in

Young Lions Georgia 2024-ის ფილმის კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები

ახალგაზრდა კანის ლომების 2024 წლის კონკურსი უკვე დასრულდა — ვიცით, ვინ იქნება „საქართველოს ნაკრები“ საერთაშორისო შეჯიბრზე… შემოქმედებითი ვნებათაღელვა და ფუსფუსი კი აქედანვე გაჰყვებათ უდიდეს მუხტად! წელს ფილმის კატეგორიაში ბევრი საინტერესო ნამუშევარი ვიხილეთ, ოქროს ჯილდო კი ანა თედიაშვილმა და მარიტა ყაველაშვილმა მიიღეს, რომლებიც Boba Production-ს წარმოადგენდნენ.

M: რას ნიშნავს ეს გამარჯვება თქვენთვის? როგორ გამოიყენებთ მიღებულ გამოცდილებას პროფესიული კუთხით?

მარიტა: ორივეს ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცდილება გვაქვს — სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიციაზე გვიმუშავია, თუმცა არასდროს ფროდაქშენის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ამისი დიდი სურვილი გვქონდა. ზოგადად, ჩვენი ხედვები და სტრატეგიული მიდგომები ძალიან ხშირად ემთხვეოდა ერთმანეთს.

მე პირადად კარიერის დასაწყისში სოციალური მედიის მენეჯერის, ექაუნთ მენეჯერისა და ბოლოს უკვე საქართველოს ბანკში ბრენდ მენეჯერის პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება მაქვს, სადაც გადაიკვეთა ჩემი და ანას გზები.

ერთად და ცალ-ცალკე, ყოველთვის ვაკვირდებოდით და განვიხილავდით კომპანიებისა და კამპანიების საკომუნიკაციო გზავნილებს, განსაკუთრებით ფილმის სახით და სწორედ ამან შეგვაგულიანა, რომ ჩვენთვის უცხო კატეგორიაში მიგვეღო მონაწილეობა. 

ამ გამარჯვებით ის მესიჯი, რაც ბრიფში იყო მოცემული საკუთარ თავებზე გამოვცადეთ და მიუხედავად იმისა, რომ იქამდე არაერთხელ გვქონდა გაგებული, ალბათ, ასე მკაფიოდ არასდროს გვესმოდა.

ანა: მე და მარიტას გვაქვს ერთი მთავარი საერთო: არასოდეს არ ვწყვეტთ სწავლას. როცა ამ კატეგორიაში გავდიოდით, სიმართლე გითხრათ, გამარჯვებაზე არც გვიფიქრია. ეს უნდა ყოფილიყო გამოცდილება და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა საუკეთესო გამოცდილება — გამარჯვება, რომელსაც არ ელოდები. თუმცა არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელ ადგილზე გავიდოდით. თვითონ პროცესი იყო ძალიან საინტერესო და რთული. მთავარი მიზანი, რაც გვქონდა მონაწილეობისას — ახლის სწავლა, ეს შევძელით.

M: როგორ მიუდექით ბრიფს? რამდენად საინტერესო იყო მოცემული დავალება თქვენთვის და რა პრინციპით ააგეთ შესაბამისი სიუჟეტი? 

მარიტა: ბრიფი დასაწყისშივე მოგვეწონა, თუმცა გვქონდა რამდენიმე „არა“, რომლებსაც ბოლომდე არ ვუღალატეთ. 

პირველი „არა“ ის იყო, რომ ბრიფი უნდა ყოფილიყო სახელმძღვანელო, მაგრამ მხოლოდ ბრიფში არ უნდა დავრჩენილიყავით და მის მიღმა უნდა მოგვეძებნა გასაღები. 

მეორე „არა“ მთლიანად ნაკარნახები იყო იმ შთამაგონებელი ვიდეორგოლებისგან, რომლებსაც ადგილობრივი და გლობალური კომპანიები გვთავაზობენ ხოლმე. ჩვენი ვიდეო არ უნდა ყოფილიყო ის, რაც უკვე თავად გვქონდა ნანახი.

ჩვენ შემთხვევაში ძირითადი სეგმენტი იყვნენ ქართველი თინეიჯერები და მათი მშობლები, შემდეგი „არა“ სწორედ ამ ორი სეგმენტის გაყოფას ვუთხარით. ინსაითი და სიუჟეტიც შვილებისა და მშობლების, მათ შორის ჩვენი და ჩვენი მშობლების გამოცდილებამ გვიკარნახა. ამდენი ახალი პროფესიიდან, შესაძლოა, მშობლებს უჭირდეთ გაიგონ ზუსტად რას აკეთებ — Coffee Hider ხარ თუ Senior highlighter, მაგრამ როდესაც მათთვის გაუგებარ და შენთვის საყვარელ საქმეში წარმატებას აღწევ, ეგრე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ისინი შენზე მეტად ბედნიერები და ამაყები არიან. 

