საქართველოში Cannes Lions 2023-ის ახალგაზრდულ კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო. შესარჩევი კონკურსი წელს 4 კატეგორიაში ჩატარდება: დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი და ფილმი.
კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები, ტრადიციულად, კვლავ კანში შეხვდებიან ერთმანეთს. ოფიციალური ფესტივალის თარიღებია 19-23 ივნისი.
საბოლოო შეჯიბრიც ფინალისტებისთვის, შარშანდელი გამონაკლისისგან განსხვავებით, კვლავ კანში ჩატარდება.
ადგილობრივი ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თიბისი, apeople, Tegeta.
წელსაც, კანის ლომების ფესტივალის ქართული წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, მოხდება კანდიდატების წარდგენა, რომელთაგან რჩეულს გადაეცემა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო. ჯილდო გადაეცემა ადამიანს, ვისაც განსაკუთრებული ამაგი მიუძღვის სხვების კრეატიული პოტენციალის გაღვივებაში.
ACAG-ის წევრი სააგენტოებისათვის მონაწილე პირველი გუნდის დარეგისტრირება თითოეულ კატეგორიაში უფასოა, მეორე და მეტის დამატების შემთხვევაში თითო გუნდზე — 200 ლარი.
ACAG-ის არაწევრი სააგენტოებისთვის თითო გუნდის რეგისტრაცია ღირს 300 ლარი. მარკეტერის კატეგორიაში მონაწილეობის ღირებულება კი 100 ლარია.
სტუდენტებისთვის ნებისმიერ კატეგორიაში გუნდის მონაწილეობის ღირებულება 100 ლარია.
ყველა კატეგორიის შეჯიბრი 28 აპრილს დაიწყება, მონაწილეები და ორგანიზატორები ერთმანეთს შეხვდებიან და დეტალურად გაეცნობიან წესებსა და დავალებას. გამარჯვებული გუნდები კი მაისის დასაწყისში გამოვლინდებიან და ივნისში მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესოებს საქართველოს სახელით შეეჯიბრებიან.
კანის ლომების ახალგაზრდულ შესარჩევ შეჯიბრზე რეგისტრაციის საბოლოო ვადაა: სამშაბათი, 25 აპრილი, 19:00.
რეგისტრაციის ბმულები:
აქვე, მოკლედ, წესებსაც გაგაცნობთ:
მთავარი წესი — გუნდის ორივე წევრი ერთსა და იმავე კომპანიაში უნდა იყოს დასაქმებული. ასევე, სავალდებულოა, მონაწილე იყოს არაუმეტეს 30 წლისა, დაბადებული 1992 წლის 23 ივნისის შემდეგ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კრეატიულ სააგენტოებს, აგრეთვე სხვა კომპანიაში მომუშავე შემოქმედებით გუნდებს. კატეგორია „მარკეტერში“ არ არის ნებადართული კრეატიული სააგენტოს სახელით მონაწილეობა. თითოეულ კომპანიას შეუძლია 5 გუნდის დარეგისტრირება.
შეგახსენებთ, Cannes Lions-ის ახალგაზრდული ფესტივალი, საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა. „კანის ლომების“ ადგილობრივი კონკურსი წელს მერვედ იმართება. პროექტის ოფიციალური მედია პარტნიორია Marketer.ge