Fiat-ის საკმაოდ გაბედული და იუმორისტული სვლა სარეკლამო ინდუსტრიაში მთავარ სალაპარაკო თემად იქცა — Fiat USA-მ რეკლამაში Tesla-ს ფუტურისტულ Cybertruck-ს 2024 წლის Fiat 500e შეადარა. სათაურად კი You Say Tomato, We Say Pomodoro შემოგვთავაზა…
რეკლამა ორ ელექტრო მანქანას უპირისპირებს ერთმანეთს და მათ განსხვავებულ, დრამატულ მახასიათებლებს უსვამს ხაზს. ერთი თუ შოკისმომგვრელია, მეორე საყვარელია, ერთი თუ კუთხოვანი ფორმებითაა შთაგონებული, მეორე ანგელოზებით და ა. შ. თუმცა სიტყვებს ისე ათამაშებენ, რომ არც Tesla-ს აკნინებენ… მეტიც, ფიქრობენ, რომ ეს პირიქითაც შეიძლება იყოს.
ამ რეკლამამ Tesla-ს Cybertruck-ის წამყვანი ინჟინრის ვეს მორისის ყურადღებაც მიიპყრო და, როგორც ვიგებთ, მან ხუმრობით განაცხადა, რომ, შესაძლოა, ამ რეკლამამ უფრო მეტი გააკეთოს Cybertruck-ის პოპულარიზაციისთვის, ვიდრე Fiat 500e-სთვის…
უნდა ითქვას, რომ ბაზარზე, რომელიც სერიოზული ტექნოლოგიური პრეზენტაციებითაა გაჯერებული, Fiat-ის საყვარელი და მარტივი მიდგომა ელექტრო მანქანების შესახებ ახალ პერსპექტივას გვთავაზობს. მართალია, საუბრებმა წამოიწია იმ საკითხზე, რომ ეს Cybertruck-ის უფასო რეკლამა გამოვიდა, მაგრამ ასე მათი გზავნილიც მეტად მიმზიდველი გახდა. მიუხედავად ამისა, ბევრი ფიქრობს, რომ რეკლამა ტესლას შეთავაზებებს გახდის მეტად მომხიბვლელს… თუმცა, ალბათ, აქ არჩევანი მაინც ინდივიდის საჭიროებებამდე და გემოვნებამდე დადის.













