in

Young Lions Georgia 2023-ის მარკეტერის კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები

ჩვენ უკვე ვიცით, თუ ვინ გახდნენ ახალგაზრდა კანის ლომების გამარჯვებულები ყველა კატეგორიაში და ვინ იბრძოლებს პირველობისთვის კანში, საერთაშორისო ფესტივალზე. წელს მარკეტერის კატეგორიამ ბევრი საინტერესო ნამუშევარი იხილა, თუმცა გამარჯვება კომპანია CROSTY-მ მოიპოვა, რომელსაც ამჟამად ელენე დანელია და ბაიკო ფირცხალაიშვილი წარმოადგენდნენ.

„კანის ლომების გამარჯვებულის ტიტული ჩვენთვის დიდ პატივთან ერთად, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. ის ფაქტი, რომ კანის ფესტივალზე ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ, ერთდროულად ძალიან სასიამოვნოცაა და ძალიან ამაღელვებელიც. ვფიქრობთ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოტივაცია იქნება, საყვარელი საქმის კეთება მეტი შემართებით და სიამოვნებით განვაგრძოთ“.

M: როგორ მიუდექით ბრიფს, რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის მოცემული დავალება და როგორ განავითარეთ იდეა კრეატიულად?

ბრიფი ძალიან საინტერესო, თუმცა, ამავდროულად, რთული აღმოჩნდა. ჩვენი დავალება იყო, CROSTY-ს სახელით, ახალგაზრდებისთვის მომავლის პროფესიებთან ადაპტირებაში ხელი შეგვეწყო. თავდაპირველად საკითხი ძალიან ფართო და რთულად გადასაჭრელი ჩანდა. თუმცა მალევე გავაცნობიერეთ, რომ ბრიფში ჩამოთვლილ მრავალ პრობლემას შორის, აქცენტი ინფორმაციის ნაკლებობასა და საპასუხოდ, საინტერესო გზით ცნობიერების ამაღლებაზე უნდა გაგვეკეთებინა. შედეგად, რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ, პრობლემა დავავიწროვეთ და ფოკუსი გავასწორეთ. ყველაზე საინტერესო გამოცდილება სამუშაო პროცესის სწორედ ეს, გარდამავალი ეტაპი იყო, როცა ბუნდოვან, ქაოსურ ფიქრებში ნელ-ნელა საინტერესო კავშირები და კონტურები გამოიკვეთა. თითოეულ დაკვირვებას, არგუმენტსა თუ შემოქმედებითი გადაწყვეტის გზას წერილობით ავსახავდით. საბოლოოდ კი, ეს დაგვეხმარა, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი მომენტები გაგვეცხრილა, სწორი კონცეფცია შეგვეკრა და მთავარი აზრი გასაგებად გადმოგვეცა. 

M: რა სირთულეს გამოყოფდით წლევანდელი მარკეტერის კატეგორიის დავალებაში?

ამ კატეგორიაში ორივემ პირველად ვიასპარეზეთ და ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო. პროცესი საინტერესოსთან ერთად, საკმაოდ შრომატევადიც აღმოჩნდა. კატეგორიის სპეციფიკისა და ინტენსიური სამუშაოს გათვალისწინებით, ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე, ალბათ, დრო იყო — გვინდოდა, ჩვენი იდეა და მთლიანად ნამუშევარი მაქსიმალურად გაგვეაზრებინა და ყველა შესაძლო კრიტიკული შეკითხვა დაგვესვა. ეს კი, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა. ვფიქრობთ, მარკეტერების კატეგორიის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ისედაც შეზღუდულ დროსა და სტრესულ გარემოში უნდა მოიფიქრო განსაკუთრებული იდეა, რომელიც სამიზნე სეგმენტისთვის მიმზიდველი იქნება და რეალურად იმუშავებს, ამასთან ერთად კი, ჰარმონიულ თანხვედრაში იქნება კომპანიის საქმიანობასა და ღირებულებებთან. სწორედ ეს იყო ჩვენთვის მთავარი გამოწვევა — გვინდოდა, ამ ყველა მნიშვნელოვანი პუნქტისთვის თანაბრად გვეპასუხა და შეგვექმნა ნამუშევარი, რომლითაც პირველ რიგში, კმაყოფილები ჩვენ თვითონ ვიქნებოდით.

M: საერთაშორისო კანის ლომებზე საქართველოდან გამარჯვებულის სტატუსით მიდიხართ – რა გეგმები გაქვთ, როგორ მოემზადებით იქ წარსადგენად?

დაჯილდოების დასრულების შემდეგ ორივეს, ცალ-ცალკე დაგვისვეს შეკითხვა — რა იყო ის ორი მთავარი თვისება თუ გარემოება, რამაც ჩვენი გუნდის წარმატება განაპირობა. აღმოჩნდა, რომ ორივემ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თითქმის ერთი და იგივე პასუხი გავეცით — მონდომება და ნდობა ერთმანეთის მიმართ; პასუხისმგებლობა და ნდობა ერთმანეთის მიმართ. ვაპირებთ, გლობალურ კონკურსზეც, მთელი პასუხისმგებლობით, მონდომებითა და ერთმანეთის მიმართ ნდობით, ბოლომდე ვიბრძოლოთ ბრიფზე გამარჯვებისთვის.


კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.

2023 წლის ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი, aPeople, თეგეტა.

საქართველოს ბანკის CSR მიმართულებას ანა ლომთაძე უხელმძღვანელებს

Young Lions Georgia 2023-ის დიჯითალის კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები