in

თქვენი ცხოვრების ისტორია ნეტში !

რა შეიძლება დატოვოს ადამიანმა ანდერძად? სახლი, მანქანა, აგარაკი, წილი რომელიმე კომპანიაში, ან სულაც მთლიანად კომპანია, ძვირფასეულობა, ნივთები, უკანასკნელი სურვილები და საიდუმლო კოდები…ოღონდ სეიფის და ბრილიანტების საცავის კი არა, სოციალური ქსელების.

სოციალური ქსელების პაროლები თანამედროვე ანდერძების ნაწილია. ლონდონის უნივერსიტეტის კვლევით, ყოველი მეათე ადამიანი სიკვდილის წინ ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან ახლობლებს საკუთარ პაროლებს უტოვებს.

რას გაუგებ ადამიანებს, თანაც სიკვდილის წინ, მით უფრო, რომ ინტერნეტის ეპოქაში სიკვდილიც სხვანაირი გახდა.კვდები,მაგრამ ვირტუალურ სამყაროში არსებობას კვლავაც აგრძელებ..სოციალურ ქსელებში რჩება შენი პროფილები, ფოტოები, სტატუსები, კომენტარები, ტვიტები, შეტყობინებები, ლაიქები, ჩატების ისტორია…არადა, იქნებ გსურთ, რომ დაგივიწყონ? არც იოცნებოთ, აბსოლუტურად ყველა დეტალი, ერთი like-ც კი ვირტუალურ სამყაროში სამუდამოდ რჩება. შეიძლება წაშალოთ, დამალოთ, მაგრამ რომელიღაც სერვერზე ესინფორმაცია მაინც განაგრძობს არსებობას და არავინ იცის, როდის და სად იჩენს თავს.

Delete Internet History

24 წლის ავსტრალიელმა სტუდენტმა მარკ შრემსმა გადაწყვიტა, გაეგო რა ინფორმაციას ფლობდა მასზე Facebook-ი და ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელს, პროფილის მონაცემების ასლი ოფიციალურად მოსთხოვა. ადმინისტრაციისგან მან 1200 გვერდიანი ჩანაწერი მიიღო, რომლის დეტალურად შესწავლის შემდეგ შრემსმა აღმოაჩინა, რომ ამ ინფორმაციის ნაწილი ძალიან დიდი ხის წინ ჰქონდა წაშლილი, თუმცა Facebook ამ მონაცემებსაც საგულდაგულოდ ინახავდა. მოკლედ ამ ცნობისმოყვარეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველაფერი რაც ოდესმე გამოგიქვეყნებიათ შენახულია და არა მარტო შენახული, არამედ „დაინდექსებულიც“- ინდექსებისა და პირობითი ნიშნების ერთობლიობის მიხედვით სისტემატიზირებული, შემდეგ კი ერთმანეთთან და თქვენს პირად მონაცემებთან დაკავშირებული.

ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, იმ დროს ძალიან პოპულარული Myspace უკვე პოზიციებს თმობდა, პირველობას ნელ-ნელა Facebook იკავებდა, საქართველოში კი იმ დროს ისევ odnoklssniki ქუხდა. მაშინ მეგონა, რომ Facebook უბრალოდ კიდევ ერთი ახალი გართობა იყო, რომელმაც Myspace-ს ნოვაციების წყალობით აჯობა და დროსთან ერთად მისი პოპულარობის პიკიც გადაივლიდა. შიგადაშიგ სოციალური მედიის სპეციალისტები და სხვადასხვა სტატისტიკური კვლევის ავტორებიც წერდნენ – მარკ ცუკერბერგის ქმნილების მიმართ ინტერესი ნელდებაო, თუმცა facebook გადარჩა, პოპულარული გახდა და პოპულარობასთან ერთად მონოპოლისტადაც იქცა.

ყველაფერი კი 1995 წელს Classmates – ით დაიწყო. პირველი სოციალური ქსელის პროექტი წარმატებული გამოდგა და 2000-იანების დასაწყისში ბევრ ამგვარი რესურსის შექმნას მისცა ბიძგი. 2003-2004 წლებში myspace, facebook, LinkedIn გაჩნდა, პირველი მსოფლიო აღიარება კი წილად myspace-ს ხვდა. Web 2.0-ის განვითარებასთან ერთად კი სოციალურმა ქსელებმა პოპულარობის უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ბოლო რამდენიმე წელია მთელს მსოფლიოში სოც-ქსელების ბუმია. ბევრ ქვეყანაში ადგილობრივი ქსელები გაიცილებით უფრო პოპულარულია ვიდრე საერთაშორისო. რუსი ინტერნეტ-მომხმარებლები ოდნოკლასნიკებიდანВКонтакте-ზე გადაბარგდნენ. რომელიც როგორც დიზიანით, ისე ფუნქციებით Facebook-ის კლონს წარმოადგენს. ინტერნეტ-ცენზურის არსებობის გამო ჩინელებს არჩევანი ნაკლებად აქვთ და ადგილობრივ Baidu Space-სა და RenRen Network იყენებენ. საფრანგეთში, ბელგიასა და შვეიცარიაში საკმაოდ ცნობილია ფრანგული Skyrock, ლათინური ამერიკის ქვეყნებში კი – Hi5

ერთ დროს ძალიან პოპულარული Myspace ახლა ნაკლებად ახსოვთ, კვლავაც ცოცხალია LinkedIn, რომელიც პოტენციური პარტნიორების, კლიენტებისა და პროფესიული ურთიერთობების გაფართოებისთვისაა განკუთვნილი და საკუთარი ნიშა აქვს ნაპოვნი. გაცილებით პოპულარულია Twitter, რომლის ძირითადი იდეა 140 სიმბოლოიანი ტვიტებია. “ინტერნეტის სმს”- ყველაზე მოხერხებულად მედია იყენებს.

Social Media

2011 წელს სოციალურ ქსელებს google+ შეემატა. მიუხედავად იმისა, რომ google+ უკვე 67 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ეს უფრო შემთხვევით დარეგისტრირებული ადამიანები არიან, ვიდრე აქტიური მომხმარებლები. ჯერჯერობით მაინც ყველა Facebook-ზეა, ყველაფერი აქ ხდება, აქ დუღს ვირტუალური ცხოვრება და თუ Facebook-ზე არ ხარ, ესე იგი რაღაც თვალსაზრისით არც არსებობ. სულ უფრო მეტი ადამიანი თვლის ამ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებას აუცილებლობად: თუკი 2010 წლის ივლისში ფეისბუქის მომხმარებლების რაოდენობა 500 მილიონი იყო, 2011 წლის ივლისში ეს რიცხვი 750 მილიონს, დეკემბერში კი უკვე 800 მილიონს აჭარბებდა, 2012-ში კი სავარაუდოდ მილიარდსაც მიაღწევს.

მარკ ცუკერბერგის ინფორმაციული მონსტრი, რომელსაც სინამდვილეში ჩვენვე ვქმნით, გიგანტურ მასშტაბებს იღებს, ამავე დროს არავინ არაფერს გვაძალებს, ჩვენი სურვილით ვწერთ ყველაფერს: სად ვცხოვრობთ, სად ვმუშაობთ, ვინ არიან ჩვენი ოჯახის წევრები, რა მუსიკას ვუსმენთ, რას ვკითხულობთ, სად ვსადილობთ, რას მივითმევთ, რა და ვინ გვიყვარს, როგორია ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები. ვირტუალური სამყარო ძალიან მაცდურია: სოციალური ქსელები სულ უფრო გვითრევენ, განახლებებითა და დამატებითი ფუნქციებით გვაიძულებენ ჩვენი ცხოვრების უმცირესი დეტალიც კი სხვებს გავუზიაროთ,ყველაფერი, რაც შეიძლება დაგვჭირდეს ან მოგვინდეს აქ გვაქვს. Facebook-ის ბოლო განახლებები-თაიმლაინი და ტიკერი, ინტეგრაცია მუსიკისა და ფილმების პორტალებთან იმას ნიშნავს, რომ მარკ ცუკერბერგი ქმნის ინტერნეტ-სივრცეს ინტერნეტ-სივრცეში, ჩვენი ცხოვრების დეტალურ ვირტუალურ ისტორიას, რომელიც მუდამ ემახსოვრებათ.

რამდენიმე წლის წინ ინფორმაციული უსაფრთხოების კომპანია Sophos სპეციალისტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს: Facebook-ზე ვინმე 56 წლის დინეტ სტოუნილს სახელით პროფილი შექმნეს, სადაც საკმაოდ მწირი ინფორმაცია გამოაქვეყნეს. იქ ეწერა, რომ დინატი დაოჯახებულია და მის ერთ-ერთ ფოტოზე ორი ფისო ნებივრობდა. მერე ქსელის 200 მომხმარებელს მეგობრობის თხოვნა გაუგზავენეს. 41 მომხმარებელი დინეტს დაუმეგობრდა და ნება დართო ენახა მისი პროფილი, ელექტრონული ფოსტა, დაბადების თარიღი, სწავლისა და მუშაობის ადგილი, საცხოვრებელი მისამართიც კი,ათმა ადამიანმა კი მას თავადვე გაუგზავნა მეგობრობის თხოვნა.

„10 წლის წინ ამ ტიპის დეტალური ინფორმაციის მიღება კერძო დეტექტივის აყვანას და დიდ დროს მოითხოვდა. სამწუხაროდ, სოციალური ქსელების მომხმარებლები საკუთარი ცხოვრების ისტორიას თავადვე ლანგრით მიართმევენ ხოლმე სრულიად უცნობ ადამიანებს“,-აღნიშნავს Sophos-ის ერთ-ერთი ექსპერტი პოლ დაკლინი.

წარმოიდგინეთ, რა ხდება საქართველოში, სადაც პირადი და საჯარო სივრცის გამიჯვნა რეალურ ცხოვრებაშიც კი უჭირთ.

„სულ რომ არ ვისაუბროთ პირად უსაფრთხოებაზე, მემგონი იმაზე მაინც უნდა დავფიქრდეთ, რომ საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრ ინფორმაციას გავცემთ.მნიშვნელოვანსაც და უმნიშვნელოსაც. მე ხშირად ვფიქრობ ჩემს შვილზე, რომლის ფოტოებს და ვიდეობსაც Facebook-ზე ვტვირთავ. რომ დაიბადა, ნახევარ საათში შესაბამისი სტატუსი დავწერე სოციალურ ქსელში…რომ გაიზრდება, შეიძლება პროტესტი გაუჩნდეს იმის გამო, რომ ის Facebook-ზეა. ეს ხომ მისი სურვილით არ მომხდარა?“,-ამბობს სოციალური მედიის კონსულტანტი დოდკა ხარხელი.

მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმიანობის ძირითადი ნაწილი სოციალურ ქსელებთან მუშაობას გულისხმობს და თვლის, რომ მომავალი სოციალურ მედიაშია, როცა ვეკითხები გააკეთა თუ არა მარკ ცუკერბერგმა ყველაფერი მომხმარებლების პირადი მონაცემების დასაცავად მოულოდენლ პასუხს მცემს: “Facebook-ს უსაფრთხოების ვრცელი პარამეტრები აქვს. ხშირად ხუმრობენ, რომ ის უფრო დიდია, ვიდრე ამერიკის კონსტიტუცია. რაც უფრო იზრდებოდა ქსელი და ემატებოდა ახალი ფუნქციები, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა ადამიანის მიერ გაზიარებული ინფორმაციის შეზღუდვა თუნდაც ცალკეული ჯგუფებისთვის. ნელ-ნელა სოციალური ქსელი მივიდა იქამდე, რომ ჩამოაყალიბა ძალიან კარგად გაწერილი პარამეტრები, აბსოლუტურად ყველაფერი შეგიძლია აკონტროლო, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია: მომხმარებლებმა არ იციან, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. ეს პარამეტრები ისეა ჩახლართული და გართულებული, რომ ადამიანს ძალიან უჭირს მათში გარკვევა. სირთულის გამო უმეტესობა უბრალოდ უგულებელყოფს მათ. როცა კლასში 20 ბავშვი ზის და აქედან 18 მასწავლებლის ახსნილ გაკვეთილს ვერ იგებს, ვისი ბრალია? ალბათ მასწავლებლის ხომ?“

არაკომერციული ამერიკული ორგანიზაცია Electronic Frontier Foundation (EFF) ადამიანების ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ უფლებებს იცავს. ორგანიზაციის იურისტი კურტ ოპსალი ამბობს, რომ მომხმარებლების უმეტესობა არც კი ეჭვობს, სინამდვილეში რა ხდება: „ჩემი ქალიშვილი, რომელიც 18 წლისაა, კონტროლის მხოლოდ იმ მექანიზმებს ფლობს, რომელის მას სჭირდება. მისთვის მთავარია მე და ჩემმა მეუღლემ არ წავიკითხოთ ის, რაც მან დაწერა, დანარჩენი კი არ აღელვებს. Facebook-მა აუცილებლად უნდა გაამარტივოს პირადი ინფრომაციის დაცვის პარამეტრები და მომხმარებლებმაც უნდა იცოდნენ, რა კონტექსტში ხდება მათი პირადი ინფორმაციის გამოყენება“,-აცხადებს ოპსალი.

გასულ წელს ამრიკელმა სენატორმა ელენ კორბეტმა კანონპროექტის „პრივატულობა სოციალურ ქსელებში” ინიცირება მოახდინა. „მომხმარებელი რეგისტრირდება და სანამ პირადი უსაფრთხოების პარამეტრებამდე მივა, პერსონალურ მონაცმეებს ყველას უზიარებს. ეს უნდა შეიცვალოს. მარტივად და გასაგებად დაწერილი პარამეტრები რეგისტრაციის ერთ-ერთი ეტაპი უნდა გახდეს და პირადი ინფორმაცია თავიდან ყველასთვის დაიხუროს“,-აცხადებდა კორბეტი. Facebook-მა, Google-მა და Twitter-მა ამ კანონპროექტს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს. „ყველაფერი ისედაც გასაგებად გვიწერია“,-ასეთი იყო მათი არგუმენტი.

არსებობის მანძილზე Facebook-მა პირადი ინფორმაცის კონტროლის პარამეტრები რამდენჯერმე შეცვალა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა: „მათ მეტი შეეძლოთ გაეკეთებინათ, ეს უფრო კოსმეტიკური შინაარსის ცვლილებებია. არსებობს სხვა საშალებებეიც და ერთ-ერთი მათგანი არჩევანის უფლებაა. კომპანიამ არ უნდა მოსთხოვოს მომხმარებელს, რომ ან მიიღოს ახალი თამაშის წესები, ან საერთოდ უარი თქვას Facebook-ზე“,-აცხადებს Sophos-ის მთავარი კონსულტანტი გრეჰემ კლული.

ცალკე საკითხია პარამეტრების სანდოობა. რამდენად ვართ დაზღვეულები იმისგან, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინი მწყობრიდან არ გამოვა და ჩვენი პირადი ინფორმაცია სააშკარაოზე არ გამოეფინება? ხომ შეიძლება სერვერს ან ადამიანებს შეცდომა მოუვიდეთ, Facebook-ის გამართული მუშაობა ხომ ურყევი კანონზომიერება არ არის.

ცოტა ხნის წინ დოდკამ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ინფორმაცია, რომელსაც ის გარკვეულ დახურულ ჯგუფებში პოსტავდა მინიმუმ ერთი ღამით ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. აი ასე: წერდა რაღაცეებს მხოლოდ 5 მეგობრისთვის და უცბად აღმოაჩინა, რომ ამ ყველაფერს მისი ასობით ფრენდი ხედავდა. მიზეზი სოციალური ქსელის შეცდომა გახდა. Facebook-მა ახალი სერვისი დაამატა და „ბაგი“ მოუვიდა. „ამ შემთხვევამ ძალიან კარგად დამანახა, რომ ჩემი უსაფრთხოება სინამდვილეში სულაც არაა გარანტირებული, რომ აბსოლუტური დაცვა არ არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ მე უსაფრთხოების ყველა წესს დეტალურად მივდევ, მაინც არ აღმოვჩნდი დაზღვეული პირადი ინფორმაციის უნებართვოდ გასაჯაროებისგან. ამან კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, რომ თუ ვებ-სივრცეში რაიმეს დებ, თუნდაც დახურულ ჯგუფში, მზად უნდა იყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს იგი შესაძლებელია მთელი ინტერნეტისთვის გახდეს ცნობილი“,- ამბობს დოდკა.

ასეთი „ბაგების“ შემდეგ სოციალური ქსელი ბოდიშს იხდის ხოლმე. ინოვაციები სოციალურ ქსელებში გარდაუვალია. სხვაგვარად იგივე Facebook ვერ გახდებოდა ის, რაც დღეს არის, ვერ გააერთიანებდა 800 მილიონ ადამიანს და ვერ გაუძლებდა კონკურენციას. მარკ ცუკერბერგს საკუთარი იდეა აქვს, კონცეფცია, რომლის მიხედვითაც არა მარტო ადამიანი, არამედ ყველა ადგილი და მოქმედებაც კი ინტერნეტში უნდა იყოს ჩართული, მაგრამ მე, როგორც ერთ-ერთ მომხმარებელს, რატომ არ მაქვს საკუთარი იდეებისა და არჩევანის უფლება? მჭირდება კი ეს ტიკერი ან რუკა Facebook-ზე? ამას არავინ მეკითხება და მეც ყოველი მსგავსი ახალი სერვისის მერე, რამდენიმე დღე ვწუწუნებ, თუმცა ბოლოს ინდიფერენტული ვხდები. სწორედ ასე მოხდა თაიმლაინის შემთხვევაშიც: სიახლე მომხმარებელთა უმრავლესობამ მაშინვე პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევად მიიღო და დიდი აჟიოტაჟიც ატეხა, მერეTwitter-ზეც დაიჩივლა, ზოგმა სათადარიგო პროფილი Google+-ზეც გახსნა, მაგრამ ბოლოს ყველა მიეჩვია, უფრო მეტიც მოეწონათ კიდეც. საბოლოოდ Facebook სამუდამოდ არავის მიუტოვებია. ყველანი შევეგუეთ ცვლილებებს და არა მხოლოდ იმიტომ რომ ინტერნეტ-მომხმარებლების ფსიქოლოგიაა ასეთი: Facebook მონოპოლისტია და დიდი არჩევანი არ გვაქვს. ან მისი თამაშის ყველა წესი უნდა მივიღო,ან არა და – წავიდე! წასვლა კი ასეთი მარტივია: როგორ უნდა იცხოვრო სოციალური ქსელების ეპოქაში ისე, რომ არ ამ ქსეელბში არ გაწევრიანდე? როგორ მოწყდე თანამედროვეობას, თუკი გინდა მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი იყო?

