ჩვენ უკვე ვიცით, თუ ვინ გახდნენ ახალგაზრდა კანის ლომების გამარჯვებულები ყველა კატეგორიაში და ვინ იბრძოლებს პირველობისთვის კანში, საერთაშორისო ფესტივალზე. წელს ფილმის კატეგორიამ ბევრი საინტერესო ნამუშევარი იხილა, თუმცა გამარჯვება სააგენტო Windfor’s-მა მოიპოვა, რომელსაც ამჟამად სოფი ივანიშვილი და ლუკა მახარობლიშვილი წარმოადგენდნენ.
„ცხადია, გამარჯვება ჩვენთვის შრომის დაფასებას ნიშნავს, რაც, თავის მხრივ, დიდი მოტივაციაა სამომავლოდ, რომ ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც გვიყვარს. ჩვენი მთავარი გზავნილიც ის არის, რომ თუ მართლა მთელი გულით და ენერგიით შეიყვარებ იდეას, ის აუცილებლად იპოვის თავის გზას სამყაროში“.
M: რამდენად საინტერესო იყო ფილმის კატეგორიის ბრიფი თქვენთვის და რა პრინციპით ააგეთ შესაბამისი სიუჟეტი?
ფილმის კატეგორიაში პირველად მივიღეთ მონაწილეობა და წინასწარ ვღელავდით დროის ფაქტორზე — იმ სპეციფიკაზე, რომელიც ამ კატეგორიას ახასიათებს.
თუმცა ბრიფი მოსმენისთანავე საინტერესოდ გვეჩვენა და, რაც მთავარია, საინტერესო იყო თემა, რომელზეც ვიმუშავეთ: მენტალური ჯანმრთელობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია, რომელზეც რატომღაც არავინ საუბრობს ბევრს.
პროცესიც ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. ჩვენი მთავარი გმირისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვქონია სტრესული და მარტოსული მომენტები — მთელი პროცესით ვისიამოვნეთ და გავერთეთ. იდეაზე შეთანხმების შემდეგ, კადრების გადაღება დავიწყეთ. პარალელურად, ვცდილობდით, ერთობლიობაში წარმოგვედინა ვიდეო, რათა გამორჩენილი ადგილები შეგვევსო და საინტერესო კადრებით დაგვეტვირთა. მონტაჟის ეტაპზე ძალიან ბევრჯერ გადავაწყვეთ კადრები, რათა საინტერესო დინამიკა და სიუჟეტის განვითარება მიგვეღო — ამაში მუსიკაც დაგვეხმარა.
M: რა იყო სიუჟეტის შთაგონება? მუსიკალური გაფორმებაც ძალიან საინტერესოდ დააჯდა და რატომ შეარჩიეთ ეს კონკრეტული სიმღერა?
ჩვენი მთავარი გმირი, ე. წ. Stress ball, რეალურად ყველა იმ ნეგატიური შეგრძნებებისა და დაბრკოლებების სიმბოლოა, რომლებიც ბედნიერებაში გვიშლის ხოლმე ხელს. გვინდოდა, მსუბუქი იუმორისა და თვითირონიის გზით მიგვეწოდებინა სათქმელი მაყურებლისთვის, მუსიკის ხასიათიც ასე შევარჩიეთ. თავდაპირველად სხვა კომპოზიცია გვქონდა არჩეული, თუმცა შემდეგ YouTube-ზე სრულიად შემთხვევით შეგვხვდა ეს მუსიკა და მივხვდით, რომ „ის ის იყო“.
M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები უკვე კანში?
დიდი პასუხისმგებლობაა ქვეყნის წარდგენა ასეთ მნიშვნელოვან და ფართომასშტაბიან ფესტივალზე, თუმცა დიდი მოტივაციითაც ვართ სავსე. მაქსიმალურად გავითვალისწინებთ წინა წლის გამოცდილებას და ცოდნას, რომელიც ამ ეტაპზე დავაგროვეთ და ვეცდებით, ღირსეული ნამუშევრით დავბრუნდეთ უკან.
კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.
2023 წლის ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი, aPeople, თეგეტა.