მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ხელმძღვანელობის სხვადასხვა მიდგომა არსებობს, ბევრი ჩვენგან მაინც ერთსა და იმავე კითხვებს სვამს ეფექტურ ლიდერობასთან დაკავშირებით: როგორ ვიურთიერთო გუნდის წევრებთან? როგორ დავიმსახურო მეტი პატივისცემა? როგორ მოვიპოვო თანამშრომლების ნდობა?
ქედი კოლმენი ამ კითხვების წინაშე არაერთხელ აღმოჩენილა, როგორც ქიმიკოსი, ინჟინერი, საჰაერო ძალების პოლკოვნიკი და ასტრონავტი. ამ მრავალფეროვანი კარიერის განმავლობაში კი ერთგვარი სტრატეგიაც შეიმუშავა გამოწვევებთან გასამკლავებლად და საუკეთესო როლის მოსარგებად.
1. იყავით საკმარისად მამაცი, რათა გუნდის წევრებთან ინდივიდუალურ დონეზე იურთიერთოთ
ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ გუნდში „მე“ არ არსებობს. ამგვარი მიდგომა კეთილი განზრახვით კი ჩამოყალიბდა, მაგრამ ნეგატიურადაც აღიქმება. თითქოს თანამშრომლები განსაკუთრებულობის აღქმას კარგავენ, საკუთარ ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და შესაძლებლობებს ივიწყებენ. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღიარება, ვინ მუშაობს კომპანიისთვის თავდაუზოგავად.
როცა შეგიძლიათ იმის აღიარება, რომ თქვენი სამყარო განსხვავდება სხვისგან და ამ უცნობის უფრო ღრმად შესწავლა გინდათ, ნდობა ბუნებრივად იწყებს ჩამოყალიბებას. ასე ვთქვათ, საკომუნიკაციო არხი იხსნება — ეს კი გუნდის წევრების ინდივიდუალურ დონეზე გაცნობას უწყობს ხელს.
მაგალითად, როდესაც კოლმენი კოსმოსურ სადგურზე გადასასვლელად ემზადებოდა, გააფრთხილეს, რომ დიდი ხნის გარეშე მოუწევდა ოჯახისგან შორს ყოფნა. თუმცა ეს მისთვის პრობლემა არ ყოფილა — ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოგზაურობდა და მიჩვეული იყო მსგავს მდგომარეობას. თანაც არა მხოლოდ თავად უმკლავდებოდა ასეთ გამოწვევას, არამედ სხვებსაც ეხმარებოდა სირთულის გადატანაში. ინდივიდუალურ დონეზე ესმოდა თითოეულის ფიქრები და ცდილობდა, ზუსტად დახმარებოდა გადაჭრაში.
2. შექმენით კულტურა, რომელიც ყველა იდეას იღებს
რა თქმა უნდა, ლიდერები ხელმძღვანელობენ გუნდებს, მაგრამ გუნდის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მათ ღირებულ იდეებსაც მიიღებენ.
NASA-ში მუშაობისას სწორედ ამ პოზიციას იყენებდა კოლმენი. ბიუჯეტის შემცირების გამო, ნასა პატარა კოსმოსური კოსტიუმების წარმოებას წყვეტდა. თავად კი ორი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: ან უნდა დალოდებოდა, როდის შეიძენდა კოსმოსური სააგენტო მისთვის შესაფერის კოსტიუმს; ან დიდი კოსტიუმისთვის ევარჯიშა.
საბოლოოდ, ხელმძღვანელობას ტრენინგების ჩატარებისკენ უბიძგა, რათა დამატებითი ხარჯებიც აერიდებინათ თავიდან და ასტრონავტების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც ეზრუნათ. ცხადია, მას ლაპარაკის თავისუფლება რომ არ ეგრძნო, წლების განმავლობაში მოუწევდა ლოდინი…
3. ენდეთ თქვენს მისიას
სამუშაო ადგილის დინამიკა ყოველთვის იცვლება — შესაძლოა, თანაგუნდელის სამუშაო/ცხოვრების პრიორიტეტები შეიცვალა; ან დიდი შეცდომა მოითხოვს, რომ ყველამ ერთად იმუშაოთ ახალი წნეხის ქვეშ. ეს გამოწვევები ართულებს ნდობის ხელშეწყობას, მაგრამ ხშირად შესაძლებლობასაც წარმოადგენს.
„ასეთ სიტუაციებში ყოველთვის უნდა ვიკითხოთ, რა და რატომ ხდება. თან აუცილებელია ყველანაირი აზრის მიღება — კავშირი პატარ-პატარა დეტალებში ვლინდება. როდესაც ხელმძღვანელი „კოლეგების ენას“ სწავლობს, ყველა პროცესი მარტივად მიმდინარეობს“, — აღნიშნავს კოლმენი.