თაიმლაინთანის გამო ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ ბევრმა Google+ შეაფარა თავი. თუმცა გვაძლევს კი ვინმე იმის გარანტიას, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისიც არ შეიცვლება? განა თავიდან Facebook-იც ერთი უწყინარი არსება არ იყო? ვინ წარმოიდგენდა, რომ მარტივად, მხოლოდ ტიკერის საშუალებით გავაკონტროლებდით ასობით მეგობრის მოქმედებებს? გაიხსენეთ, რამდენჯერ დაუდანაშაულებიათ პირად ცხოვრებაში ჩარევის გამო Google-ც, რომელიც ამბობს, რომ სოციალურობა ანონიმურობაზე მნიშვნელოვანია, ბლოკავს ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც გამოგონილი სახელით რეგისტრირდება და Facebook -ის მსგავსად ხისტად აცხადებს: თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ! დაახლოებით 20 წლის წინ ესპანელი პლასიტიკური ქირურგის ჰუგო რუსოსის ერთ-ერთ პაციენტს მკერდის კორექციის ოპერაციის შემდგომი გართულებები დაეწყო. ნაციონალურ პრესაში ქირურგის შესახებ არაკორექტული პუბლიკაციები დაიბეჭდა. ექიმი მოგვიანებით უდანაშაულოდ სცნეს, თუმცა ეს მისთვის უკვე აღარაფერს ნიშნავდა: სტატია Google-ს საძებო მანქანამ დააინდექსირა და ახლა რამდენჯერაც ჩაწერთ საძიებო მოთხოვნის ველში ჰუგო რუსოს, იმდენჯერ ნახავთ ამ პუბლიკაციას. ექიმმა სცადა სტატია Google-დან გამქრალიყო, მის ამ მოთხოვნას მხარს ესპანეთის მარეგულირებელი ორგანოები და პირადი მონაცემების დაცვის სააგენტოც უჭერდნენ, რომლებმაც ინტერნეტ-გიგანტს არქივების გასუფთავების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა Google-მა განაცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანოები საკუთარ უფლებამოსილებას აჭარბებდნენ.

როცა Gmail-ით და Google -ის სხვა უფასო სერვისებით სარგებლობთ, გგონიათ, რომ ინტერნეტ-გიგანტი ამას თქვენი სიყვარულის გამო აკეთებს? მას უბრალოდ უნდა, რომ თქვენი ყველა წერილი დაინდექსირდეს და თქვენს ინტერესებს დაუკავშრდეს, რათა მერე ზუსტად თქვენზე მორგებული კონტექსტური რეკლამა მიიღოთ. ყველა ინტერნეტ-კომპანიას ერთადერთი ამოცანა აქვს-გაარკვიოს რა აინტერესებს მომხმარებელს ყველაზე მეტად, მუდმივად, განუწყვეტლივ დააკვირდეს და შეისწვლოს იგი, მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვაზე მეტად იმაზე უფრო ფიქრობენ, როგორ გაზარდონ მიღებული ინფორმაციის გამოყენების ეფექტურობა.

არც Facebook-ია ეჭვიანი მეუღლე და მკაცრი მამა და არც Google. მათ სულ არ აინტერესებს ვისთან ერთად მიდიხართ ფინჯან ყავაზე, მათ მხოლოდ იმის გაგება უნდათ სად მიდიხართ და რომელ ყავას სვამთ, იმიტომ რომ ხვალ თქვენი სახით რომელიმე ყავის ან კაფის მეპატრონეს, პოტენციური მომხმარებელი მიჰყიდონ. ვერაფერს იზამთ: სწორედ ამ პრინციპით შოულობენ ფულს ინტერნეტ-გიგანტები.

Facebook-ზე ხშირად წერთ, რომ პიცა გინდათ და თან უკვე მოასწარით იმის აღნიშვნა, რომ ვაკეში მუშაობთ? მაშინ მოემზადეთ: შესაბამის ველში ვაკეში მდებარე პიცერიების რეკლამა გამოგიჩნდებათ. მეგობარს Gmail-ით წერილს უგზავით და წერთ, რომ დიეტაზე ხართ? მაშინ Google-ის კონტექსტური რეკლამა ახალ ფიტნეს კლუბში სიარულს შემოგთავაზებთ. ჯერჯერობით ქართულ ენაზე ეს სისტემა ბოლომდე ეფექტურად არ მუშაობს, მაგრამ არც ისე შორსაა დრო, როცა რეკლამის დამკვეთებისთვის ქართველების ინტერესების შეთავაზებაც უფრო ოსტატურად მოხდება. ერთი შეხედვით ეს ცუდი არ არის, მაგრამ იცოდეთ, რომ გარკვეულ საფასურს ამ „სერვისში“ იხდით და ამ შემთხვევაში ეს პირადი ცხოვრებაა, რომელსაც არცრთი სოციალური ქსელი არ უფრთხილდება.