ანა: დავალება თავიდანვე ძალიან მოგვეწონა. ბრიფი ძალიან კარგად გავიაზრეთ და ინსაითიც მალევე ვიპოვეთ. თუმცა ყოველი ახალი იდეის გაჟღერებისას, თავიდან ვუბრუნდებოდით და ვფიქრობდით, ჩვენი იდეა რამდენად პასუხობდა დავალებას.

ფიქრის პროცესში არ შეგვშინებია რამდენიმე „არას“ თქმის და ბოლომდე შევძელით, რომ გაგვეთვალისწინებინა. ვფიქრობთ, ამ რამდენიმე „არამ“ იქონია გავლენა იმაზე, რომ საბოლოო პროდუქტი ასეთი გამოვიდა.

დავალება იყო, რომ თინეიჯერებისთვის მოგვეწოდებინა, არჩევანი თავად გაეკეთებინათ კარიერული კუთხით, მოესმინათ საკუთარი თავისთვის ნაცვლად მშობლების თუ სხვა ნაცნობებისა. გადაეფასებინათ საკუთარ თავში ის მცდარი აღქმა, რომ სტერეოტიპული პროფესიები უფრო მეტია, ვიდრე ახალი — შედარებით უცნობი პროფესიები. გვინდოდა, იდეა ორივე სეგმენტისთვის რელევანტური ყოფილიყო და მხოლოდ თინეიჯერებთან ან მხოლოდ მშობლებთან არ მისულიყო ჩვენი გზავნილი.

გადავწყვიტეთ, გვეჩვენებინა შვილი, რომელსაც სურს თავისი სიხარული პირველი მშობელს გაუზიაროს და მშობლის მხარე, რომელსაც ხშირად ეშინია ახალი პროფესიების, რადგან უბრალოდ არ იცის, რას აკეთებს მისი შვილი და სხვებთან საუბრისას სულ სხვადასხვა ვარიაციას იგონებს. თუმცა არ დავკარგეთ მშობლის ბუნება, რომელიც მაინც გამონახავს გზას, რომ უპირობოდ უყვარდეს და ამაყობდეს თავისი შვილით. ამის ჩვენება პოზიტიური პერსპექტივიდან გვინდოდა და მგონი, შევძელით.

M: რა იყო სიუჟეტის ძირითადი შთაგონება? და საკუთარ თავზე თუ გამოგიცდიათ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული სირთულეები — ანუ რამდენად ნაცნობი იყო ეს თემა თქვენთვის?

მარიტა: ჩემთვის სიუჟეტის შთაგონება ჩემი მშობლები იყვნენ, რომლებსაც არ უცდიათ გავლენა მოეხდინათ ჩემ გადაწყვეტილებაზე პროფესიის არჩევისას, თუმცა დასჭირდათ ჯერ სოციოლოგის, მერე სოციალური მედიის მენეჯერის, მერე ექაუნთ მენეჯერისა და ბოლოს ბრენდ მენეჯერის პოზიციის სახელების დამახსოვრება და ამ ყველაფრის მერე, ვერ გაუგიათ, კანის ახალგაზრდულ ფესტივალზე ფილმის კატეგორიაში რანაირად გავიმარჯვეთ. მთავარია, უხარიათ.

ანა: პირადად მე, ეს სირთულე არ გამომიცდია, არჩევანი თავად გავაკეთე. ყოველთვის, ჩემი მშობლებიც იმ გზაზე იყვნენ, სადაც მე ვიყავი და ალბათ, რაც არ უნდა ამერჩია, მაინც შეძლებდნენ ჩემთვის მოსმენას. სწორედ ამ დამოკიდებულებამ, მაქცია იმ ადამიანად, ვინც ვარ დღეს.

შთაგონებაც აქედან წამოვიდა, აღმოვაჩინე, რომ ზუსტად ის ადამიანები არიან ჩემი მშობლები, რომლებიც რაც არ უნდა მოხდეს, მაინც გამონახავენ გზას, რომ ჩემით იამაყონ.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები უკვე კანში?

მარიტა: ამ გამარჯვებას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ვიცით, რომ ყველა გული, თვალი და ყური ჩვენკენ არის მომართული. იმდენი ძალიან კარგი საკონკურსო ნამუშევარი ვნახეთ, რომ აქ გამარჯვებაც არ ყოფილა მარტივი საქმე! ვიცით, რომ იქ კიდევ უფრო დიდი კონკურენცია გველოდება, ამიტომ ფესტივალამდე ვაპირებთ მთელი ჩვენი რესურსი მომზადებისკენ მივმართოთ. 

ანა: პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და ახლა უკვე კანში, ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოში მედლით დასაბრუნებლად.

მჯერა ჩვენი შესაძლებლობების და იმ დამოკიდებულების, რომლებიც არასოდეს არ გვაჩერებს და ყოველთვის ახალს გვასწავლის.

რა განაპირობებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების მზარდ გამოყენებას სამსახურში

„თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას — „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა