ყველაფერი თხებით დაიწყო, რომლებმაც „წითელი კენკრა” აღმოაჩინეს, შეჭამეს და შემდეგ უჩვეულოდ ენერგიულები გახდნენ, აღარც ღამით ეძინათ. ეს ფაქტი შენიშნა მწყემსმა კალდიმ და დაიწყო ყავის ისტორია იქ, სადაც ბუნება ჯერ კიდევ ველური და დაუმორჩილებელია, ეთიოპიის მთიან რეგიონებში. ეს პატარა აღმოჩენა, შესაძლოა შემთხვევითიც კი, გახდა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სასმლის დასაწყისი, რომელიც მიახლოებით მეცხრე საუკუნით თარიღდება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორია უფრო ლეგენდას ჰგავს, ფაქტია – ყავის მცენარე სწორედ აქ, აფრიკის გულში დაიბადა. თავიდან ადამიანები უბრალოდ ღეჭავდნენ მის ნაყოფს ან ამზადებდნენ ენერგიულ ნარევებს, მაგრამ ჯერ კიდევ შორს იყვნენ იმ არომატული სასმელისგან, რომელსაც დღეს ვიცნობთ.
არაბული სამყარო – სადაც ყავა სასმელად იქცა
ყავის ნამდვილი „გარდატეხა“ მოხდა მე-15 საუკუნეში დაიწყო, როცა ის იემენიში მოხვდა. აქ დაიწყო მისი მოხალვა, დაფქვა და მომზადება, ანუ ის პროცესი, რომელიც ყავას თანამედროვე სახეს აძლევს.
ქალაქი მოქა იქცა ყავის მთავარ სავაჭრო კერად, საიდანაც ყავა გემებით მიემართებოდა სხვადასხვა ქვეყანაში და ნელ-ნელა იპყრობდა სამყაროს.
ამ პერიოდში ყავა უბრალოდ სასმელი აღარ იყო – ის გახდა რიტუალი. განსაკუთრებით სუფი ბერებისთვის, რომლებსაც ღამის ლოცვების დროს სიფხიზლე სჭირდებოდათ. ასე დაიწყო ყავის კავშირი სულიერებასთან, კონცენტრაციასთან და ენერგიასთან.
ყავის სახლები, როგორც პირველი „სოციალური ქსელები“
როცა ყავა გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში, გაჩნდა სრულიად ახალი სივრცეები – ყავის სახლები. ეს ადგილები იყო მაშინდელი „ფეისბუკი“ და „X“ ერთად: ადამიანები აქ იკრიბებოდნენ, საუბრობდნენ, კითხულობდნენ, თამაშობდნენ და პოლიტიკაზეც კი მსჯელობდნენ.
განსაკუთრებით გამოირჩეოდა სტამბოლი, სადაც ყავის კულტურა იმდენად ძლიერი გახდა, რომ ის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ხელისუფლებაც კი ცდილობდა ამ სივრცეების კონტროლს – იმდენად დიდ გავლენას ახდენდა ისინი საზოგადოებრივ აზრზე.

ევროპა – სკეპტიციზმიდან გატაცებამდე
მე-17 საუკუნეში ყავა ევროპაში ჩავიდა და, როგორც ხშირად ხდება, ადამიანების მას თავიდან ეჭვის თვალით შეხვდნენ. ზოგისთვის ეს „უცნაური შავი სასმელი“ იყო, ზოგისთვის კი – „ეშმაკის გამოგონება“.
ლეგენდის მიხედვით, სიტუაცია შეიცვალა, როცა კლიმენტი VIII-მ თავად დააგემოვნა ყავა და განაცხადა, რომ ასეთი სასმელი აკრძალვას არ იმსახურებდა. ამის შემდეგ ყავა სწრაფად გახდა მოდური.
ქალაქებში, როგორიცაა ლონდონი, პარიზი და ვენა, ყავის სახლები გადაიქცა ინტელექტუალების, მწერლებისა და ბიზნესმენების თავშეყრის ადგილებად. აქ იბადებოდა იდეები, იწერებოდა ტექსტები და ხშირად ისტორიაც.
კოლონიები და ყავის „გლობალიზაცია“
ევროპელები მალე მიხვდნენ, რომ ყავა მხოლოდ სასმელი კი არა, ეკონომიკური შესაძლებლობაც იყო. ამიტომ დაიწყეს მისი მოყვანა ტროპიკულ კოლონიებში.
ასე იქცა ბრაზილია, კოლუმბია და ცენტრალური ამერიკის ქვეყნები ყავის უმსხვილეს მწარმოებლებად. გზა, რომელიც ეთიოპიის მთებიდან დაიწყო, ახლა უკვე მთელ მსოფლიოს მოედო და ყავა გახდა გლობალური პროდუქტი.

თანამედროვე ეპოქა – ყავა, როგორც გამოცდილება
დღეს ყავა მხოლოდ კოფეინის წყარო აღარ არის. ის არის გემო, არომატი, ისტორია და ემოცია, რომელიც ჩვენი ცხოვრების სტილად იქცა – დილის ყავით დაწყება, ყავის შესვენება, მეგობრების ყავაზე დაპატიჟება, ყავის აპარატები, საჩუქრები და ა.შ.
სპეციალური ყურადღება ეთმობა მარცვლის წარმოშობას, დამუშავების მეთოდს, მოხალვასა და მომზადების ტექნიკას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს Specialty Coffee Association-ს, რომელმაც შექმნა ხარისხის ახალი სტანდარტები.
დღეს შეგიძლია დალიო ყავა ეთიოპიიდან, გვატემალადან ან კენიიდან, და თითოეული მათგანი სრულიად განსხვავებულ ისტორიას მოგიყვება.
შესაბამისად, დღეს ყავა არ არის მხოლოდ სასმელი. ის ისტორიაა, რომელიც თითქოს იმ ქვეყნის კულტურასაც გაცნობს, საიდანაც იგი შენს ფინჯნამდე მოდის.
რუბრიკა „ყავასთან საკითხავს” წარმოგიდგენთ ყავა Cherie.














