უძრავი ქონების ქართული ბაზარი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ელვის სისწრაფით ვითარდება. თუმცა, დეველოპერული პროექტების სიჭარბის მიუხედავად, თბილისში არც ისე ადვილია ისეთი საცხოვრებლის პოვნა, რომელიც ადგილმდებარეობითაც მოსახერხებელია, განლაგებითაც, დაცულიცაა და ხელმისაწვდომიც, აქვს საკუთარი პარკირება, უსაფრთხოების სისტემა… თუმცა, ეს სრული ჩამონათვალი ნამდვილად არ არის, არანაკლებ აქტუალურია ქალაქის ხმაური, დაბინძურებული ჰაერი და დაუსრულებელი საცობები. ქალაქში შექმნილმა გარემოებამ დეველოპერული კომპანიები დააყენა გამოწვევის წინაშე – რა სჭირდებოდათ საცხოვრებლის მაძიებლებს? როგორ განევითარებინათ ქალაქის განაშენიანება ისე, რომ შეექმნათ ხარისხი და შეენარჩუნებინათ კონკურენტუნარიანობა? საერთაშორისო კომპანიამ York Towers მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობად გარეუბნებისა და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიების განაშენიანება დაინახა. პროექტები, მაგალითად დიდი დიღმის საცხოვრებელი კომპლექსი, ორთაჭალის პროექტი, ისეთ ტერიტორიებზე განათავსა, სადაც შეძლებდა მობინადრეებისთვის, ბინის გარდა, კომფორტული ინფრასტრუქტურითაც უზრუნველყოფდა. York Towers გეგმავს სრულიად შეცვალოს დედაქალაქის მცხოვრებთა ცხოვრების სტილი და მათ ქალაქთან ახლოს, სააგარაკე სახლში ცხოვრებისთვის შეუქმნას პირობები. ამისათვის, კომპანიამ წარადგინა მრავალმილიონიანი პროექტი, რომელიც ტაბახმელაში, 60,000კვ.მ ტერიტორიაზე პატარა მწვანე დასახლების York Town-ის გაშენებას გეგმავს. კომპანია უკვე რამდენიმე წელია ოპერირებს ევროპისა და შუა აზიის ბაზარზე. საქართველოში კი, 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პროექტებსა და გეგმებზე გენერალური დირექტორი ამრ ელაბვაზს ვესაუბრეთ.
M: რამდენად მიმზიდველია უძრავი ქონების ქართული ბაზარი უცხოელი ინვესტორისთვის?
შემიძლია თამამად ვთქვა, რომ შესანიშნავია. ბაზარი ვითარდება, ბევრი მიმართულება ჯერ კიდევ ასათვისებელია. ადვილია სამეწარმეო საქმიანობის დაწყება, სულ რაღაც, ნახევარ საათში არის შესაძლებელი ბიზნესის რეგისტრაცია, ამდენსავე დროში შეგიძლიათ დაიწყოთ ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა… ყველაფერი მარტივია და არ არის შეზღუდული შემოსავლის ზედა ზღვარი. მოქნილია საგადასახადო სისტემა და პროცესები მარტივად მიმდინარეობს. უცხოელი ინვესტორები სწორედ ასეთ მოქნილ გარემოს ეძებენ თავიანთი ბიზნესებისთვის. საქართველო არის საკმაოდ დაცული და უსაფრთხო ქვეყანა. უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში ნამდვილად მიმზიდველია. საქართველოს აქვს ბრწყინვალე შესაძლებლობები ყველა მიმართულებით: უძრავი ქონება, მშენებლობა, ტურიზმი, სამეციდინო თუ ინდუსტრიული მიმართულება… საქართველო ღიაა უამრავი ტიპის ბიზნესისთვის. ესაა შესანიშნავი ქვეყანა ბიზნესისთვის.
M: მოგეხსენებათ, ადგილობრივ ბაზარზე დეველოპერული კომპანიების სიჭარბე შეინიშნება. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?