სტივ რაბამი საგამოძიებო სააგენტო Pallorium Inc.-ის დამფუძნებელია. იგი აქტირუად მონაწილოებს ორგანიზაცია HOPE (Hackers on Planet Earth)-ის საქმიანობაში და მათ კონფერენციებზე სისტემატურად გამოდის ანგარიშით “Privacy Is Dead – Get Over It“. ერთ-ერთ ასეთ გამოსვლაში რაბამი აცხადებდა: „თქვენ სარგებლობთ Gmail-ით იმიტომ რომ ის მარტივი, სწრაფი და იაფია? ის არ უჩვენებს თქვენს IP მისამართს მსოფლიოს, გაძლევთ მილიონობით გიგაბაიტს, გეუბნებათ, რომ არ წაშალოთ თქვენი წერილები და შეინახოთ ისინი..როგორ ფიქრობთ, სერგეი ბრინმა უცებ აღმოაჩინა, რომ მისი შორეული ნათესავი ხართ? უბრალოდ მას სურს, რომ თქვენი ყველა წერილი დაინდექსირდეს და სხვა წერილებს დაუკავშირდეს, რათა თქვენზე სრულ ინფორმაციას ფლობდეს. იცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც Twitter-ის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ? ისენი მარკეტოლოგები არიან. ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ისტორია Twitter მხოლოდ ტვიტებისგან შედგება. იქ არის თქვენი IP, ადგილმდებარეობა, რამდენად ხშირად შედიხართ მასზე და ა.შ. ვებ-სივრცეში არსებობს რესურსი 140proof.com, უკავშირდებით მათ და ეუბნებით, რომ გინდათ გაყიდოთ თქვენი პროდუქტი ადამიანებზე, რომლებსაც ჩინელი ბებიები ჰყავთ და რომელთა სახელიც სრულდება ო ასოზე. ისინი შეხედავენ მონაცემთა ბაზას და გეტყვიან, რომ ჰყავთ ასეთი 500 კანდიდატი, იმიტომ რომ Twitter-ის მთლიანი კონტენტი იციან. ასე რომ, გაითვალისწინეთ Twitter პრივატული არ არის. “,-ამბობს იგი.

თქვენს მიერ დატოვებული ციფრული ანაბეჭდების წყალობით ონლაინ-რეკლამას აღმავლობის ხანა აქვს, სოციალური ქსელების ეპოქაში იგი მეორედ დაიბადა. რეკლამის განმათავსებლები ეძებენ არა თავისუფალ ნიშას, არამედ კონკრეტულად იმ მომხმარებლებს, რომლებსაც სავარუადოდ ყველაზე მეტად მოეწონებათ ეს რეკლამა.

წარმოდგინეთ რომ თქვენი ყველა ქმედება-რას ეძებთ, რას წერთ, სად ხართ ფიქსირდება, პირობით ვირტუალურ საქაღალდეში ერთიანდება. ამ ვირტუალური საქაღალდის გაანალიზებით მარტივადაა შესაძლებელი ადამიანის მომავალი ქმედებების და სურივლების განსაზღვრა, ამიტომ რეკლამის დამკვეთები უკვე ყიდულობენ არა სარეკლამო ადგილს, არამედ კონკრეტულ ადამიანებს. რეკლამის სფეროს წარმომადგენლები არც მალავენ, რომ სოციალური ქსელები მათ უსაზღვრო შესაძლებლობებს ანიჭებენ, რომ მათ იმდენი ინფორმაცია დააგროვეს ადამიანებზე, რომელზეც ტოტალიტარული რეჟიმები ვერც იოცნებებდნენ და მოსწონთ, რომ ყველაფერი იდეალურადაა: რეკლამის დამკვეთები ონლაინ თვალთვალის წყალობით ზუსტ პოზიციონირებას ახდენენ და ეფექტურობაც მეტი აქვთ, ვებ-რესურსების მფლობელები კი სარეკლამო ფასებს ზრდიან. 2010 წელს facebook-მა თავადვე აღიარა, რომ მისი ქსელიდან პერსონალურმა მონაცემებმა გაჟონა და 20-ზე მეტი კომპანია სპეციალური დამატებების დახმარებით მომხმარებლების პირად ინფორმაციას მათი გაფრთხილების გარეშე იღებდა. 2011-ში უფრო სკანდალური განცხადება Symantec-მა გააკეთა: ჩვენი პერსონალური მონაცემები დაახლოებით100 ათასი პოპულარული თამაშისა და აპლიკაციისთვის იყო ხელმისაწვდომი. ისინი კი ამ მონაცემებს სარეკლამო კომპანიებზე ყიდდნენ.

გასულ წელს Wall Street Journal-ის ჟურნალისტებმა ამერიკის 50 ყველაზე პოპულარული საიტის ტრეკინგის ინტენსივობა შეაფასეს. აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი საშუალოდ სატესტო კომპიუტერში 64 მოთვალთვალე ფაილს ტოვებდა, რისთვისაც 100-მდე ინსტრუმენტს იყენებდა.ერთადერთი გამონაკლისი საიტებიდან ვიკიპედია იყო, ყველაზე მეტი კი Google-სა და Microsoft-ს ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, კომპიუტერში 3180 ჯაშუში ფაილი აღმოჩნდა. ზოგიერთი მათგანი მომენტალურად იწერდა ყველაფერს, რასაც ადამიანები ონლაინ კრეფდნენ, შემდეგ კი უკვე შესაბამის სერვერზე ანალიზისთვის და ამ პირის სოციალურ კავშირებთან მიბმისთვის აგზავნიდა. გაგზავნილი ინფორმაციის მიხედვით კი მარტივად შეიძლებოდა მომხმარებლის ასაკის, სქესის, რასის, საფოსტო ინდექსის, შემოსავლის, ოჯახური მდგომარეობის, ონლაინ-შენაძენების, საყვარელი ტელეგადაცემებისა და ფილმების დადგენა. ინტერნეტ და სარეკლამო კომპანიები ამბობენ, რომ ამ ინფორმაციის გამოყენება მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ მომხმარებლებმა მათთვის განკუთვნილი რეკლამა მიიღონ, თუმცა ეს თეორიულად, პრაქტიკაში კი არ არსებობს იმის გარანტია, რომ ამ ინფორმაციის გამოყენება მომხმარებლების საზიანოდ არ მოხდება, ან სულაც ჰაკერების წყალობით ინტერნეტში არ განთავსდება.

FB is watching you

ჰო მართლა..Facebook მაშინაც გითვალთვალებთ, როცა ქსელში არ ხართ. სოციალური ქსელი მოხმარებლების ინტენრეტ-აქტიურობას მაშინაც აკვირდება, როცა ისინი ქსელიდან გადიან. Facebook სოციალური ქსელის მიერ მომხმარებლების კომპიუტერებზე მათი იდენტიფიკაციისა და დამატებებთან მუშაობისთვის Cookie ფაილებს აგზავნის და როცა „ლოგაუთს“ აჭერთ, სინამდვილეში ისევ ქსელში რჩებით-უბრალოდ ერთი Cookie ფაილი მეორით იცვლება, რაც ქსელიდან გამოსვლის იმიტაციას ქმნის. Facebook კი მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის შეგროვებას აგრძელებს: რა საიტებზე დადიხართ, რა სერვისებით სარგებლობთ, სად იმყოფებით ახლა და ა. შ. მოთვალთვალეა Like-ს ღილაკიც, რომელიც სხვადასხვა საიტებზეა განთავსებული და როდესაც ამ ღილაკს აჭერთ, Facebook ავტომატურად იღებს შეტყობინებას, მიუხედავად იმისა, გაააქტიურებთ თუ არა Like-ს. ამას გარდა, Cookie ფაილებს ააქტიურებს ყველა ის ვებ-გვერდი, რომელზეც Facebook Connect-ია ინტეგრირებული, ინფორმაცია ასევე მომხმარებლის ნებართვის გარეშე გროვდება და სოციალურ ქსელს გადაეცემა. ასე რომ, Facebook პრაქტიკულად მთლიანად უთვალთალებს ვებ-სივრცეს: Facebook Connect ხომ ახლა ყველა „თავმოყვარე“ საიტს აქვს. უფრო მეტიც: თუნდაც ახლა დარეგისტრიდეთ Facebook-ზე,   თქვენს სუფთა „აქაუნთს“ თქვენი ისტორია- თუ რომელ საიტებზე შედიოდით მანამდე- მომენტალურად მიებმება და მისთვის უკვე ხელმისაწვდომი გახდება.

ადამიანის უფლებათა დამცველები, მარეგულირებელი ორგანოები, ექსპერტები დიდი ხანია ფიქრობენ, როგორ გამოგლიჯონ სოციალურ ქსელებს ეს ინფორმაცია, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული გამოსავალი არ არსებობს. თუ გინდა, რომ აბსოლუტურად დაცული იყო, უარი უნდა თქვა სოციალურ ქსელებზე, მეორე უკიდურესობაში გადავარდე და იზოლირებული აღმოჩნდე.

18 წლის ენჯი ვერონა ამბობს, რომ Facebook-ზე არასდროს დარეგისტრირდება. იგი დარწმუნებული არაა, რომ მისი პროფილი არ გატყდება ან პირადი ინფორმაცია სხვებისთვის ხელმისაწვოდმი არ გახდება. ენჯი ამ გადაწყვეტილებამდე საკმაოდ ცუდმა გამოცდილებამ მიიყვანა: 4 წლის წინ მას ფოტოჰოსტინგ Photobucket-ზე პროფილი გაუტეხეს და ყველა ის ზედმეტად გულახდილი ფოტო, რომელიც შეყვარებულისთვის გადაიღო, ინტერნეტში განათავსეს. სურათები ვირუსულად გავრცელდა. მხოლოდ Google-ში 65 000 -მდე ფოტოა, Facebook-სა და Twitter-ზე კი ენჯის უამრავი ყალბი პროფილია შექმნილი. გოგონა დეპრესიაში ჩავარდა, ნარკოტიკებს იღებდა და თვითმკვლელობაც სცადა. ინტერნეტ-რესურსებთან მისი ბრძოლა კი უშედეგოდ დამთავრდა. „არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ფოტოები, რომლებსაც შენთვის ინახავ, შესაძლოა მთელ ინტერნეტში გავრცელდეს“,-ამბობს ენჯი.

კომპანია Norton-მა შარშან სრულწლოვან ბრიტანელებს შორის თემაზე რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სოციალურმა ქსელებმა მათ რეპუტაციაზე სპეციალური კვლევა ჩაატარა. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ სურს წაშალოს ყველაფერი, რაც კი ოდესმე ინტერნეტში გმოუქვეყნებია მათ შორის ის ფოტოები და პირადი მონაცემები, რომლებიც ნამდვილად არ უნდათ, რომ დამსაქმებლებმა ნახონ. 35% კი დარწმუნეულია, რომ ვერასდროს იფიქრებს პოლიტიკურ კარიერაზე იმ კომპრომატის გამო, რომელიც მასზე ინტერნეტში არსებსობს. „ჩვენ ყველას გვინდა ახალი ტექნოლოგიებით სარგებლობა, მაგრამ მომხმარებლბმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რამდენად სახიფათოა, როგორც პირადი, ისე პროფსიული თვალსაზრისით ონლაინ პერსონალური ინფორმაციის ზედმეტად ღიად გაზიარება, დაფიქრდით სანამ რამეს გამოქვეყნებთ“-ასეთ რჩევას იძლევა Norton-ის ექსპერტი შერლი ზაიტცი.

ჰო, მართლა, წაგიკითხავთ შეთანხმება Facebook-თან, რომელსაც დარეგისტრირებისას დაეთანხმეთ? გადახედეთ..ევროპასა და ამერიკაში ინტერნეტ-მომხმარებლების ნაწილი უკვე აცნობიერებს, რომ ქცევის ნორმების გარკვეული ერთობლიობა ონლაინ სივრცეშიც უნდა დაიცვას, რომ მისი ყველა სიტყვა და ქმედება ისევე შეფასდება, როგორც რეალურ ცხოვრებაში, რომ არ უნდა უზიარებდე ყველაფერს იმ ათასობით „ფრენდს“, რომელთაგან შესაძლოა ნახევარზე მეტს არც იცნობ და თუკი გინდათ, რომ ვერავინ წაიკითხოს და ნახოს თქვენი ქმედება ინტერნეტში, საერთოდ ნუ გამოქვეყნებთ მას.

ახალ სოციალურ გარემოში სხვაგვარად აზროვნება და ფიქრია საჭირო: რაც წვეულებაზე ხდებოდა, დიდი ალბათობით სოციალურ ქსელებში მოხვდება, კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ ინტერნეტში რამეს გამოვაქვეყნებთ, რადგანაც ჩვენი „ვირტუალური ცოდვები“ წინ დაგვხვდება და ჩვენც წინასწარ უნდა შევეგუოთ ამ აზრს. სოციალური ქსელები დროსთან ერთად კიდევ უფრო ღრმად შემოიჭრებიან ჩვენს ცხოვრებაში და არ გაჩერდებიან, სანამ ყველა დეტალს არ გაამჟღავნებენ.

Cisco-ს ბიზნეს ანალიტიკოსი სუშანტა საჰანი მომავალს პირობითად სოციალურ ქსელ 2.0-ს უწოდებს და ამბობს, რომ პერსპექტივაში ადამიანებს მოქმედების უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ. თუკი თქვენმა მეგობარმა Facebook-ზე ან Google+-ზე რომელიმე კურორტზე გადაღებული ფოტო განათავსა, თქვენ კურსორის ფოტოზე მიტანით ამ კურორტზე არსებული სასტუმროების ფასს შეიტყობთ. მერე სოციალური ქსელი ალტერნატიულ დასვენებასაც შემოგთავაზებთ და ავიაბილეთისა და სასტუმროს დაჯავშნაშიც დაგეხმარებათ. იგივე პრინცპი იმუშავებს სხვა პროდუქტების შეძენისასაც: თუ Twitter-ზე თქვენი ყურადღება ახალი ტელევიზორის შეძენის შესახებ შეტყობინებამ მიიპყრო, კურსორის ანალოგიური მიტანით მომენტალურად მიიღებთ ინფორმაციას მის ფასებზე, მაღაზიებზე, სადაც იყიდება, მომხმარებლების შეფასებებზე და ყიდვასაც შეძლებთ. მომხმარებლის სოციოგრამაზე დაყრდნობით სოციალური ქსელი მას მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას სწრაფად მოუძებნის, რეკომენდაციებს მისცემს და მომდევნო მოქმედებების განხოცილებაშიც დაეხმარება. ეს ყველაფერი კი ისევ და ისევ პირადი ცხოვრების ხარჯზე… სიახლეებს ვერსად გავექცევით, უკან გზა მოჭრილია, ამიტომ ფიქრები მოამზადეთ: მალე შეიძლება ისინიც საჯარო გახდეს…

 

 ნინო ნატროშვილი



5 სექტემბერს – რა აქვთ საერთო ზომბებს და მარტორქებს? ანუ როგორ ცვლის ანალიტიკა მარკეტერის როლს კომპანიაში.

ექსკლუზივი: ელიტ ელექტრონიქსის ახალი სასწავლო წლის სარეკლამო რგოლი