in

Young Lions Georgia 2024-ის დიზაინის კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები

წელს ახალგაზრდა კანის ლომების ფესტივალზე 250-ზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა, ჩვენ კი უკვე ვიცით იმ 6 გუნდის შესახებ, რომლებიც საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ. თითოეულ მონაწილეს ამ ფესტივალთან საკუთარი ისტორია აკავშირებს, ზოგი პირველად მონაწილეობს, ზოგიც მეორედ, მესამედ… ზოგმაც ისე გაიმარჯვა, სულაც არ აპირებდა ნამუშევრის გამოგზავნას, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ, იციან, რომ უნდა ცადონ. 

წლევანდელი ისტორიებიც გამორჩეულია, ოქრო საკმაოდ საინტერესო მონაწილეებმა მოიპოვეს — ერთს ბევრჯერ უცდია ბედი კანზე და წელს ასაკის გამო ბოლო შანსი ჰქონდა, მეორესთვის კი ეს დებიუტი იყო… ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გეტყვით, რომ ახალგაზრდა კანის ლომების ოქროს ჯილდოს მფლობელი Design კატეგორიაში წელს JWT Metro გახდა, რომელსაც ლუკა ივანიძე და ლუკა მოსიაშვილი წარმოადგენდნენ. 

M: რას ნიშნავს თქვენთვის დიზაინის კატეგორიაში გამარჯვება?

რა გასაკვირია და ძალიან გვიხარია! თუმცა გამარჯვების შემდეგ ისეთი ემოციაც გამოჩნდა, რომელიც რაღაც განსხვავებული მღელვარებით გვახსენებს იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ქვეყნის სახელით ასპარეზობა ჰქვია. ეს საუცხოო განცდაა, რომელიც დიდ მოტივაციასა და შემართებას გვმატებს.

M: Marketer-ზე გამარჯვებულების გამოვლენამდე ყველა ნამუშევარი დაიდო, ნახეთ თუ არა და რა მოლოდინები გქონდათ?

სხვა მონაწილეების ნამუშევრებს მარკეტერზე დადებისთანავე გულმოდგინედ ჩავუსხედით. როდესაც კონკურსში იღებ მონაწილეობას, ბუნებრივია, გაინტერესებს, სხვამ რა გააკეთა — რა იდეა დაებადა, როგორი გადაწყვეტა მოუძებნა და ა.შ.

იყო ნამუშევრები, რომლებიც განსაკუთრებულად მოგვეწონა და წინასწარ ვიცოდით, რომ მათთან კონკურენცია მარტივი არ იქნებოდა.

სიმართლე გითხრათ, გამარჯვების მოლოდინი მაშინ გაგვიჩნდა, როდესაც უშუალოდ ბრინჯაოსა და ვერცხლის ჯილდოს მფლობელები გამოაცხადეს.

M: რა იყო თქვენი დავალება და როგორ აღწერთ მუშაობის პროცესს?

ჩვენი დავალება იყო, შეგვექმნა გალფ კლუბისთვის” ახალი ვიზუალური იდენტობა, რომელიც იქნებოდა ადვილად ამოსაცნობი და, ამავდროულად, ასახავდა ბრენდის არსს. სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპად დავყავით. განვსაზღვრეთ დედლაინები და წინასწარ ვიცოდით, როდის, რა უნდა გაგვეკეთებინა. უპირველესად, ჩავატარეთ პატარა კვლევა და გამოვკითხეთ ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ დაგროვების ბარათებით. საბოლოოდ, საკმაო დრო დავხარჯეთ იმისათვის, რომ გამოსადეგი ინფორმაცია შეგვეკრიბა და მომხმარებლის ინსაითებზე გავსულიყავით.


იდეაზე მუშაობისას არაერთი საინტერესო მიმართულება გამოგვიჩნდა, რამაც უფრო და უფრო გაგვირთულა გადაწყვეტილების მიღება. საბოლოოდ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, დავიჯერეთ იდეის და ბოლომდე შემართებით მივყევით.

M: ეს თქვენი პირველი მცდელობა იყო თუ მანამდეც მიგიღიათ კანის ლომების კონკურსში მონაწილეობა?

ლუკა ივანიძე: პირადად მე ასაკის გამო ამ კონკურსში გამარჯვების ბოლო შანსი მქონდა. აქამდე არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა და, როგორც იქნა, უამრავი მოლოდინების, სიხარულისა თუ იმედგაცრუების შემდეგ მივაღწიე საწადელს. რაც შეეხება ჩემს მეწყვილეს, ლუკა მოსიაშვილს, მისთვის ეს იყო დებიუტი, რომელსაც თავი ფანტასტიკურად გაართვა. 

დიზაინის კატეგორიის ნამუშევრების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

 

ქორეოგრაფიის როლი რეკლამაში

Young Lions Georgia 2024: როგორ შეიქმნა მარკეტერის კატეგორიის გამარჯვებული ნამუშევარი