კონკურენცია ნამდვილად არის. თუმცა, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ თბილისში ძნელია ისეთი პროექტის პოვნა, რომელიც საშუალო შემოსავლიანი სეგმენტისთვის საცხოვრებლად ყველა საჭირო და აუცილებელ ნიუანსს ითვალისწინებს: საბავშვო მოედანს, სტადიონს, სავარჯიშო დარბაზს… ხაზგასმით ვამბობ, ეს არ ეხება დაბალბიუჯეტიან ან მაღალბიუჯეტიან აპარტამენტებს, არამედ საშუალობიუჯეტიან პროექტებს, რომლებიც საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანებისთვისაა საინტერესო. ჩვენ არ ვმუშაობთ მხოლოდ კარგი ბინის მშენებლობაზე. ჩვენი დაპირება ისაა, რომ გარდა ჩინებულად ნაშენი სახლისა, ოჯახები უზრუნველვყოთ საბავშვო მოედნით, სტადიონით, ეზოთი, გადაჭრილია პარკინგის პრობლემაც და უსაფრთხოების ნორმებსაც ვაქცევთ ყურადღებას… და ყველაფერი ეს კვლავაც ბიუჯეტურ ფასად. თანაც, ჩვენ ამას არა ხარისხის, არამედ მარჟის ხარჯზე ვაკეთებთ.
M: ვის მოიაზრებთ თქვენს სამიზნე სეგმენტად?
ჩვენ ვმუშაობთ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ სეგმენტზე – ევროპასა და გალფის ქვეყნებზე. ვცდილობთ, მოვიზიდოთ უცხოელი ინვესტორები, რომ ქართულ უძრავ ქონებაში, სავაჭრო, სარესტორნო და სტუმარმასპინძლობის სფეროებში, იმპორტსა და ექსპორტში დააბანდონ ფული.
M: თქვენი თქმით, ცენტრალური უბნების ნაცვლად, ცდილობთ, მობინადრეები უფრო თავისუფალ მიმდებარე უბნებში დაასახლოთ. თქვენი პროექტების ამ პრინციპზე გვესაუბრეთ…
დიახ, ვცდილობთ ახალი უბნები გავაშენოთ და მჭიდროდ დასახლებული, საცობებით გადატვირთული ცენტრალური უბნების ნაცვლად, ადამიანებს თავისუფალი ტერიტორიები შევთავაზოთ. გვსურს, ბაზარს ახლებური დიზაინი და არქიტექტურული ხედვა შევთავაზოთ. ამაში კი ზურგს გვიმაგრებს ის გამოცდილება, რაც დავაგროვეთ დუბაიში, სტამბოლსა თუ ეგვიპტეში. ამ ყველაფერში დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენს ქართველ თანამშრომლებსა და მათ გონებრივ რესურსს. ვცდილობთ, მოქალაქეები გავარიდოთ ქალაქის ხმაურს და ცენტრთან ახლოს და ქალაქთან ახლოს მივცეთ დასახლების საშუალება, სადაც მეტი თავისუფლებაცაა, უფრო სუფთა ჰაერიც, საჭირო ობიექტებიცა და ინფრასტრუქტურაც. კარგად მოწყობილი კარგი პროექტები, მისაღებ ფასად – ჩვენ ამ პრინციპით ვმუშაობთ. თუნდაც, ტაბახმლას პროექტი ავიღოთ, ყველაფერი რომ მოწყობილი იყოს, მხოლოდ 10-15 წუთი დაგჭირდებათ ქალაქის ცენტრში მოსახვედრად.
M: მოდით, ტაბახმელას პროექტზე ვისაუბროთ…
ტაბახმელაში ჩვენ ვამზადებთ ძალიან მასშტაბურ პროექტს, რომელიც მოიცავს 60,000კვ.მ-ზე საცხოვრებელი სახლების, სკოლების, კლინიკებისა და სავაჭრო ცენტრის გაშენებას. ჩვენ არ ვქმნით სააგარაკე ტერიტორიას, ეს იქნება საცხოვრებელი ადგილი, თავისი სკოლებით, ბაღებით, მაღაზიებით, კლინიკებით, ყველაფრით, რაც ადამიანს შეიძლება დასჭირდეს საცხოვრებლად, რომ ყველაფრისთვის ქალაქის ცენტრში არ მოუწიოს ჩამოსვლა. გვინდა უზრუნველყოთ ყველანაირი საჭირო დეტალი, რათა შევქმნათ კომფორტული საცხოვრებელი მობინადრეებისთვის და მეორე მხრივ, განვმუხტოთ ქალაქი. ტაბახმელა არაჩვეულებრივი ადგილია. გარშემო აკრავს დიდი ტყე და თავად ჩვენს დასახლებაში, York Town-ში, დაგეგმილი გვაქვს დავრგოთ 6000 ხე და გავაშენოთ უზარმაზარი პარკი, რომელიც ყველასთვის იქნება ღია. ქალაქში მოსახვედრად ძალიან ცოტა დროა საჭირო და თან საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უზრუნველყოფილია.
