in

Რატომ უჭერს მხარს თიბისი კანის ლომების ახალგაზრდულ შეჯიბრს?

კანის ლომების შემოქმედებითი ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის, არამედ დაინტერესებული პირებისა და ზოგადად ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, მისი მხარდაჭერის სურვილი სხვადასხვა კომპანიას უჩნდება, რათა საზოგადოებაში აქტუალური საკითხების კრეატიულად აქცენტირებაზე ერთობლივად იზრუნონ.

მოგეხსენებათ, კანის ახალგაზრდა ლომებმა უკვე მიიღეს დავალებები, გამარჯვებულები კი 6 მაისს გამოვლინდებიან. ამასთან, მარკეტერისა და პრინტის კატეგორიას თიბისი უჭერს მხარს — ამის შესახებ მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი გვესაუბრება.

M: მაკუნა, პირველ რიგში, იმაზე ვისაუბროთ, რატომ უჭერთ მხარს კანის ლომების ახალგაზრდულ ფესტივალს მხარს?

ზოგადად, თიბისისთვის ნებისმიერი სფეროს მიმართულებით ახალი თაობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. შექმოქმედებითი ინდუსტრია კი სწორედ ის არის, რასაც მუდმივად ვაკვირდებით და როგორც ორგანიზაციას, გვსურს მის განვითარებაზე სათანადოდ ვიზრუნოთ. რეალურად, ეს იმანაც განაპირობა, რომ თიბისის ბრენდს 30-წლიანი ისტორია აქვს, რომლის ფარგლებშიც ყოველთვის გვერდით გვედგა სხვადასხვა სააგენტო — მათთან ნებისმიერი სახის კოლაბორაცია სიახლეების დანერგვასა და მოსაზრებების გაცვლას მოიცავს. შესაბამისად, ჩვენთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ქვეყანა განვითარდეს შემოქმედებითი ინდუსტრიის პროგრესის თუ ახალგაზრდების გარეშე, რომლებიც ამ სფეროთი დაინტერესდებიან.

გარდა ამისა, გვჯერა, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი შესაძლებლობები გვაქვს საქართველოში. ვფიქრობთ, ძალიან კრეატიული, გონებაგახსნილი ახალი თაობა მოდის, რომელსაც ფართო შესაძლებლობები ექნება, განსხვავებით 30 წლის წინანდელი ჩაკეტილი მდგომარეობისა. ერთგვარი საზღვრების მოშლის ნათელი მაგალითი კი სწორედ კანის ლომების ფესტივალია, რომელიც ქვეყნის სწორ პოზიციონირებაში გვეხმარება.

M: წლევანდელ ფესტივალზე მარკეტერისა და პრინტის კატეგორიების მხარდამჭერები ხართ… რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება?

დიახ, წელს ეს ორი კატეგორია ავირჩიეთ. მარკეტერის შემთხვევაში ასეთი მიდგომა გვაქვს: შემოქმედებითი ინდუსტრია კომერციულ სფეროში არსებულ ბრენდებთან ერთად ვითარდება. ყოველთვის მნიშვნელოვანია სააგენტოსა და დამკვეთს შორის ურთიერთობა იყოს გამჭვირვალე, თანამშრომლობაზე დაფუძნებული და საერთო მიზნისა და ღირებულების მატარებელი. შესაბამისად, მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებიც საჭირო უნარებით უნდა იყვნენ აღჭურვილი და ესმოდეთ, თუ რა როლი აქვს ბრენდების განვითარებაში შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

რაც შეეხება პრინტს, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ საკითხზე აქცენტირებისას, ვერბალურთან ერთად, ვიზუალური ენაც უდიდეს როლს ითავსებს. ხშირად უფრო ეფექტური და შთამბეჭდავიც კია. ზოგადად, ჩვენი აზრით, ვიზუალურ გამოხატულებას განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს — თუნდაც, ფართო მასებთან კომუნიკაციისას.

M: დაბოლოს, რას ეხება ამ ორი კატეგორიის ბრიფი?

მარკეტერის კატეგორიის ბრიფი ჩვენთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს და ახალგაზრდების განვითარების ძირეულ შესაძლებლობას, განათლებას ეხება. თავის მხრივ, თიბისი ყოველთვის ცდილობდა, თავისი წვლილი შეეტანა ამ სფეროს პროგრესში. შესაბამისად, ბრიფის მთავარი მოთხოვნა ასეთია: როგორ შეიძლება მომავლის პროფესიების ჭრილში განათლების ხელმისაწვდომობას შევუწყოთ ხელი.

ხოლო პრინტის კატეგორიის ბრიფი ჩვენთვის ერთ-ერთ საყვარელ საკითხს ეხება — რაგბის. ის საქართველოსთვის ძალიან წარმატებული სპორტის სახეობაა და ახალი თაობის მის მიმართ ინტერესის გაღვივებაც გვსურს. ის, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის სარაგბო კულტურა მსოფლიოს უფრო მაღალ ეშელონებში დავაპოზიციონიროთ, მოთხოვნის ძირითადი არსია. გვსურს, ქართველი მორაგბეების მაღალი პოტენციალი უფრო თვალსაჩინო გავხადოთ.


კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.

2023 წლის ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი, aPeople, თეგეტა.

კომერციული ინოვაციების ტემპს მომხმარებლები აკონტროლებენ

ვოლტი გორშია!