ავსტრალიელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ყავის ნალექისა და ნარჩენების მეშვეობით შესაძლებელია ბეტონის დამზადება — თანაც ის ამჟამინდელ ვერსიაზე 30%-ით მყარი იქნება.
ყოველწლიურად მსოფლიოში 10 მილიარდი კილოგრამი ყავის ნარჩენი გროვდება, უმეტესობა კი ნაგავსაყრელზე ხვდება. „ორგანული ნარჩენების განადგურება ეკოლოგიური გამოწვევის წინაშე გვაყენებს, რადგან დიდი რაოდენობით მეთანისა და ნახშირბადის გამოყოფასთანაა დაკავშირებული, რაც კლიმატის ცვლილებებს მეტად ამწვავებს“, — განმარტავს RMIT უნივერსიტეტის ინჟინერი რაჯიევ როიჩანდი.
ასევე, გლობალურად მზარდი სამშენებლო ბაზრის პირობებში მუდმივად იზრდება მოთხოვნა ისეთ რესურსზე, როგორიცაა ინტენსიური ბეტონი. „მსოფლიოში ბუნებრივი ქვიშის მოპოვება — ჩვეულებრივ, მდინარის კალაპოტებიდან და ნაპირებიდან, სამშენებლო ინდუსტრიის სწრაფად მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მნიშვნელოვნად მოქმედებს გარემოზე“, — ამბობს RMIT-ის ინჟინერი ჯი ლი.
აქვე დასძენენ, რომ ქვიშის მდგრადი მიწოდების შესანარჩუნებლად მრავალი კრიტიკული და გრძელვადიანი გამოწვევა არსებობს. სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს ახალი, ინოვაციური მეთოდის მოძიება. ხოლო ორგანული პროდუქტები, როგორიცაა ყავის ნალექი, პირდაპირ ვერ დაემატება ბეტონს, რადგან მასში შემავალი ქიმიკატები სამშენებლო მასალის სიმტკიცეს ასუსტებს. ამრიგად, დაბალი ენერგიის დონის გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფმა ყავის ნარჩენები 350°C-მდე შეათბო, რათა იმ კონკრეტული ქიმიკატებისგან დაცლილიყო.
ამ პროცესს პიროლიზირება ეწოდება. ის ანადგურებს ორგანულ მოლეკულებს, რის შედეგადაც წარმოიქმნება ფოროვანი, ნახშირბადით მდიდარი ნახშირი, სახელწოდებით ბიოჩარდი. ეს უკანასკნელი წარმატებით განზავდა ბეტონში და მისი სიმტკიცე 30%-ით გააძლიერა. უბრალოდ, ამჯერად მეცნიერები პროდუქტის გრძელვადიანი გამძლეობის შესაფასებლად ემზადებიან.
კვლევა Journal of Cleaner Production-ში გამოქვეყნდა.