in

Young Lions Georgia 2023-ის პრინტის კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები

ვინ იასპარეზებს საქართველოს სახელით ახალგაზრდა კანის ლომებზე? ამ კითხვაზე პასუხი უკვე გვაქვს და მათგან ერთ-ერთი პრინტის კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელი Hans&Gruber-ია, რომელსაც ნინი ბუკია და გიორგი მაღრაძე წარმოადგენდნენ. წელს პრინტის კატეგორიაში ყველაზე დიდი კონკურენცია იყო. აქ უპრეცედენტო რაოდენობის 90 გუნდი ეასპარეზებოდა ერთმანეთს, რომელთა შორისაც გამარჯვება Hans&Gruber-ის პრინტს ხვდა წილად:


M: რას ნიშნავს თქვენთვის კანის ლომების პრინტის კატეგორიაში გამარჯვება?

ჩვენს სფეროში ეს კონკურსი რომ მნიშვნელოვანია, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. ადამიანები ხელახლა ვინტერესდებით ერთმანეთის ნამუშევრებით და ვაფასებთ, ვინ რას და როგორ ქმნის, როგორია იდეური თუ ვიზუალური ხელწერა და სადაა თითოეული გამარჯვებულის „ნიშა”. ერთისთვის კანზე გასვლის პირველი მცდელობა, მეორისთვის კი მესამედ მონაწილეობა და საკონკურსო ასაკთან სიახლოვე, ამ გამარჯვებას თითქოს სიმბოლურ დატვირთვასაც ანიჭებს. Მაღალი კონკურენცია, მოკლე ვადები, საზოგადოების დიდი ინტერესი — თითოეული ფაქტორი მეტ ღელვას იწვევდა, თუმცა, საბედნიეროდ, კონკრეტულ მიზანზე კონცენტრირებაშიც დაგვეხმარა.

M: რა იყო დავალების პირობა და როგორ აღწერთ მასზე მუშაობის პროცესს?

უნდა შეგვექმნა პრინტი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს რაგბის ნაკრების 6 ერის კონკურსში მიღებისკენ, მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. 

ერთი მხრივ, სპორტულ და ეროვნულ თემატიკაზე მუშაობა გამორჩეული პასუხისმგებლობაა, რადგან თამასაც დიდია და ვნებათაღელვაც. ამავდროულად, ვეცადეთ როგორც სხვა დავალებებს, ამ ბრიფსაც თანმიმდევრულად და ამომწურავად მივდგომოდით. ჩვენთვის ეს წინა კონკურსების შედეგებისა და ნამუშევრების შეფასებას, კონკურენტების ანალიზს, ჩვენი თუ სხვისი ძლიერი ან სუსტი მხარეები გადახედვას გულისხმობს და გამოტანილი დასკვნებით მანევრირებას მაშინ, როცა უკვე საკუთარი იდეების დამუშავებასა და გადარჩევას ვიწყებთ. 

ერთად მუშაობა აქამდეც კომფორტული იყო, თუმცა ამჯერად იმაზე საინტერესო და სახალისო პროცესი შეიქმნა, ვიდრე ყოველდღიურ საქმიანობაში. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იდეები შევკარით და ამ განხილვის პროცესში ისეთებიც იყო, სხვა გუნდების მიერ აღსრულებული რომ ვიხილეთ მოგვიანებით. Რაც მთავარია, როგორღაც სტრესისგანაც კი დავცალეთ ეს პროცესი და ფიქრის თუ ხატვის პროცესში ძალიანაც გავერთეთ — მგონი მაშინ მივხვდით, რომ რაღაც კარგი გამოგვივიდა.

M: კანის ლომებზე საქართველოს სახელით მიემგზავრებით… რა მოლოდინები გაქვთ?

ვფიქრობთ, იქ კიდევ უფრო გაგვყვება ის მუხტი და შემართება, რაც აქ გვქონდა და უზარმაზარი კონკურენციის დაძლევის სიხარული, (რადგან 90-მდე გუნდს ვეასპარეზეთ). Მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის, რომელიც წინ გველოდება, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის განცდასთან ერთად. ამავდროულად, თითოეული ადამიანის რჩევა და თანადგომა ძალიან გვეხმარება, რომელსაც ამ მომენტამდე ვგრძნობთ.

M: კიდევ ხომ არ არის რაიმე, რის გაზიარებასაც ჩვენთვის ისურვებდით?

კულტურასთან დაკავშირებული პროფესიული სივრცეები ხშირად ჩაკეტილია და როცა იწყებ არ იცი, რამდენად მოერგები გარემოს, საერთოდ, რა დაგრჩენია ამ საქმეში და როგორია შენი სათქმელი.

ჰოდა, ხანდახან საკუთარი შესაძლებლობების, შემოქმედებითი ხელწერის უნდა დაიჯერო და გააკეთო საქმე ისე, როგორც ამის თავად გჯერა. შედეგები ხან ადრე, ხანაც გვიან მოდის, მაგრამ რაღაც ეტაპზე აუცილებლად გამოჩნდება.

არც ისაა აუცილებელი, რომ აღიარების მოლოდინში ყველა სირთულეს მარტო გაუმკლავდე — ამ კონკურსმა ისიც ხელახლა გვაჩვენა, რომ გუნდური მუშაობა და ერთმანეთის აზრის გათვალისწინება საუკეთესო სტრატეგიაა.

კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.

2023 წლის ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი, aPeople, თეგეტა.

პროგრამები პროფესიონალი და მოყვარული დიზაინერებისთვის – ანნა გუგუტიშვილის რჩევები

იტალიური სამზარეულოს მასტერკლასები — „ახალმა საირმემ“ მიშლენის შეფებს უმასპინძლა