in

Young Lions Georgia 2024-ის პრინტის კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები

ახალგაზრდა კანის ლომების 2024 წლის კონკურსი უკვე დასრულდა — ვიცით, ვინ იქნება „საქართველოს ნაკრები“ საერთაშორისო შეჯიბრზე… შემოქმედებითი ვნებათაღელვა და ფუსფუსი კი აქედანვე გაჰყვებათ უდიდეს მუხტად! წელს პრინტის კატეგორიაში ბევრი საინტერესო ნამუშევარი ვიხილეთ, ოქროს ჯილდო კი Redberry-ის გუნდმა მოიპოვა — მარიამ ბეროძემ და დეივმა.

M: რას ნიშნავს თქვენთვის კანის ლომების პრინტის კატეგორიაში გამარჯვება?

მარიამი: ამ ჯილდოს ჩემთვის წარმოუდგენელი მნიშვნელობა აქვს. თურმე სწორი გზით მივლია, თურმე სწორად მიძებნია თავი და ახლა სადაც ვარ, ეგაა მართალი და ნამდვილი! ამას გარდა, ჩემთვის ეს გამარჯვება სიმბოლური მადლობაცაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩემი სჯეროდა, ვინც მენდობოდა და მგულშემატკივრობდა. Redberry-ში გადავდგი ჩემი პირველი ნაბიჯები ციფრულ სამყაროში, ამ სააგენტოში გავიზარდე, არაჩვეულებრივ ადამიანებს შევხვდი და მიხარია, რომ ამ გამარჯვებას ჩემთან ერთად იზიარებენ. 

დეივი: 2 წლის წინ ფილმის კატეგორიაში გავიმარჯვე. იმ დღის შემდეგ დავისახე მიზნად პრინტის კატეგორიაში გამარჯვებაც, რაც ჩემი ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. საბედნიეროდ, დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. ამ გამარჯვებამ შემმატა თავდაჯერება და მომცა მეტად განვითარების მუხტი.

M: რა იყო დავალების პირობა და როგორ აღწერთ მასზე მუშაობის პროცესს?

მარიამი: პრინტის მიზანი ადამიანების წახალისება იყო, რომ მეტი გაეგოთ სტიქიურ უბედურებებზე და მომზადებული დახვედროდნენ ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს. აუდიტორიისთვის უნდა გაგვეცნო ალდაგის ახალი პლატფორმა Boloketilia.ge, სადაც, მოგზაურობამდე, ყველა საჭირო ინფორმაციას ნახავდნენ. 

ბრიფი არ იყო მარტივად ამოსახსნელი, ამიტომ მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო გამოვიდა. ზოგადად, ასეთ კონკურსებში დიდი მნიშვნელობა აქვს მეწყვილეს, ვისთან ერთადაც მონაწილეობ. მე მგონია, რომ ერთმანეთისთვის კარგი პარტნიორები აღმოვჩნდით და ერთმანეთს რთული სამუშაო პროცესი გავუმარტივეთ.

დეივი: კი. ბრიფი რთულთან ერთად საინტერესო და საკმაოდ საპასუხისმგებლოც იყო ჩვენთვის, თუმცა ერთად ფიქრი და იდეების გენერერიბა არ გაგვიჭირდა და საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა გაამართლა.

M: როგორ მიხვედით საბოლოო იდეამდე და მსგავსი ვიზუალით თუ წარწერით როგორ გადმოეცით სასურველი აზრი?

მარიამი: ბრიფი უთვალავჯერ წავიკითხეთ. როცა იდეებს ჩამოვყრიდით, ბრიფს ვუბრუნდებოდით და ვფიქრობდით, ამოდიოდა თუ არა კონკრეტული იდეა ამ დავალებიდან. ზუსტად ვიცოდით, რომ ხალხი არ უნდა შეგვეშინებინა და ჩვენი პრინტი უნდა ყოფილიყო პოზიტიური მესიჯის მატარებელი. საკმაოდ ბევრი ინსაითი გვქონდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ერთ იდეაზე ჩამოვყალიბდით, რომელიც ყველაზე მეტად მოგვწონდა. პრინტის მესიჯი და ვიზუალური გადაწყვეტა ადამიანებს არ აფრთხობს, მეტად აგულიანებს კიდეც. 

დეივი: სწორედ ასე იყო. იდეაზე ჩამოყალიბების შემდეგ, ვიზუალურ ნაწილზე მუშაობა არ გაგვჭირვებია, რადგან დაზუსტებით ვიცოდით, რას ვაკეთებდით და რა გვქონდა საბოლოო მიზნად.

M: კანში საქართველოს სახელით მიემგზავრებით და რა მოლოდინები გაქვთ? ასევე, რა ახალი შესაძლებლობაა ეს თქვენთვის კარიერული თვალსაზრისით?

მარიამი: მე და დეივი ბრიფზე მუშაობამდე შევთანხმდით, რომ არც თავს და არც ერთმანეთს არ დავსტრესავდით, უბრალოდ, მუშაობით ვისიამოვნებდით და ეგრეც მოვიქეცით. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ ამოცანა სწორად ამოგვეხსნა და მერე ის პრინტი ჩვენვე მოგვწონებოდა, რასაც გავაკეთებდით. კანშიც სწორედ ამას ვაპირებთ –  არ ვინერვიულებთ, ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ და ვეცდებით, რომ კონკურენტუნარიანი ნამუშევრით წარვდგეთ. 

რაც შეეხება კარიერულ შესაძლებლობებს, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ახლა იწყება.  

დეივი: ჩვენი მთავარი მიზანი ამ პროცესებით სიამოვნებაა, ვეცდებით არ ვინერვიულოთ და ჩვენი საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ ისე, როგორც აქ შევძელით. დიდი სურვილი და რწმენა მაქვს, რომ იქაც შევძლებთ წარმატების მიღწევას.

რაც შეეხება კარიერას, ახლა მთავარი მიზანი კანის ფესტივალზე წარმატებული ასპარეზობაა. კარიერული განვითარებაც თავისით მოვა.

საქართველო ფორმაშია! – როგორ შეიქმნა კამპანია, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა!

მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