in

როგორ შეიქმნა Digital კატეგორიის ნამუშევარი, რომელმაც Young Lions Georgia 2024-ზე ოქროს მედალი მოიპოვა

Young Lions Georgia 2024 დასრულდა. საქართველოს ისტორიაში, გამარჯვებულები 6 კატეგორიაში გამოვლინდა. შესაბამისად, 6 ქართული გუნდი იბრძოლებს კანის ლომების მსოფლიო პირველობისთვის, საქართველოს სახელით. ერთ-ერთი მათგანია Digital კატეგორიის ოქროს მფლობელი გუნდი საქართველოს ბანკიდან, ციფრული პროდუქტების უფროსი დიზაინერის, გიორგი ჟუჟიაშვილისა და სოციალური მედიის გუნდის ლიდერის, ნინო ნადარაიას შემადგენლობით. მათი მიზანი იყო, შეექმნათ კამპანია, რომელიც არგენტინული ფეხბურთის გულშემატკივართა კომუნის შექმნას შეუწყობდა ხელს მთელ ევროპაში. ნამუშევრის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ. გამარჯვებული გუნდი ივნისში საფრანგეთის ქალაქ კანში გაემგზავრება და საერთაშორისო ჩემპიონატს იქ შეუერთდება. მანამდე კი, გიორგი და ნინო გვიამბობენ, როგორ შეიქმნა ოქროს მფლობელი კამპანია.

M: როგორ გაერთიანდით ერთ გუნდად Young Lions Georgia-ზე საასპარეზოდ?

რეგისტრაციის პერიოდში ორივე მეწყვილეს ვეძებდით. მაშინ ერთმანეთს არ ვიცნობდით და თანამშრომელმა დაგვაკავშირა. ასე რომ, ჩვენი გადაკვეთა შემთხვევითი იყო. დღეს ძალიან გვეცინება, რომ ერთმანეთში ასე ძალიან გაგვიმართლა.

მონაწილეობა გვინდოდა იმიტომ, რომ კონკურსის ფორმატი განსაკუთრებულ პირობებს ქმნის უნარების გამოსაცდელად. Young Lions არ არის მხოლოდ ხარისხიანი იდეის მოფიქრების სარბიელი. იდეა სხარტი, ყურადღებისმიმქცევი, შემოქმედებითიც უნდა იყოს და ამ ჩანაფიქრის გადაცემა ძალიან შეზღუდულ დროში ლაკონურად და საინტერესოდაც უნდა მოახერხო.

კონკურსის დღეებში მხოლოდ პროექტზე არ გვიმუშავია, პირველ რიგში ერთმანეთი გავიცანით და მოვახერხეთ, რომ ერთმანეთის საუკეთესო მხარეები წამოგვეწია წინ.

M: როგორ მიხვედით ბრიფის ასეთ ამოხსნამდე და როგორი იყო მუშაობის პროცესი?

დაბრიფვის დღეს ერთმანეთს ინდივიდუალურად ფიქრის შესაძლებლობა მივეცით, რამაც საბოლოოდ ბევრი დრო დაგვაზოგინა. მეორე დღეს აზრები და იდეები გავცვალეთ და ფრაგმენტები „ფაზლის“ ნაწილებივით გაერთიანდა. აზრი აზრს და ემოცია ემოციას დავაშენეთ. ამ პროცესში გადამწყვეტი ალბათ ის გულწრფელი უკუკავშირი იყო, რასაც ერთმანეთს ვუბრუნებდით ხოლმე.

Digital კატეგორიაში ჩვენი ამოცანა არგენტინული ფეხბურთის ფანების ერთ ვებპლატფორმაზე გაერთიანება და არგენტინული ფეხბურთის ევროპაში პოპულარიზაცია იყო. 

ბრიფის გადაჭრისას მთავარი მუხტი პირადი გამოცდილება გახდა – ემოცია, რომელიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისას ცოტა ხნის წინ განვიცადეთ. სწორედ სკანდირებისას განცდილ კოლექტიურ ემოციებთან იყო დაკავშირებული ინსაითი, რომელსაც ბოლომდე მივყევით. 

ჩვენი პროექტის გზავნილი იყო: Chant your Prayer to Football Gods. კონცეფცია, ერთი მხრივ, პარალელს ავლებდა სპორტსა და რელიგიას შორის; მეორე მხრივ, ხაზს უსვამდა შინაარსს, რომ მატჩის დღეს გულშემატკივრები გუნდის წარმატებისა და იღბალისთვის “ლოცულობენ” და მესამე მხრივ, იყო განაცხადი, რომ ფეხბურთის “ნამდვილი ღმერთები” ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელები არიან: დიეგო მარადონა, ლაიონელ მესი, რიკელმე, ბატისტუტა, ა.შ.

პროექტის საბოლოო სახემდე მიყვანა შრომატევადი აღმოჩნდა, და იყო მომენტებიც, როცა აზრებს ჩიხში შევყავდით, მაგრამ ყოველ ჯერზე ფიქრთა ახალ და ლაღ მსვლელობას ვაძლევდით გასაქანს. პრეზენტაციის ტექნიკურად შესრულება გაგვიადვილდა, რადგან უკვე ცხადად გვქონდა წარმოდგენილი რისი გადმოცემაც გვინდოდა.

M: რა იყო ყველაზე რთული ნაწილი Young Lions Georgia 2024-ზე მონაწილეობისას?

ბრიფის “ამოხსნიდან” პრეზენტაციის ჟიურისათვის წარდგენამდე, მთლიანი პროცესი დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ნებისმიერ გუნდს მობილიზება, დროის სწორად განაწილება და ყველაზე მთავარი, საკუთარი თავის და მეწყვილის რწმენა სჭირდება.

ჩვენ შემთხვევაში, ერთმანეთის პატივისცემით, მოსმენითa და ზრუნვით გუნდური მუშაობის იდეალური შუალედი ვიპოვეთ.

M: რას ნიშნავს თქვენთვის კანის ლომებზე საქართველოს სახელით ასპარეზობა?

ესაა დიდი შანსი და დიიდი პასუხისმგებლობა. ზუსტად ვიცით, საუკეთესო წინ არის!

ადგილობრივ კონკურსში გამარჯვება იყო ძალიან მძაფრი და ამ ბედნიერებამდე იმ შრომამ მიგვიყვანა, რომელიც ჩვენი ნამუშევრის უკან იდგა.

ვაცნობიერებთ, რომ კანში ასპარეზობა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ თავდადებას და ანგარიშვალდებულებას არა მხოლოდ საკუთარი თავის და ორგანიზაციის მიმართ, არამედ უკვე ქვეყნის და ქართული კრეატიული ინდუსტრიის წინაშე.

23 აპრილი – წიგნის დღის ისტორია და ორიგინალური კამპანიები

როგორ დავიცვათ ბავშვები ონლაინ საფრთხეებისგან? — ChildX-ის კამპანია