M: რა როლი აქვს თქვენს საქმიანობაში ქართულ კულტურასა და არქიტექტურას?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია უცხოურია, ჩვენი გუნდის ღირებულ ნაწილს წარმოადგენენ ქართველები. არქიტექტორიც ქართველი გვყავას, მშენებელიც, ბუღალტერიც, იურისტიც… მასალებსაც აქვე ვიძენთ. ყველაფერი ქართული გუნდის დახმარებით კეთდება, მხოლოდ იდეები და ძირითადი კონცეფცია არის უცხოური.
რაც შეეხება არქიტექტურას, ვცდილობთ, ევროპული და ქართული სტილი შევუხამოთ ჩვენს პროექტებში. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს იტალიური და ქართული არქიტექტურის სინთეზი.
M: ხარისხზე ზემოთაც ვისაუბრეთ, თუმცა განვავრცოთ, როგორია თქვენი ხარისხის სტანდარტი?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თანამედროვე ბაზარზე ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ბიზნესმენი, უფრო მეტი მოგების მიზნით, ნაკლებ ხარისხიან მასალას ყიდულობს. მესმის, რომ აქ ცდუნება დიდია, თუმცა, თუ დავუკვირდებით, საბოლოო ჯამში, ხარისხიანი მასალის შეძენა ცოტათი მეტ ხარჯს, თუმცა, ადამიანების კმაყოფილებასა და ჩვენს სანდოობას უზრუნველყოფს, რაც ჩვენი რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. გვირჩევნია, მაგალითად $200-ით მეტი დავხარჯოთ კვადრატული მეტრის მშენებლობაში, ვიდრე შემდეგ საწვალებელი გავუხადოთ მობინადრეს. გულწრფელად გეტყვით, ძალიან ბევრი შეცდომის მომსწრე გავხდით ადგილობრივ ბაზარზე, ამიტომ მტკიცედ გადავწყვიტეთ, რასაც გავაკეთებდით, ყველაფერი კარგად ყოფილიყო ნაშენები და ამისთვის მაღალხარისხიანი მასალები გამოგვეყენებინა.
ამას გარდა, ჩვენთვის მობინადრესთან ურთიერთობა ბინის ყიდვით არ მთავრდება. ჩვენ ვართ სრულად პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ბინის შიგნითაა, მთელი წლის განმავლობაში.
M: რა დამატებით სერვისებს უზრუნველყოფთ მობინადრეებისთვის?
ბევრი მობინადრე საქართველოში მუდმივად არ ცხოვრობს. მათთვის ჩვენ უზრუნველვყოფთ დამატებით სერვისებს. ქვეყანა ტურისტულად ძალიან მიმზიდველია. ქვეყანას 8 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობს. ჩვენი აპარტამენტები კი, არ ჩამოუვარდება კარგ სასტუმროებს. ამიტომაც, ვაქირავებთ ბინას, მფლობელების ნაცვლად და ეს დამატებითი შემოსავალია მათთვის.
გარდა ამისა, ჩვენ გვყავს შვილობილი კომპანია, რომელიც ინტერიერის დიზაინზე, მოწყობასა და მენეჯმენტზე ზრუნავს. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ დამატებით სერვისებს.
M: რა მიღწევით ამაყობთ ყველაზე მეტად?
ერთმნიშვნელოვნად, ჩემი გუნდით. არაჩვეულებრივი ადამიანები არიან შეკრებილები. ყოველთვიურად სულ უფრო მაღლა მივიწევთ და ეს ჩვენი გუნდის დამსახურებაა. უზარმაზარ ძალისხმევას დებენ, რომ ბრწყინვალე შედეგები დადონ. ამიტომაც ვცდილობთ, შევუქმნათ კომფორტული გარემო, სადაც მოსვლა მათთვის სასიამოვნო და სასურველი იქნება, რომ თავი იგრძნონ სახლში.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი
[R]