ნევადის ლაბორატორიის (NLV) მკვლევრებმა ყინულის ახალი ფორმა აღმოაჩინეს. დიდი ალბათობით, მიღებული შედეგები იმ პლანეტებზე მოგვაწვდის ინფორმაციას, რომელზეც წყალი არსებობს…
წყალი თუ ყინული, ბევრი სხვა მასალის მსგავსად, განსხვავებული ტემპერატურისა და წნევის პირობებში სხვადასხვა მყარ მასალას ქმნის. თუმცა, ამ მხრივ, წყალი მაინც განსაკუთრებულია, რადგან უკვე ყინულის 20 მყარი ფორმის შესახებ ვიცით.
კვლევისას მეცნიერთა ჯგუფმა ახალი მეთოდი, მაღალი წნევის ქვეშ წყლის მახასიათებლების გასაზომად, გამოიყენა — წყალი ორ მოპირდაპირე კრისტალს შორის გაიჭედა და გაიყინა. მიღებული ყინული ლაზერით გააცხელეს და მან დნობა დაიწყო მანამ, სანამ ფხვნილის მსგავს, წვრილ კრისტალებად გარდაიქმნებოდა. შედეგად, ჯგუფმა დაადგინა, რომ ყინული Ice-VII-დან ახალ Ice-VIIt ფაზაში, ხოლო საბოლოოდ Ice-X-ში ხვდებოდა. Ice-X-ზე გადასვლა კი იმაზე დაბალი წნევით მოხდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

„ეს ნაშრომი აჩვენებს, რომ იონურ მდგომარეობამდე გარდაქმნა ხდება იმაზე გაცილებით დაბალი წნევით, ვიდრე ადრე ფიქრობდნენ და ეს წყლის თვისებების ყველაზე ზუსტ სურათსაც გვაძლევს“, — ამბობს აშკან სალამატი, ფიზიკოსი.
ხოლო თუ მეცნიერთა მოსაზრებას დავეყრდნობით, ყინულის ახალი ფაზა — Ice-VIIt ჩვენი პლანეტის მანტიაში, ისევე როგორც მთვარესა და მზის სისტემის გარეთ არსებულ წყლით სავსე პლანეტებზე, მრავლად უნდა იყოს, მაგრამ არა — დედამიწის ზედაპირზე. მეტიც, ეს აღმოჩენა ეგზოპლანეტების შემადგენლობის შესახებ ახალ ინფორმაციებსაც მოგვაწვდის.











