ახალგაზრდა ლომების 2023 წლის ოქროს ჯილდოს მფლობელების ვინაობა უკვე ყველა კატეგორიაშია ცნობილი. შესაბამისად, ისიც ვიცით, თუ ვინ წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის კრეატიულ მხარეს ახლა უკვე საერთაშორისო კანის ლომებზე. დიჯითალის კატეგორიაში წელს სამი გამარჯვებული გამოვლინდა, ოქროს ჯილდო კი საქართველოს ბანკმა მოიპოვა, რომელსაც გიორგი ლეჟავა და ზურა კვინიკაძე წარმოადგენდნენ.
ბუნებრივია, ჩვენი პირველი კითხვა იმ ემოციების გაზიარებას ეხებოდა, რაც კანის ლომების გამარჯვებას ახლავს თან, თუმცა მანამდე ნამუშევრების ბმულს გაგიზიარებთ.
M: რა იგრძენით, როცა კანის ლომების დიჯითალის კატეგორიის გამარჯვებულად გამოგაცხადეს?
განსაკუთრებული შეგრძნება იყო, ძალიან გაგვიხარდა ეს გამარჯვება და გვიხარია, რომ შევძელით, სათანადოდ წარმოგვეჩინა საქართველოს ბანკი კანის ახალგაზრდულ ფესტივალზე. აქამდე ორივეს გვქონდა დიჯითალის კატეგორიაში მონაწილეობის გამოცდილება და ორივესთვის გამოწვევა იყო წელს მსგავსი შედეგის მიღება. თავიდან არ ვაპირებდით კონკურსზე გასვლას, რეგისტრაციის ბოლო დღეს გადავწყვიტეთ მონაწილეობის მიღება, რაც წარმატებული აღმოჩნდა და პირველი ადგილიც დავიკავეთ.
M: რამდენად მოსალოდნელი იყო თქვენთვის ეს გამარჯვება?
წელს ყველაზე მაღალი კონკურენცია იყო, 40 გუნდი მონაწილეობდა და საკმაოდ მაღალკონკურენტული გარემო შეიქმნა. ამის გათვალისწინებით, რთული იყო რაიმე მოლოდინების შექმნა. ჩვენ ნამუშევარი მოგვწონდა ბევრი მიმართულებით, კარგად იყო გაშლილი როგორც საკომუნიკაციო არხებში, ისე პროდუქტში და ვფიქრობდით, რომ ეს ფაქტორი შეიძლებოდა ყოფილიყო გამარჯვების იმედის მომცემი.
M: რა იყო თქვენი დავალება და როგორ აღწერთ მუშაობის პროცესს?
დავალება ეხებოდა ავტო-საგზაო საკითხებს, საგზაო მოძრაობის წესების დაცვასა და ზოგადად, უსაფრთხო საგზაო მოძრაობის კულტურის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ამ მიმართულებით თეგეტას წვლილი დიდია და მომავალში დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაიზრდება. დავალებაში მოცემული პრობლემების უმეტესობა ჩვენთვის საკმაოდ ცნობილი და მტკივნეული იყო. ვფიქრობთ, ესეც დაგვეხმარა დავალების კარგად გააზრებასა და პრობლემების გადაჭრის მოფიქრებაში.
ამ დავალებაში ყველაზე მეტად მოგვეწონა კომპანიის სურვილი, შეეჭიდოს და გადაჭრას ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ქვეყანაში — მოუწესრიგებელი მოძრაობა, გარემოს დაბინძურება, გაუმართავი მანქანები და ა.შ.
M: რას ნიშნავს თქვენთვის კანის ლომებზე საქართველოს სახელით წარდგენა და რა გეგმები გაქვთ?
დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს სახელით საერთაშორისო კანის ფესტივალზე გამოსვლა და მიხარია, რომ ამ წელს ეს პასუხისმგებლობა ჩვენ გვხვდა წილად. უკვე ჩამოვწერეთ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ ფესტივალისთვის. ასევე, გადავხედავთ წინა წლების საერთაშორისო კონკურსის ნამუშევრებსა და დავალებებს, მოვისმენთ ბევრი ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანის რჩევას და იმედი გვაქვს, ჩვენი მცდელობა, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ საქართველო მსოფლიოს კრეატიულ რუკაზე, უშედეგოდ არ ჩაივლის.
—
კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.
2023 წლის ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი, aPeople, თეგეტა.