in

არის თუ არა ყავა ჯანსაღი ცხოვრების ნაწილი?

სხვადასხვა დროს ყავის შესახებ არაერთი ურთიერთსაპირისპირო აზრი არსებობდა. ადრეული კვლევები გვიჩვენებდა, რომ მას შეუძლია ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, თუმცა ბოლო დროის კვლევები საპირისპიროს ამტკიცებს. მეტიც, მეცნიერები ალაპარაკდნენ არა მხოლოდ ყავის არამავნებლობაზე, არამედ იმაზეც, რომ ამ პროდუქტის ჯანსაღი ცხოვრების წესში შეტანა შეიძლება.

ჰარვარდის საყოველთაო ჯანდაცვის სკოლის პროფესორები გვეუბნებიან, რომ დაახლოებით 2-5 ფინჯნის მიღება დღეში დაკავშირებულია ტიპი 2 დიაბეტის, გულის დაავადებების, ღვიძლისა და ენდომეტრიუმის კიბოს, პარკინსონის დაავადების და დეპრესიის დაქვეითებასთან. ასევე შესაძლებელია, რომ ადამიანებს, რომლებიც სვამენ ყავას, ადრეული სიკვდილის რისკი შეუმცირდეთ. მკვლევრები იმასაც ამბობენ, რომ არსებობს გარკვეული რისკჯგუფები, რომლებიც ყავის დალევისას ფრთხილად უნდა იყვნენ. მაგალითად, კოფეინი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და ორსულებისთვის, ასევე შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტებისთვის.

უნდა დალიონ თუ არა ყავა ყოველდღიურად იმ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ? hopkins-ის მკვლევრები გვისახელებენ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ შეიძლება ის სასარგებლო იყოს ჩვენი ჯანმრთელობისათვის.

  • დაავადებების შემცირება

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყავის მოყვარულებს ნაკლებად ემუქრებათ ისეთი დაავადებების რისკი, როგორებიცაა: გულის დაავადებები, ინსულტი, დიაბეტი და თირკმელების დაავადებები.

  • გლუკოზის გადამუშავება

ორგანიზმს გლუკოზის უკეთ გადამუშავება შეუძლია. ეს არის თეორია, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ადამიანები, რომლებიც მეტ ყავას სვამენ, ნაკლებად ავადდებიან ტიპი 2 დიაბეტით.

  • გულის უკმარისობა

დღეში ერთი-ორი ფინჯანი ყავის დალევა ხელს უწყობს გულის უკმარისობის თავიდან აცილებას. 

  • პარკინსონის დაავადების განვითარების ალბათობა

კოფეინი არა მხოლოდ პარკინსონის დაავადების განვითარებას უშლის ხელს, არამედ ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს მოძრაობის გაკონტროლებაში ეხმარება. 

  • ღვიძლის პრობლემები

კვლევებმა აჩვენა, რომ ყავის მსმელებს უფრო მეტად აქვთ ღვიძლის ფერმენტის ჯანსაღი დონე, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ სვამენ ყავას.

ყავა, როგორც ჯასაღი ცხოვრების წესის ნაწილი

ბოლოდროინდელი კვლევები გვეუბნება, რომ ყავა შესაძლოა ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცეს. მიუხედავად არსებული მრავალი კვლევისა ყავის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი ჭარბი რაოდენობით მიღება შეიძლება სარისკო იყოს ჯანმრთელობისთვის, ამიტომ ყოველთვის უნდა შევადგინოთ ჩვენი ჯანსაღი კვების რაციონი იმის მიხედვით, თუ რა საერთო მდგომარეობა გვაქვს ჯანმრთელობის კუთხით. 

ნაადრევია იმის თქმა, რომ ყავა შეიძლება იყოს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი დაავადების მკურნალი ან გვიცავდეს ნაადრევი სიკვდილისგან, თუმცა მედიკოსები იმაზე ნამდვილად შეთანხმდნენ, რომ ის არაჯანსაღი ჩვევა არ არის, როგორიც მაგალითად, სიგარეტის მოწევა. ნუტრიციოლოგების მხრიდან ის ხშირად ჯანსაღ დიეტებშიც არის ჩართული. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სარგებელი, რომელიც ყავას მოაქვს, მცენარეული ნაერთებია, რომლებსაც აქვთ ანტიოქსიდანტური თვისებები. 

საბოლოო პასუხი მაინც მომხმარებელზეა დამოკიდებული. ექიმები გვეუბნებიან, რომ თუკი ყავა გვიყვარს და არცერთ სარისკო ჯგუფს არ მივეკუთვნებით, დღეში 1-დან 3-მდე ფინჯნის დალევა პრობლემას არ წარმოადგენს და ის არ არის ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის ხელისშემშლელი პროდუქტი.

რუბრიკა #ჯანმრთელობის წარმდგენია ჯანმრთელობის ციფრული პლატფორმა Ekimo.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

შესაძლოა, მხოლოდ მარცხისგან რაღაცის სწავლა ეფექტური არ იყოს

„ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ — კამპანია პროფესიული სტერეოტიპების წინააღმდეგ