24
Dec
2019

თუ თავს არასაკმარისად გრძნობ!

24 Dec 2019

პერიოდულად გაქვს ხოლმე ეჭვი: „საკმარისი ვარ?“ – გონებაში რომ ამ კითხვას აიკვიატებ და  საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებ?

pasha-statiebi
pasha-statiebi

„ამაზე ძალიან მარტივი პასუხია კი“, – ამბობს ტიმ დენინგი, medium-ის ბლოგერი და იმასაც ამატებს, რომ შენ საკმარისი ყოველთვის იყავი და ხარ. ამისთვის ისიც კმარა, რომ ცოცხალი ხარ და სუნთქავ. უბრალოდ, შესაძლოა, ხანდახან დაგავიწყდეს, რომ ყოველთვის საკმარისი იყავი და ამან დროებით შენი უფრო საინტერესოდ ცხოვრების შესაძლებლობა შეაფერხოს.

წუხილი შესაძლებლობებზე
ცხოვრებაში ყველას აქვს ეტაპი, როცა საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეაქვს. ეს კიდევ უფრო გამძაფრებულადაა ხოლმე, როცა ადამიანი ახალი სამსახურის დაწყებას გეგმავს: „იმის გაკეთება მაინც შემიძლია, რისთვისაც აქ დამიქირავეს?“ შემდეგ სახლში მიდის და ფიქრობს: „ვინ ჯანდაბა ვარ, რომ ჩემი აზრები სოციალურ ქსელში გავაზიარო და ის მსოფლიომ ნახოს?“

ასეთი დამოკიდებულებების გაჩენის შემთხვევაში, საკუთარი თავის გარდა, ვერაფერი გიშველის. ნებისმიერის უკუკავშირი მისი აზრია და ეს არაფერს ამტკიცებს. მხოლოდ შენ გაქვს უნარი, საკუთარი თავი იმდენად საფუძვლიანად შეისწავლო, რომ ასეთ კითხვებზე თავადვე გასცე სწორი პასუხი და ისე გააგრძელო აღმოჩენებით სავსე ცხოვრება.

პოპულარობის ჩავარდნები
არის ხოლმე პერიოდები, როცა შენთან ძალიან ბევრს სურს მეგობრობა. თუმცა, ისეც ხდება ხოლმე, რომ რაღაცის გაზიარება გინდა და უბრალოდ, შენ გარშემო ვერავის აღმოაჩენ შენს მოსმენას რომ შეძლებს. ერთი წუთით შეგიძლია, პროდუქტიული სამყაროს არომატი დაგკრავდეს, მეორე წუთში კი, ეს ყველაფერი გაქრეს.

მთავარი იმის გაცნობიერებაა, რომ პოპულარობა არ უნდა იყოს მიზანი. რომ მუდმივად ამ პოზიციაში არავინ რჩება. და ამ ფაზიდან გამოსვლა ტრაგედია არაა.

რთული პერიოდები
რთული პერიოდი სხვადასხვანაირად ითარგმნება და ეს შეიძლება იყოს ურთიერთობების დამთავრება, ფულის დაკარგვა, განშორება, არაკეთილმოსურნე ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, აუსრულებელი მიზნების აღმოჩენა, სნეულებები და სხვა… ეს ყველაფერი ცხოვრების გარდაუვალი შემადგენელი ნაწილია და სრულიად არ ნიშნავს შენს არასაკმარისობას.

ცხოვრება რთული პერიოდების ერთობლიობაცაა და შენ ნამდვილად გაქვს ყველა უნარი მათ გადასალახად.

უფულობა
უფულობას შეუძლია, გაგრძნობინოს, რომ არასაკმარისი ხარ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მის გემოს გაიგებ და მერე ისევ იქ აღმოჩნდები, საიდანაც დაიწყე.

ფულის გამომუშავება ნარკოტიკივითაა. რაც უფრო მეტს შოულობ, მით მეტის წყურვილი გაქვს  და მიზეზად იშველიებ იმას, რომ ბევრი ფულით უფრო მეტი სასარგებლო რამის გაკეთებას შეძლებ. ნუ, პრინციპში, ეს ასეცაა, თუმცა, სადღაც, გულის კუნჭულში დარწმუნებული უნდა იყო, რომ მიუხედავად იმისა, ბანკში შენი ანგარიში რამდენი ნულით ბოლოვდება, შენ მაინც საკმარისი ხარ.

უარი
ყველას მოსაწონი ვერ იქნები და არც ეს ნიშნავს, რომ არასაკმარისი ხარ. უარის თქმას თავისი წესები აქვს. იქნება ეს შენი პიროვნებიდან, თუ მისი აღქმებიდან გამომდინარე, ვინც უარს გეუბნება. შეეგუე, რომ ყველას ვერ ეყვარები და ყველა სწორად ვერ განსჯის შენს შესაძლებლობებს.

კითხვის ნიშნები ცხოვრებაში
როდის გიჩნდება არასაკმარისობის განცდა? – ალბათ, მაშინ, როცა იაზრებ, რომ ცხოვრებაში მკაფიო გეგმა არ გაქვს, საით მიდიხარ, ან გრძნობ, რომ იქ არ ხარ, სადაც უნდა იყო. შეკითხვები საკუთარ თავთან კარგია. უბრალოდ, ეჭვები უნდა გახდეს შენი არა დათრგუნვის, არამედ განვითარების წინაპირობა. უფრო მეტი აკეთო, უფრო მეტი ახალი და საინტერესი უნარები აღმოაჩინო და გამოიმუშაო საკუთარ თავში.

და როდის ვართ საკმარისები? – ეს არავინ იცის. უბრალოდ, უნდა დაიჯერო საკუთარი თავის, რომ შენ საკმარისი ხარ. შენ სრულფასოვანი ხარ. და თუკი ეს დაგავიწყდება, არც ესაა პრობლემა. დაენარცხები მიწაზე, იდაყვებს გადაიყვლეფ და ხელახლა დაიწყებ საკუთარ თავში საკმარისობის ძიებას.

ძალიან ხშირად, ალბათ, რთულ შეკითხვებზე პასუხებს ვერ იპოვი. ესეც არ ნიშნავს, რომ შენ არასაკმარისი ხარ. შენ შენს საუკეთესოს ეცადე და ეს ნამდვილად საკმარისი იქნება.

წყარო: Medium



განხილვა