in

როგორ გადააქცია იოკო ონომ ხელოვნება სამოქალაქო პროტესტის იარაღად

როდესაც იოკო ონოს ახსენებენ, უმეტესობას ორი რამ ახსენდება: მშვიდობის პროპაგანდა ჯონ ლენონთან ერთად, ან The Beatles-ის დაშლა. თუმცა Tate Modern-ის ახალი გამოფენა “Music of the Mind” გვიჩვენებს, რომ 91 წლის აქტივისტი და ლენონის ქვრივი გაცილებით მეტია, ვიდრე ცნობილი მუსიკოსის მუზა.

საინტერესოა, რომ ონოს ყველაზე მძლავრი პროტესტი სწორედ 1966 წლამდე, ლენონთან შეხვედრამდე გამოიხატა. ამას ადასტურებს Blavatnik Building-ის დარბაზებში გამოფენილი ნამუშევრები. მისი ცნობილი ექსპერიმენტული ფილმი “Cut Piece” (1964) – სადაც კიოტოს პერფორმანსზე მაყურებელს საკუთარი სამოსის ნაწილ-ნაწილ მოჭრის უფლება მისცა, სანამ საცვლებში არ დარჩა – სწორედ ქალის როლის, სხეულის და საზოგადოებრივი ნორმების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატულებაა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ტოკიოდან ევაკუირებულმა პატარა იოკომ თავშესაფარი ცის უსასრულობაში იპოვა. სოფელში უმცროს ძმასთან, კეისუკესთან ერთად მინდვრებში წამოწოლილი ღრუბლების მოძრაობას და ცის ფერთა ცვალებადობას აკვირდებოდა. „მაშინ შემიყვარდა ცა,“ – ამბობს ონო, – „როცა ირგვლივ ყველაფერი ინგრეოდა, ცა მუდამ ჩემთან იყო… სანამ ცა არსებობს, ცხოვრებაზე უარს ვერ ვიტყვი“.

ეს ბავშვობისეული განცდა მოგვიანებით მისი პროტესტის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. “Sky TV” (1966) – ცის 24-საათიანი ჩანაწერი – ხელოვნური საზღვრების წინააღმდეგ გალაშქრებაა: ონო გვახსენებს, რომ ყველა ადამიანი ერთი და იმავე ცის ქვეშ ცხოვრობს.

მისი “Bag Piece” (1964), სადაც შავ ტომარაში მოთავსებული ადამიანი კარგავს რასის, სქესის და ასაკის მახასიათებლებს, დისკრიმინაციის წინააღმდეგ პროტესტია. ეს იდეა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ათწლეულის ბოლოს ონომ და ლენონმა მასზე დაყრდნობით “Bagism” შექმნეს – სატირა ყველა იმ „იზმზე“, რომელიც ადამიანებს ერთმანეთისგან აშორებს.

ტოკიოს გაკუშუინის უნივერსიტეტში ფილოსოფიის შესწავლის შემდეგ (სადაც ის პირველი ქალი სტუდენტი იყო), ონო 1956 წელს ნიუ-იორკში გადავიდა და ავანგარდული ხელოვნების სცენას შეუერთდა. მაშინდელ მეუღლესთან, ტოში იჩიანაგისთან ერთად, მან ჯონ ქეიჯს ძენისა და I-Ching-ის პრინციპები გააცნო. 27 წლის ასაკში ლა მონტე იანგთან ერთად ლეგენდარულ Chamber Street Loft Series უძღვებოდა. ის გახდა ხიდი ნიუ-იორკისა და ტოკიოს ავანგარდულ სცენებს შორის.

ყველაფერი შეიცვალა, როცა ონო ლენონს შეხვდა ლონდონის Indica Gallery-ში. მან ავანგარდი მიატოვა და საერთაშორისო მშვიდობის მოძრაობის ხმა გახდა. მიუხედავად ამ აქტივიზმის კეთილშობილებისა, მისმა ხელოვნებამ 70-იანი წლები უხმოდ გაატარა.

თუმცა მისი გვიანდელი ნამუშევრებიც პროტესტის გამოხატვის მცდელობაა. “Helmets / Pieces of Sky” (2001) – ჭერზე ჩამოკიდებული ჯარისკაცების ჩაფხუტები, ცის გამოსახულებიანი ფაზლის ნაწილებით – კურატორ ჯულიეტ ბინგემის თქმით, მომავალში სამყაროს ხელახლა აწყობის იდეას გვთავაზობს.

2019 წლის ინსტალაციაში “Add Colour (Refugee Boat)” თეთრ კედლებზე, იატაკსა და ნავზე ყველას შეეძლო წარწერისა და მოხატულობის განთავსება. ონომ ეს ნამუშევარი მას შემდეგ შექმნა, რაც საერთაშორისო მედიის რეპორტაჟებმა შეძრა ასობით ათასი ლტოლვილის შესახებ, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებდნენ ევროპაში ზღვით მოსახვედრად. ეს ინტერაქციული ნამუშევარი მაყურებელს მოუწოდებს დაფიქრდეს ლტოლვილთა კრიზისზე. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს პროგნოზით, 2024 წელს მსოფლიოში იძულებით გადაადგილებული და მოქალაქეობის არმქონე ადამიანების რაოდენობა 130 მილიონს გადააჭარბებს.

წყარო: news.artnet

რა ხდება ჩრდილოეთ პოლუსზე, როცა სანტას ირმები საჩუქრებს არ არიგებენ? — Norwegian Postal Service-ის საახალწლო კამპანია

რა საკითხებზე უნდა იმუშაონ კომპანიებმა უსაფრთხოების გუნდებთან ერთად