in

Young Lions Georgia 2024-ის PR კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები

ვენ უკვე ვიცით, ვინ წარდგება კანის ლომების საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით. გამარჯვებული სულ 6 გუნდია, რომელთა შორის წელს პირველად არის PR კატეგორია. გამარჯვებულებმაც პირველად ცადეს ბედი კანის ლომებზე, არც არანაირი მოლოდინი ჰქონიათ, არც ამგვარი გამოცდილება, თუმცა ინსპირაციის ძიება ზოოპარკში დაიწყეს და იდეაც იქ გაუჩნდათ, სადაც ნამდვილი ლომები არიან… ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ახალგაზრდა კანის ლომების 2024 წლის გამარჯვებული PR კატეგორიაში Leavingstone-ის გუნდი გახლავთ — ნინო თოთლაძე და ლანა ბაჩალიაშვილი.

M: რა იგრძენით, როცა კანის ლომების ოქროს ჯილდოს მფლობელად თქვენი ნამუშევარი დასახელდა?

პირველი რამდენიმე წუთი არცერთს გვახსოვს ფაქტობრივად, ერთი ის გვახსოვს, რომ ძალიან დიდი ხანი ხელს არ ვუშვებდით ერთმანეთს. ფოტოებშიც ჩანს. შემდეგ უკვე წამოვიდა შეგრძნებები. უპირველესად, მადლიერების, ზოგადად, ყველას და ყველაფრის მიმართ, რომ ჩვენი ამდენი ხნის შრომა დაგვიფასდა, შემდეგ უზომო ბედნიერება და პასუხისმგებლობა ვიგრძენით, როცა გავიაზრეთ, რამხელა ამბავი ხდებოდა ჩვენ თავს, რომ ახლა უკვე ქვეყანა უნდა გვესახელებინა საერთაშორისო ასპარეზზე.

M: რამდენად მოსალოდნელი იყო თქვენთვის ეს გამარჯვება?

ისე დავრეგისტრირდით, რომ არაფრის მოლოდინი გვქონია. უბრალოდ, გვინდოდა, ახალი გამოცდილება მიგვეღო და საკუთარი თავები გამოგვეცადა, თან ორივე პირველად ვიღებდით მონაწილეობას. ზუსტად ვიცოდით, რომ ერთად ძალიან კარგ რაღაცებს აღმოვაჩენდით და კარგადაც გავერთობოდით.

შორთლისთშიც რომ დავინახეთ საკუთარი თავი, მაშინაც კი ვერ ვიჯერებდით, თუმცა უფრო ხელშესახები გახდა გამარჯვება და რთულია, ამ შეგრძნებების გადმოცემა. ერთმანეთს ვურეკავდით და ვარწმუნებდით, რომ ეს ყველაფერი ჩვენ თავს მართლა ხდებოდა. ახლაც ბოლომდე არ გვჯერა, ალბათ, კანში რომ ჩავფრინდებით, მერე დავიჯერებთ.

M: რამდენად საინტერესო იყო ბრიფი და როგორ აღწერთ მუშაობის პროცესს?

ბრიფი რომ გავიგეთ, ძალიან ავჟიტირდით, ორივესთვის ძალიან ორგანული იყო ამ თემაზე მუშაობა. ზოგადად, ქალების გაძლიერება ჩვენთვის პრიორიტეტულია ყველა სფეროში. საბოლოო დავალება რომ მივიღეთ, ფაბრიკაში ვიყავით, ჩვენდა საბედნიეროდ, სპორტში საკმაოდ ჩახედულ მეგობრებთან ერთად და პირველადი მოკვლევაც იქვე ჩავატარეთ. ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მივიღეთ მათგან და დიდი დროც დაგვაზოგვინეს, მადლობა კარგო ხალხო…

შემდეგ დღეს კი ინსპირაციისთვის ზოოპარკსაც ვეწვიეთ, იქვე ფოკუს-ჯგუფებიც ჩავატარეთ.

იდეა სწორედ ნამდვილი ლომების ყურებისას მოგვივიდა. მაშინვე გავიქეცით და წერა დავიწყეთ.

როგორც GEN Z-ის წარმომადგენლებმა, ვიცოდით, როგორ შეიძლებოდა მიგვექცია ჩვენი თარგეთის ყურადღება და საქმეს შევუდექით. შორთლისთის შემდეგ კი მოვისმინეთ რჩევები, ბევრი ვიმეცადინეთ და დავრწმუნდით, რომ ყველაფერი სწორად მიდიოდა. 

M: რას ნიშნავს თქვენთვის კანის ლომებზე საქართველოს სახელით წარდგენა?

ძალიან დიდი გამოწვევაა, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს. Ბევრს ვიმეცადინებთ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ერთმანეთს ვენდობით, რაც მთავარია, და ზუსტად ვიცით, იქაც პროცესით ძალიან დიდ სიამოვნებას მივიღებთ. 

M: კიდევ ხომ არ არის რაიმე, რის გაზიარებასაც ჩვენთვის ისურვებდით?

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც არ დაიშურა რჩევები, გამამხნევებელი სიტყვები, კოსმოსში გაშვებული ენერგიები, ვისაც სჯეროდა ჩვენი და ჩვენზე მეტად გაუხარდა ეს გამარჯვება. უბრალოდ, გვინდა იცოდნენ, რომ მათ გარეშე ეს ყველაფერი არ იქნებოდა რეალური. 

Young Lions Georgia 2024-ის PR კატეგორიის ნამუშევრების სანახავად ეწვიეთ ბმულს

Yoyoso plans to expand its retail chain

ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს