშრომლობამ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Adidas, Y-3 ხაზის მეშვეობით, ბრენდის ესთეტიკა უფრო ფართო აუდიტორიას გააცნო.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.














